"მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვების შესრულება აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებზე ცეკვის ტოლფასია"- (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე);
"ერისიონი" ქართული საოცრებიდან – ქართულ სირცხვილამდე (ორგანიზაცია „პატრიოტების"განცხადება);
„ოკუპანტისთვის ცეკვის გამო „ერისიონს“ სირცხვილის დერეფანში გავატარებთ-(ორგანიზაცია „პატრიოტების“ წარმომადგენელი გიორგი მაზმანიანი);
„უცებ თერთმეტივე მოცეკვავე გაჩერდა, ერთმა უბიდან რაღაც ამოიღო - თეთრი ტილო. კრემლის დარბაზის სცენაზე მაღლა აწეულ ხელებს ეჭირათ ტრანსპარანტი: РОССИЯ, УЙДИ С НАШЕЙ ЗЕМЛИ! პუტინი აღარ იღიმებოდა, არა ოკუპაციას“ (კახა ბენდუქიძის ინტერპრეტაცია);
„ჩემთვის „ერისიონი“ აღარ არსებობს, ის უკვე კრემლის სიონია - (სოციალურ ქსელებში არსებული შეფასებები);
სწორედ ასე შეაფასეს „ერისიონის“ ვიზიტი მოსკოვში, კრემლის სასახლეში ნაციონალებმა და მათმა მომხრეებმა.
დღეს კი ირკვევა, რომ აგვისტოს ომიდან სულ რაღაც სამიოდე თვის თავზე კულტურის იმდროინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს- ავდეევს რევერანსებით მიმართავდა და ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების რუსეთში ჩასვლას სთავაზობდა. მართალია, ამ შეთავაზებას გაგრძელება იმ უბრალო მიზეზის გამო არ მოჰყოლია, რომ რუსეთმა არ დააკმაყოფილა იმხანად საქართველოში მცხოვრები საკუთარი მოქალაქის, გრიგოლ ვაშაძის თხოვნა, მაგრამ ეს წერილი საქართველოს კულტურის სამინისტროს არქივში საგულდაგულოდ ინახებოდა. ნაციონალებს, ალბათ, ეგონათ, ახალი ხელისუფლების რუსეთთან კავშირით აპელირება საუკეთესო კოზირი იქნებოდა დასავლეთის თვალში, თუმცა მოულოდნელად მათი მინისტრის წერილი განსაჯაროვდა.
ჟურნალისტებს წერილი ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა წარუდგინა. იგი აცხადებს, რომ ამით გამოაშკარავდა ის ფარისევლური სახე, რასაც ნაციონალები ატარებდნენ რუსეთთან მიმართებით. ცოტა ხნის წინ ერთი ამბავი ატყდა „ერისიონის“ კონცერტთან დაკავშირებით, ძველმა ხელისუფლებამ ლამის ღალატში დაადანაშაულა ანსამბლი და უამრავი შეკითხვა დასვა ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ამ დროს კი ომიდან სამი თვის თავზე გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ხელისუფლებას ეხვეწება კონცერტების ჩატარებას, მათ შორის - „ერისონის“ მონაწილეობით. გია ხუხაშვილის თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცების გვამები არ არის გაციებული და ასეთ დროს გრიგოლ ვაშაძე რუსებს მუხლებს უკოცნიდა- შენი მუხლების ჭირიმეო; ამდენად, ექსპერტი თვლის, რომ ეს არის ტონი მონური მორჩილების, ამაზრზენი რიტორიკის. თანაც, ამ წერილს ვაშაძე წერს კულტურის მინისტრის რანგში, ცოტა ხანში კი ის ხდება საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრ ა. ავდეევისადმი გაგზავნილ 2008 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ წერილში (ბრძანების ნომრით 09/01/3809) ვკითხულობთ:
პატივცემულო ალექსანდრე ალექსის ძევ!
„ნება მიბოძეთ, მადლიერება გამოვთქვა მოლოცვისა და თბილი სიტყვებისთვის. ვაღიარებ, ძალიან შეძრული ვიყავი.
მაქვს პატივი, მოგმართოთ იდეით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაინტერესება.
ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი, როგორც რუსეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრების უმთავრესი მოვალეობაა, ორ ხალხს შორის ტრადიციული და კულტურული კავშირების განვითარება და გამყარება. ეს მით უფრო სამართლიანი იქნება ახლა, როდესაც ქართულ-რუსული ურთიერთობები ტრაგიკულ პერიოდს განიცდის.
სამწუხაროდ, დღესდღეობით რუსულ-ქართული კულტურული კავშირები მინიმუმადეა დაყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები კულტურის ხიდების აღსადგენად რუსეთსა და საქართველოს შორის.
ჩვენი წინადადება ასეთია, რომ 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩავატაროთ საქართველოს შემოქმედებითი კოლექტივის რამდენიმე გასტროლი და, ასევე, სამხატვრო გამოფენები. უფრო კონკრეტულად, საუბარი შეიძლება იყოს საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ასევე, ერთ-ერთი ნაციონალური დრამატული თეატრის სპექტაკლებზე (სავარაუდოდ, რუსთაველის ან მარჯანიშვილის სახელობის), ასევე, ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ერთ-ერთ ანსამბლზე (რუსთავი ან ერისიონი); კლასიკური და ჯაზური მუსიკის კონცერტებზე, (ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რუს ჯაზმენთა შესაძლო მონაწილეობით); ასევე, ქართველ მხატვართა გამოფენაზე“.
მას შემდეგ, რაც ამ წერილმა დღის სინათლე იხილა, გრიგოლ ვაშაძე დაინტერესდა, „რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს წერილი ამხანაგ ხუხაშვილს?!“
ამასთან, გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ხელისუფლებასთან აღნიშნულ მიმოწერას ადასტურებს და ოფიციალური დოკუმენტის გასაჯაროების გამო საქმის გამოძიებასაც ითხოვს. ვაშაძის განმარტებით, ეს არ იყო ცალკეული წერილი, არამედ ეს იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც ურთიერთობების დალაგებისკენ იყო მიმართული, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა.
"ეს წერილი არის უზარმაზარი აისბერგის წვერო. ამას წინ უძღოდა ჩემთან გამოგზავნილი მესიჯები, თუმცა არც ეხლა და არც ოცი წლის შემდეგ მე არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას აღნიშნულ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო, რადგან ეს არის კონფიდენციალური. მე მაინტერესებს კულტურის სამინისტროს რომელმა კლინიკურმა იდიოტმა გადასცა ეს წერილი არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან მე ვიცი, რომ ამხანაგი ხუხაშვილი არცერთ უწყებაში არ მუშაობს. რა უფლებით გადასცეს მას სახელმწიფო მოხელის მიმოწერა?! ამიტომ ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თავის მხრივ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილიც ადასტურებს, რომ გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს სთავაზობდა, რუსეთში გამართულიყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების, ოპერისა და ბალეტის თეატრის, ასევე "ერისიონისა" და სხვა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და გამოფენები.
For.ge დაინტერესდა, გრიგოლ ვაშაძის წერილში მითითებულმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იცoდნენ თუ არა, რა სიურპრიზს უმზადებდა მათ გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე?
ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გენიალურ გამოთქმას იხსენებს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. მისი მოსაზრებით, წინა ხელისუფლებისთვის რუსეთთან ბრძოლას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
„ახლაც სამსახურში მაგიდაზე მიდევს ვაშაძის წერილი, რომლითაც 2008 წლის 27 ნოემბერს იგი ავდეევს მიმართავს. იქიდან რა პასუხი მიიღო, არ ვიცი, მაგრამ კარგ პასუხს რომ არ მიიღებდა, ნამდვილად ვიცი“, - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.
იმ პერიოდში რუსეთში წასასვლელად შემოთავაზება გქონდათ?
- სწორედ ამაშია საქმე, ბატონი გრიგოლი ჩვენ გვახსენებს, მათ შორის, „ერისიონიცო“, იქიდან დადებითი პასუხი რომ მოსულიყო, მაშინ ხომ მეტყოდნენ, მივაღწიეთ შედეგს და წაბრძანდითო. საინტერესოა, მაშინ ეს აღარ იქნებოდა ერის ღალატი, რადგან გრიგოლ ვაშაძემ თქვა ამის შესახებ? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს ასმაგი სტანდარტია, არ მესმის, რა არის ეს. ეს წერილი რეალურად არსებობს, ტიტულიანი და ოფიციალურია. მე მომიტანეს ეს წერილი და სხვებს არ ექნებათ? მივიდნენ, სადაც მუშაობდა ვაშაძე, საიდანაც გაგზავნა ეს წერილი და ნახონ. ეს წერილი გადამალული არ იქნება, ამდენი ხალხი საუბრობს ამის შესახებ, გია ხუხაშვილი არ არის ის კაცი, უაპელაციოდ ტყუილი ილაპარაკოს. თუ ასე არ არის, პირველ რიგში, მე გავუბრაზდები მას, მაგრამ ეს რეალობაა, ვაშაძის ტონიც და ყველაფერი.
თქვენ თავიდანვე გქონდათ ეს წერილი, თუ ახლა მოიპოვეთ, როცა ეს ამბები ატყდა?
- ყურმოკვრით ვიცოდი ამის შესახებ, მითხრეს ვიღაცებმა, უცნობმა პირმა დამირეკა, ვაშაძემ ასე მისწერაო, მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, დღეს კი ჩემს მაგიდაზე დევს ეს წერილი. „ერისიონის“ გარდა, ამ წერილში თეატრები და სხვა შემოქმედებითი კოლექტივებიცაა.
ეს წერილი ნოემბრით თარიღდება. ნოემბრის შემდეგაც თუ გქონიათ შეთავაზება ვაშაძის ან სხვათა მხრიდან, რომ მოსკოვში კონცერტი გაგემართათ?
- ერთ საინტერესო ამბავს მოგახსენებთ, 2008 წლის 21 მაისს, აგვისტოს ომამდე, ჩვენ ორი კონცერტი გვქონდა კრემლის საკონცერტო დარბაზში. იქვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომ იმავე 2008 წელს მოსკოვში ჩავსულიყავით ნოემბერში ან დეკემბერში. მხოლოდ არ იყო თარიღი ნაჩვენები, თუ რომელ რიცხვში გვეპატიჟებოდნენ. ამას დამატებით მოგახსენებთო. რაც დაგვემართა აგვისტოში, კარგად მოგეხსენებათ და რაღა წამიყვანდა მოსკოვში, რომ მოვეკალი ვინმეს ან ჩამოვეკიდე ხეზე, არ წავიდოდი მაშინ რუსეთში. ისიც არ მინდოდა, რომ რუსებს თავი მოეჭრათ ჩვენთვის და ეთქვათ, რომ ჩვენ არამდგრადი პარტნიორები ვიყავით. ეს იქნებოდა ყველასთვის საყურადებო, რომ ამ კოლექტივს არ ენდოთო. თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც არ წავიდოდით მოსკოვში, მაგრამ ხომ ხედავთ, ჩვენს უკან თურმე როგორი წერილები იგზავნებოდა?! ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ხვეწნა-მუდარით რა არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება არ გაეხმოვანებინათ და ჩვენი არამდგრადობა, არასანდოობა მსოფლიოში არ გაეტანათ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ რუსეთიდან ზარის რეკვა არ წყდებოდა, საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ჩამოდითო. მაგრამ აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული იყო და რომელი ქართველი ჩავიდოდა იქ? თუმცა გავიდა დრო, რაღაცები იცვლება, მაინც მეზობლები ვართ; ასეთია თუ ისეთი, რუსეთი ჩვენი მეზობელია. თანაც, ხალხი არ იწყებს ომს და ხალხთა ურთიერთობაა მთავარი.
როგორ გგონიათ, ეს წერილი რუსულმა მხარემ გადმოსცა ქართულ მხარეს თუ საქართველოს კულტურის სამინისტროდან გახმიანდა?
- ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, დუმან, როგორც ჭურები. ვნახოთ, რა იქნება, იმასაც გავიგებთ, თუ საიდან გავრცელდა ეს წერილი.
რუსეთში თქვენს ჩასვლას ასეთი აურზაური მოჰყვა, ამ ფონზე მორალური იყო ვაშაძის მოადგილის განცხადება, რომელსაც თურმე ავდეევის მისამართით ასეთი წერილი გაგზავნილი ჰქონია?
- მე ვიტყოდი, ეს სამარცხვინო იყო. ხუთი წელი გავიდა და ბოლოს და ბოლოს ითქვა, კულტურული ურთიერთობა დავამყაროთო. მაგრამ ასეთი რამ არ შეიძლებოდა 2008 წელს, ომიდან ერთი წელი მაინც უნდა დაეცადა ვაშაძეს. მე ვიცი, რომ მაგანაც თქვა რაღაცები ჩვენი მისამართით. მაპატიოს, პატივს ვცემდი ამ კაცს, მაგრამ ასე უსინდისოდ როგორ შეიძლება?! მით უმეტეს, ოჯახაშენებულო, ამისთანა წერილი როცა გაქვს დაწერილი და ხელმოწერილი და ამას მეუბნები ხუთი წლის შემდეგ?!
თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კულტურის მინისტრობის დროს რუსთაველის თეატრის პიარსამსახურში მუშაობდა, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსთაველის თეატრი ომსკის საერთაშორისო ფესტივალზე იყო მიწვეული. თუმცა 5 თუ 6 აგვისტოს უკვე ისროდნენ ცხინვალის რეგიონში, ამიტომ პირადად მან კატეგორიული წერილი დაწერა, რომ, არავითარ შემთხვევაში, რუსთაველის თეატრი არ ჩავიდოდა რუსეთში. ამჟამად ეს წერილი რუსთაველის თეატრის მუზეუმში ინახება.
უფრო მეტიც, ირინა ღოღობერიძე თვლის, რომ ეს აბსოლუტურად გამანადგურებელი წერილი იყო, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ არ გვაინტერესებდა იმ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობა.
„ახლა პირველად მესმის თქვენგან, რომ ჩვენს შესახებ თურმე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. სხვათა შორის, ოქტომბერში განსაზღვრული გვქონდა რობერტ სტურუას კვირეული და, უკრაინელების გარდა, არცერთი რუსი იმ კვირეულზე არ ჩამოსულა. თუ ამ წერილმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაშინ უნდა მიმართოთ ზაალ ჩიქობავას, რომელიც იმ პერიოდში იყო თეატრის მმართველი, შესაძლებელია, ის რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩვენს ზურგს უკან და თეატრალურმა დასმა არ იცოდა ამის შესახებ. ჩემამდე ამ ამბავს არ მოუღწევია, თუ რას აკეთებდა იმ პერიოდში კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე“.
ამასთან, ირინა ღოღობერიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს რომც მოეხერხებინა რუსულ მხარესთან შეთანხმება, ისინი მაინც არ წავიდოდნენ რუსეთში, რადგან მაშინ ახლად დამთავრებული იყო ომი და ასეთი შინაარსის წერილის გაგზავნა დასის გადაწყვეტილება იყო ამ ფესტივალზე.
„დარწმუნებული ვარ, რუსთაველის თეატრის დასი ყველაფერს გადაწყვეტდა იმ ტალღაზე და იმ განწყობაზე, რა განწყობაშიც იმ დროს იმყოფებოდა თეატრი. რაც შეეხება „ერისიონის“ ახლანდელ გამგზავრებას რუსეთში, მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტი მოგვივიდა „ერისიონთან“ მიმართებით. თუ ისეთი პოლიტიკაა, რომ ნორმალური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, ამ საქმეში ყოველთვის კულტურაა ავანგარდში. თუკი ფორსმაჟორული ვითარება არ არის, დანაშაულად არ ვთვლი ასეთ გასტროლებს“,-აღნიშნა ირინა ღოღობერიძემ.
ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა ის ფაქტი, რომ თურმე მათი კონცერტები იგეგმებოდა რუსეთში აგვისტოს ომიდან სულ რაღაც სამიოდე თვეში, ჩვენგან შეიტყო. არც გრიგოლ ვაშაძის აღნიშნული წერილის შესახებ სმენოდა რამე.
იგი ვერც იმას აკონკრეტებს, რას მოიმოქმედებდა იმ პერიოდში, თუკი მოხდებოდა შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.
„მაგას ნუ იტყვით, თუ რას გავაკეთებდით, ძნელია ტელეფონში სათქმელად. ჩვენ არ ვიცით, პოლიტიკური ვითარება როგორი იქნებოდა მთავრობებს შორის და როგორ მოილაპარაკებდნენ. მესმის, რომ აგვისტოს ომზეა საუბარი; რასაკვირველია, ალბათ, მოლაპარაკება ქვეყნებს შორის არ შედგებოდა, მაგრამ მე არ ვიცი, როგორი პოლიტიკა იქნებოდა ჩვენი მთავრობისა და მსოფლიოსი. ყოველ შემთხვევაში, ჩემგან არანაირი ინიციატივა არ იქნებოდა. მე ჩემს კითხვაზე გაგეცით პასუხი და „ერისიონის“ რუსეთში გამგზავრება ჩემი შესაფასებელი არ არის და ტელეფონით ვერ გიპასუხებთ“,-გვითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.
ჩვენ გრიგოლ ვაშაძესაც დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ყოფილი კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ტელევიზიებს უფრო მეტად წყალობს. ამიტომ მოკლედ მოგვიჭრა- „ხუთ არხზე იქნება ჩემი კომენტარი; პირველი არხიდან მეცხრემდე მოუსმინეთ ჩემს კომენტარს და უფლებას გაძლევთ, გადაიწეროთ“. როცა ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვიწერთ სხვის მასალებს და, უბრალოდ, გვაინტერესებს, ადასტურებს თუ არა, რომ ეს წერილი მისი ხელმოწერით მართლაც არსებობდა და რატომ დაწერა ეს წერილი, მან გია ხუხაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა: ეს იგივეა, რომ კომენტარი გამაკეთებინოთ ჩვენი სადგურის გარშემო დაყრილი ნაგვის შესახებ. დავიღალე უკვე, ვსიო, პაკა და ამ სიტყვებით გათიშა ტელეფონი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს არის საქციელწამხდარი, ისტერიული რეაქცია, რადგან გრიგოლ ვაშაძე ისევ რუსეთშია ჩარჩენილი. მით უფრო, რომ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ადრე და, ეტყობა, იქაური კოდექსი აქვს წაკითხული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი სამინისტროდან გამოითხოვოს ნებისმიერი წერილი. ამის პრობლემა არ არსებობს და ეს წერილიც კონფიდენციალური და გრიფით საიდუმლო მასალა არ ყოფილა. ამიტომ ექსპერტისთვის ძალიან სასაცილოა ვაშაძის ისტერიული რეაქცია.
„რატომ არის ეს ადამიანი ცრუპენტელა და ყოვლად მიუღებელი და აუტანელი ადამიანი? იმ პერიოდში ის კულტურის მინისტრად ახალი დანიშნული იყო, მანამდე კი საჯარო სამსახურში საერთოდ არ მუშაობდა, ამ დროს რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ვისთან აწარმოებდა? ის იყო თავისი ცოლის პროდიუსერი მანამდე, საერთოდ არ იყო სახელმწიფო სამსახურში. ამიტომ მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები სრული სისულელე და იდიოტიზმია. აგვისტოს ომის პერიოდში კი არა, დღესაც, ხუთი წლის შემდეგაც, ძალიან მტკივნეული მოშუშების პროცესი მიმდინარეობს და მაშინ, ომიდან მესამე თვეს, რა განწყობაზე ვიყავით, ყველას ხომ კარგად გვახსოვს?! ზუსტად ეს არის ცინიზმი, რომ „ერისიონის“ მიმართ ასეთი ამბავი ატეხეს. ყველაზე ხმამაღლა, იცით, ვინ ყვიროდა? სწორედ გრიგოლ ვაშაძის გუნდი, მისი მოადგილე, თანამოაზრე და იდეოლოგიური ძმა ნიკოლოზ ვაშაკიძე და სხვანი. ვაშაკიძე ამბობდა, რომ „ერისიონი“ დღეს ცეკვავს კომერციულ ტურს, არა დაფინანსებულს აქედან, როგორც ვაშაძე სთავაზობდა ამას რუსებს და, სხვათა შორის, რუსებმა უარი უთხრეს მაშინ ვაშაძეს“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამასთან, ექსპერტი წერილის ტექსტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც იმ პროვინციულ ტონს აგონებს, რაც ახასიათებდა მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის პროვინცია - საქართველოდან მიწერილ წერილებს მოსკოვსა და პეტერბურგში. "ია ტრონუტ" და ასეთ სიტყვებს იყენებს გრიგოლ ვაშაძე, რაც ამაზრზენია“.
მისივე თქმით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უნდა წაიკითხოს ამ „გაუნათლებელმა ადამიანმა“ და გაიგებს, რომ მსგავსი წერილები კულტურის სამინისტროს არქივში დევს.
გია ხუხაშვილმა არ იცის, მსგავსი დოკუმენტი ინახება თუ არა რუსეთის კულტურის სამინისტროს არქივში, მაგრამ აცხადებს, რომ ჟურნალისტებსაც შეუძლიათ, გამოითხოვონ ეს დოკუმენტი და საქართველოს კულტურის სამინისტროს უფლება არ აქვს, უარი განაცხადოს ამ წერილის მიწოდებაზე.
„უბრალოდ, სისულელეებს ახვავებს გრიგოლ ვაშაძე. ბოდიში და, ჯოხის ქვეშ რომ ჰყავდათ მთელი ქვეყანა გაგდებული, თავისივე დაწერილი კანონები მაინც წაიკითხონ“.