ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს და პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს, მოსახლეობა ცდილობს, დედაქალაქიდან დანიშნულ რეისებზე შეაღწიოს, - ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული. ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.
„ალბათ, ეს ერთ-ერთ ყველაზე სევდიანი სურათია, რომელიც მე ავღანეთში მინახავს. ხალხი სასოწარკვეთილი და მიტოვებულია. არა - დახმარების გამწევი სააგენტოები, არა - გაერო, არა - მთავრობა. არაფერია“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.