„ნაციონალურ მოძრაობაში“, დიდი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შესაძლოა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ნიკა მელიას და „ნაცმოძრაობის“ გაყრითაც კი დასრულდეს. მედიაში ჟონავს ინფორმაცია, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ მელიას მესამე პრეზიდენტი ფინანსურ პრობლემებსაც კი უქმნის. მელია ფაქტობრივად, პარტიაში რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ხოლო მას ამის საშუალებას ის დაჯგუფება არ აძლევს, რომელიც უშუალოდ სააკაშვილს ემორჩილება. მელიას აქვს ამბიცია, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეჟიმის ნაწილი არ იყო და ძველი ცოდვებისგან სუფთაა, ამიტომ თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მიეცეს.
ანალიტიკოსები ელიან, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული რყევები იქნება და არაა გამორიცხული, მელია ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედაც ვიხილოთ. მელიამ შესაძლოა, ოპოზიციური ალიანსი შექმნას, სადაც ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ერთად იქნება. თუმცა რა რეიტინგი ექნება პარტიის გარეშე მელიას, რთული სათქმელია, ვინაიდან ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მისი პოლიტიკური რესურსი გაფლანგა.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული შიდა დუღილი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ აფეთქდება.
„ნაციოანლურ მოძრაბაში“ რომ შიდა რყევებია დაწყებული, ეს გარე დამკვირვებლისთვისაც ადვილი შესამჩნევია. არაა გამორიცხული, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მელია ცალკე მოთამაშედ ვიხილოთ. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის შესაძლოა, ელენე ხოშტარიას პარტიაშიც გადავიდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მელიას დაფინანსების კუთხითაც კი პრობლემებს უქმნის. თუმცა რა სახის მოთამაშე იქნება მელია რთული სათქმელია, რადგან მისი რეიტინგი ძირითადად პარტიულია ან კიდევ - სააკაშვილის. მართალია, ენმ-ის ამომრჩევლის ნაწილში სააკაშვილის ჩამოუსვლელობამ ნიჰილიზმი გააჩინა, მაგრამ მას ე.წ. სექტანტური ტიპის ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც მისი ერთგულია. მელიას ვურჩევ თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, მისი ყოფილი წევრებისგან თავი შორს დაიჭიროს, რადგან მათთან ალიანსი არაფერში წაადგება.
მელიას წამოსვლით, რა თქმა უნდა, პარტიის ორად გახლეჩვის საფრთხე არსებობს და ამის კონტურებიც გამოჩნდა. ენმ-ის ამომრჩეველმა ამ არჩევნებზე 5 ციფრთან ერთად ხოშტარიას 32 ნომერიც უნდა შემოხაზოს. რატომ გამოდის პარტია ორი ნომრით, ჩემთვის გაუგებარია. არაა გამორიცხული, რომ მელია ამით ტრამპლინს ამზადებდეს და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხოშტარიას პარტიაშიც ვიხილოთ“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ ადგილობრივი არჩევნებისთვის არ ემზადება. მას ამ დრომდე მერობის კანდიდატები რეგიონში დასახელებული არ ჰყავდა. ასევე არ ვიცით მათი არც საარჩევნო პროგრამა და არც დაპირებები. ორი კვირის წინ რომ პრეზენტაცია გამართეს, მას შემდეგ სიჩუმეა და არსად ჩანან. ამიტომაც ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ როგორც ყოველთვის, ისინი ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. მათთვის მთავარი რიცხვი 2 ოქტომბერი კი არა, არამედ 3 ოქტომბერი იქნება, როცა ყვირილს ატეხენ, რომ არჩევნები „გაყალბდა“.
„ნაციოანლური მოძრაობა“ და ოპოზიცია ერთ წრეზე სიარულმა იმდენად დააზიანა, რომ ყველა კვლევების მიხედვით მათ პარტიას 1%-იანი ან 2%-იანი რეიტინგი აქვს. ამიტომ ოპოზიციას ვურჩევ, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ ნუ ჩაჰყვებიან და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 2024 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მოემზადონ, რადგან ენმ-ის ორბიტაზე ყოფნით ისინი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს, უბრალოდ, განაჩენს გამოუტანენ“, - ამბობს სალიქვაძე for.ge-სთან.
რატომ შეიძლება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გაჩენილიყო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური გაერთიანებები ვიხილოთ? -კითხვაზე ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გვპასუხობს, რომ ენმ გაჩენილი უთანხმოების რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველ რიგში მელიას აქვს ამბიცია, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისგან სუფთაა და ამიტომაც პარტიის ძველი სახეებისგან გათავისუფლება და ე.წ. რებრენდიგი უნდა. თუმცა ენმ-ში არსებობს დაჯგუფება, რომელიც სააკაშვილის გარდა არავის ემორჩილება და მელიას ერთ სიტყვასაც არ ისმენენ.
„ნიკა მელიასაც ხომ აქვს თავმოყვარეობა? კარგად ხედავს, რომ ამ პარტიაში მისი ყოფნა დღითიდღე მისი პოლიტიკური მომავლისთვის საფრთხის შემქმნელია. ენმ-ის ძველი სახეები, რომლებიც უშუალოდ სააკაშვილის გარდა არავის ემორჩილებიან, ადრე თუ გვიან, თავიდან მოიშორებენ. მელიას ფაქტობრივად არაფრის უფლება არ აქვს, თუკი ამას სააკაშვილი არ დაადასტურებს. ვითომ ე.წ. პარტიის რებრენდიგიც ჩავარდა. პარტიაში გავლენები ისევ ძველ ჯგუფს აქვს და მელია ხედავს, რომ ის რეალურად სააკაშვილის სათამაშოა, რომელსაც რასაც უნდა იმას ათქმევინებს და გააკეთებინებს.
მან კარგად იცის, რომ თბილისში ბრძოლა უკვე წაგებული აქვს, ამიტომაც საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად გაქცევაზე ფიქრი დაიწყო. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და ნიკა მელიამ ცალკე პოლიტიკური პლატფორმა შექმნან. თუმცა რა მომავალი ექნებათ, ვერ გეტყვით. თუ ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანად არ გაემიჯნებიან, საზოგადოება მათ დამოუკიდებელ მოთამაშებაად არ აღიქვამს. არ ვიცი, მელიას პოლიიტკური რესურსი რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თუ მან პარტია დატოვა, მისი ორად გაყოფა მოხდება და პარტია ახალგაზრდების ინტელექტუალურ რესურსს დაკარგავს. ადგილობრივი არჩევნები „ნაციონალებისთვის“ დიდი ცვლილებების პერიოდი იქნება და ოპოზიციურ ფლანგზეც საინტერესო გადაადგილება გველის“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.