„სულ რომ არაფერი გააკეთოს ხელისუფლებამ, ვირუსის რეპროდუქციის ციკლი ასეთია, რომ ყველა აღმავალ ტალღას მოსდევს დაღმავალი ტალღა“

„სულ რომ არაფერი გააკეთოს ხელისუფლებამ, ვირუსის რეპროდუქციის ციკლი ასეთია, რომ ყველა აღმავალ ტალღას მოსდევს დაღმავალი ტალღა“

„პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის შემუშავებული მოდელის მიხედვით, არსებობდა მსუბუქი, საშუალო და მძიმე სცენარი. მძიმე მოდელში, ანუ ცუდ სცენარში ეწერა 5000-მდე ინფიცირებული. იმ პერიოდში გახარია და სხვები გამოვიდნენ და სასაცილოდ არ ეყოთ, ეს ჩვენ არ გვემუქრებაო, მაქსიმუმ, ასი ადამიანი დაინფიცირდესო, ამ დროს ჩვენ მივიღეთ მძიმე სურათი. ამიტომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

ბოლო პერიოდში ერთმანეთს უდარებენ, კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვინ უფრო კარგი კრიზისმენეჯერი აღმოჩნდა-გიორგი გახარია, თუ ირაკლი ღარიბაშვილი. თქვენ რას ფიქრობთ?

- კოვიდთან ბრძოლაში გახარიაც ჩაფლავდა და ღარიბაშვილიც. რომელი უკეთესი კი არა, რომელი უარესი კოვიდმენეჯერია, ამაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი. კოვიდპანდემიის 17 თვის განმავლობაში ჯერ გახარია იყო, ახლა ღარიბაშვილია და რა პრობლემებზეც ვსაუბრობდით, რა გაუმართაობაც იყო 2020 წლის მარტის თვეში, იმავეზე ვსაუბრობთ ახლაც, 2021 წლის აგვისტოში. არაფერი არ გაკეთებულა, რის შესახებაც ვსაუბრობდით სპეციალისტები, თითქოს დეჟავუს განცდა გვაქვს - ახლაც ვიმეორებთ, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა აეწყოს 112, როგორ უნდა მოხდეს გადამისამართება, პროგრამული უზრუნველყოფა, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, ექიმების, ექთნების გადამზადება, მობილიზება. ამას ახლა დაემატა ვაქცინაცია. ყველა ეს მიმართულება მაშინაც იყო გამოწვევა და ახლაც.

ამბობენ, გახარია უფრო უსმენდა ეპიდემიოლოგებსო.

- არ ვიცი, ესეც ლეგენდები მგონია, ვის უსმენდა, ან არ უსმენდა. უბრალოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, რასაც ვაკვირდები, ჩემი განცდაა, რომ ხდება ერთმანეთზე გადაბრალება, საკუთარი ტყავის გადარჩენა. ახლა ამბობენ, ტიკარაძემ სხვა მინისტრზე რაღაც თქვა, არა ბატონებო, ვინმეს სჯერა, რომ ტიკარაძე გულწრფელად რაღაცაზე წუხს და რამის შეცვლა უნდა? 17 თვე იყო მხოლოდ კოვიდპანდემიის განმავლობაში მინისტრად, პოლიტიკურ პარტიებს რომ თავი დავანებოთ, ყველა ექსპერტმა, ვისაც კი მეტ-ნაკლებად სიტყვა გვეთქმის, იუსაიდის დახმარებით მულტიპროფილური ჯგუფის მიერ შექმნილი 7 სხვადასხვა გეგმა გავუგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ არც ერთი არ გამოიყენა. ახლანდელი მათი წუხილი არის ჩვეულებრივი ტირილი საკუთარ პოსტებზე და გადაბრალება, მე რაღაცის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მეორემ არ გააკეთა. მეორე მხრივ, „მუშკეტერები“ გამოდიან, ეს შარლატანი მუშკეტერები, ისინიც სხვას აბრალებენ ყველაფერს, ასე რომ, ჩავარდნილი საქმის გადაბრალება მიმდინარეობს.

სრული ან ნაწილობრივი „ლოკდაუნისკენ“ მივექანებით?

- არაფერი გამორიცხული არ არის, ასეთ ვითარებაში პროგნოზირება ძალიან რთულია. ვფიქრობ, ე.წ. სრულ „ლოკდაუნს“ არ და ვერ გამოაცხადებს ხელისუფლება, მით უმეტეს, არჩევნები მოდის. თუმცა არჩევნების შემდეგ უფრო რეალისტურად მიმაჩნია „ლოკდაუნი“. მანამდე არის ეს რეგულაციები, მაგრამ რეგულაციებს გავამკაცრებთ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, რა რეგულაციებიც უკვე არსებობს, ისიც არ სრულდება.

საწოლფონდებშია ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა?

- საწოლფონდები ყოველთვის პრობლემა იქნება, რადგან ეს არ არის ამოუწურავი რესურსი, მაგრამ საწოლფონდის გადაძაბვა რატომ ხდება? რადგან ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. ვაქცინა დროზე არ შემოიტანეს. როცა შემოიტანეს, ნაწილ-ნაწილ გამოიყენეს, კამპანია არ აწარმოეს. ვაქცინა რომ შემოგვეტანა და აქტიური პროცესი დაგვეწყო თუნდაც იანვარ-თებერვალში, დღეს უკვე მოსახლეობის 60% თუ არა, 40-50% აცრილი იქნებოდა. შესაბამისად, გარდაცვლილთა და დასნეულებულთა ასეთი ციფრები არ გვექნებოდა. არც საწოლფონდი იქნებოდა გადატვირთული, არც მაღალი სიკვდილიანობა გვექნებოდა. პარადოქსია, მთელ მსოფლიოში კორონათი გამოწვეული სიკვდილიანობა მცირდება, საქართველოში კი, პირიქით, მატულობს. ყველამ რაღაც მოახერხა, ზოგმა ვაქცინაცია, ზოგმა პროცესის მართვა ისწავლა, ამ დროს ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

უცხოელი მედიკოსები საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე პროგნოზს აკეთებენ. ერთ-ერთი პროგნოზით, კორონავირუსის გავრცელების ახლანდელი პიკი მალე დაიკლებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამ მოდელით, ანუ კორონავირუსის კლების მოლოდინით იმართება ჩვენი ქვეყანა და ელოდებიან, პიკი როდის დაიკლებს?

- საერთოდ, ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. გახსოვთ, ალბათ, შარშან მარტში არსებობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის შემუშავებული მოდელი, რაც ჩვენებმაც, მათ შორის, „კურაციოს ფონდმა“ გამოიყენა. მთლიანობაში, არსებობდა რამდენიმე მოდელი - მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მძიმე მოდელში, ანუ ცუდ სცენარში ეწერა 5000-მდე ინფიცირებული. იმ პერიოდში გახარია და სხვები გამოვიდნენ და სასაცილოდ არ ეყოთ, ეს ჩვენ არ გვემუქრებაო და ყველაფერი გათვალეს, ან უნდოდათ გაეთვალათ ძალიან მსუბუქ სცენარზე, მაქსიმუმ, ასი ადამიანი რომ დაინფიცირებულიყო. გავიდა რამდენიმე თვე და ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ მივიღეთ მძიმე სურათი. ახლაც ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება აღმავალ-დაღმავალ ტალღებს, სულ რომ არაფერი გააკეთოს ხელისუფლებამ, ვირუსის რეპროდუქციის ციკლია ასეთი, რომ ყველა აღმავალ ტალღას მოსდევს დაღმავალი ტალღა. თუ ეფექტური ხელისუფლებაა, ეს ტალღა და პიკი არ გრძელდება კვირეები და არ ადის 5000 ადამიანზე, რასაც ჩვენ სხვა ქვეყნებში ვხედავთ, მაგრამ, რადგანაც ჩვენ არ გვყავს ეფექტური ხელისუფლება, არ გვყავს ჯანდაცვის სამინისტრო, ეს ტალღა გახანგრძლივდება. რა თქმა უნდა, მერე დაიწევს, მაგრამ ამას მოჰყვება კიდევ სხვა ტალღა, სექტემბერ-ოქტომბერში.