„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მიზანი არის დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, რადგან იგი უკვე არავის არ აინტერესებს და მათ შორის, არც თავის პარტიაში. ალადაშვილის შეფასებით, ქვეყანა ოქტომბრის ქაოსისკენ მიექანება და სქემა იგივეა – „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს არჩევნების შედეგებს, დაიწყება ისევ ქუჩის პროცესები და კარვების გაშლა, რაც ხელს აძლევს ჩვენს მტერს – რუსეთს.
for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოსტი, რომელიც მის გვერდზე აღარ იძებნება, მას არ დაუწერია და აცხადებს, რომ სუს–მა მოახერხა მისი გვერდის გატეხვა. როგორ ფიქრობთ, ამ დონეზე დავიდა ქვეყნის უსაფრთხოება, რომ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტები წეროს და შალოს? სააკაშვილის ეს განცხადებები არ არის ქვეყნის წინააღმდეგ დივერსია? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილმა, რომელიც KGB–ს ჯარში მსახურბოდა, კარგად იცის ეს ტექნოლოგიები...
ბესიკ ალადაშვილი: სააკაშვილი მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, უშიშროებასთან ფორმალური შეხება ჰქონდა. მერე რა იყო და როგორ, არ ვიცი. სამხედრო კონტრდაზვერვა უკვე პერსპექტულ ჯარისკაცებს „ავერბოკებდა“. ეს ყოველთვის ხდებოდა, შეიძლება კავშირები იქიდან აქვს.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისი მიზანი არის დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში, ვინაიდან როგორც ხედავთ, იგი უკვე არავის არ აინტერესებს, არც თავის პარტიაში და იმედი მაქვს, რომ ნიკანორ მელია მიშას ჩამოაცილებს პარტიას. სააკაშვილის ყველა განცხადება არის მისი უმეცრების დადასტურება და ჩემი აზრით, მისი პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილის უმეტეს განცხადებებს.
მაგრამ ვერ ემიჯნებიან, თუ უფრო არ ემიჯნებიან?
– თუ პარტიის განახლება არ უნდათ, ასეთ შემთხვევაში მიყვებიან სააკაშვილს. ყველა ვხედავთ, რომ სოციოლოგიური კველევების დუელია. არ მინდა ამის სერიოზული შეფასება, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ობიექტური არც ერთი კვლევა არ არის.
ყველა კვლევა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დარჩეს პოლიტიკაში, მაგრამ სააკაშვილთან ერთად, თუ მის გარეშე, ამ კითხვას სოციოლოგია არ სვამს.
– ვხედვათ, რომ პარტია პოლიტიკურად კვდება. მისი მხარდამჭერების NDI–ის და IRI–ის მიერ ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა იყო 17%, დღეს გაცილებით ნაკლებია. რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ კვდება. როგორც ე.წ. „ევროპულ საქართველოს“ მოუვიდა, ნაცებსაც ასე მოუვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი რა არის გასაგებია – უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესში არ არის პარტიის განახლება. მეტიც, არ აღიარა არჩევნების შედეგები და გავიდა ქუჩაში, მაგრამ საზოგადოებამ ვერ გაიგო, რატომ იდგნენ ქუჩაში. შემდეგ დაბრუნდნენ პარლამენტში. ახალაც ზუსტად იგივი ნაბიჯებს დგამენ, სააკაშვილი გამოდის და ისევ ამბობს, რომ მოდის, ანუ, იგივე წრეზე ტრიალებენ.
– სააკაშვილის ბაქი–ბუქი ეს არის ისტორიული ფენომენი და ალბათ, სხვადასხვა პროფესიის ხალხი უნდა დაინტერესდნენ. შეიძლება თვითონ სჯერა თავისი ბაქი–ბუქების. ახლა აგვისტოა და ყველაზე საშინელი დღეები აგვისტოს ომს უკავშირდება. მე ვთხოვ თქვენს მკითხველს, რომ ჩახედონ დავითაიას კომისიაზე სააკაშვილის სიტყვებს, სადაც ის ამბობს – „58–ე არმია დავამარცხეთ, იქ ათასობით რუსული სამხედრო ტექნიკა გავანადგურეთ, ჩვენი სამხედრო ტექნიკა გადარჩენილია, ტყეშია და ჩვენ გავიმარჯვეთ“. ამას ამბობს 2008 წლის ნოემბრის ბოლოს - ის არ შეცვლილა. სააკაშვილის ფსიქოპოლიტიკური პორტრეტი რუსებს კარგად აქვთ შესწავლილი.
რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს, ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია. აწყობს იმ ჩარჩოებში, რაც არ სცილდება კონსტიტუციურ ფარგლებს. ანუ, გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ხანძარი, მკვლელობა და ა.შ. ყველა ოპოზიცია ამას იყენებს, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება. ეს არის ოპოზიციის ბრძოლა – იმის ჩვენება, რომ დღეს ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა, მე მოვალ და შევძლებ ქვეყნის მართვას.
ჩვენ რამდენჯერმე შევძელით, როდესაც მთელი ქვეყანა ერთიანი ვიყავით - „მრგვალი მაგიდა“ და ზვიად გამსახურდია; 1990 წლის არჩევნები და ერთიანობა, მაგრამ ერთ წელიწადში სამოქალაქო ომით დამთავრდა. შევარდნაძის პერიოდშიც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ქვეყანა უკვე აშკარად ევროპული გახდა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, შევარდნაძემ ბოლომდე ვერ გაბედა დემოკრატიული რეფორმების ჩატარება და მივიღეთ ე.წ. „ვარდების რევოლუცია“. 2004 წელს, მართლაც, საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სჯეროდა, რომ ეს ახალგაზრდა ხალხი, რომლებიც გამოუცდელი იყვნენ, მაგრამ პატრიოტები, შეცდომებზე ისწვალიანო, თუმცა მალევე ვნახეთ 2007 წელს რაც მოხდა - ქვეყანა ორად გაიხლიჩა და იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიკარგა ქვეყნის გაერთიანების ნიშანი. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს გამოიყენოს ხელისუფლების შეცდომა, მაგრამ თუ ის სცილდება კონსტიტუციური და დემოკრატიული მოთხოვნების ჩარჩოებს, იწყებს საბურავების დაწვას, როგორც ეს შევარდნაძის დროს კეთდებოდა იმ მოტივით, რომ არეულობა შემოეტანათ და რეჟიმი დაესუსტებინათ.
მოდით, პირდაპირ ვთქავთ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მოქმედება თუ სცილდება კანონის მოთხოვნებს, მაშინ აქ უკვე სახელმწიფო სტრუქურების ვალდებულებაა, რომ დაიცვან კანონი და ჩვენ მმართველ ძალას ესეც უნდა მოვთხოვოთ. ოპოზიციური პარტია თუ გადაკვეთს წითელ ხაზს, ეს ტერორისტული ორგანიზაცია შეიძლება გახდეს.
როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ გათამამებულია გამოძიების მიერ?
– ყველას სჭირდება გარეშე მტრის ხატი, რომელსაც შენ გამოიყენებ იგივე შენი ამომრჩევლისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ პიჯაკებზე აღუძრა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილს და მეტი დანაშაული ვითომ ვერ იპოვა. იგივე აგვისტოს იმის თემა ავიღოთ, გასაგებია და 4–5 წელი ყველამ იცოდა, რომ რუსეთი ამზადებდა ამ პროვოკაციას, მაგრამ ხაფანგში ასე პირდაპირ შესვლა და შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ეს უკვე არის სახელმწიფო დანაშაული. მაშინ მთავარსარდლიდან დაწყებული, სამხედრო და სამოქალაქოთი დამთავრებული, პასუხი უნდა ეგოთ, არა მოგონილი, არამედ რეალური დანაშაულის გამო, მაგრამ ეს ორი ფაქტორის გამო არ მოხდა. ერთი – დასავალეთის ფაქტორი ე.წ. კოჰაბიტაცია და მეორე – თვითონაც აწყობდათ, რომ ჰყოლოდათ ეს გამურული „მტერი“.
რადიკალურად განსხვავებულია კვლევის შედეგები, მაგრამ ყველა კვლევა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს ინარჩუნებს. ეს რაზე მიუთითებს?
– რეალური ლაკმუსი იქნება არჩევნები, რომელიც დაგვანახებს პოლიტიკური პარტიების ძალთა თანაფარდობას. დანარჩენი ყველაფერი კეთდება ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ ესა თუ ის ძალა ძლიერია. დაახლოებით 15–20% მყარი ელექტორატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, 10–12% „ნაციონალურ მოძრაობას“, წვრილ–წვრილი პარტიები ერთად შეიძლება 20%–მდე ადვიდნენ. ამომრჩევლის 50%–მა კონკრეტული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს არჩევნების წინა დღეს.
სამწუხაროდ, კვლავ ოქტომბრის ქაოსისკენ მივექანებით. კვლავ განმეორდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს არჩევნების შედეგებს, დაიწყება ისევ ქუჩის პროცესები და კარვების გაშლა, რაც უკვე სირცხვილია, რომელი საუკუნეა?! ყველა ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმა დავიწყებულია, გარდა ბანანის რესპუბლიკებისა. სამწუხაროდ, მივექანებით პოლიტიკური ქაოსისკენ.
ეს პოლიტიკური ქაოსი, დაძაბულობა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მუდმივად გვაქვს, აწყობს ჩვენს მტერს. მე არ მახსოვს საქართველოში ორივე პოლიტიკურ ძალას დაეთმოს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ - რატომ? –იმიტომ, რომ ჩვენი მტერი, მოწინააღმდეგე ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. იგივე შარლ მიშელის საოცარი, პერსონალური თავდადება, წინ და უკან იარა ამ კაცმა, რომ შეერიგებინა ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება. რომ არა მიშელი, დღესაც ის ქაოსი იქნებოდა.
!
ყოველდღე ცხვირში უნდა ვტენიდეთ მიშას ამ სიტყვებს მის შეურაცხად სექტას და მხარდამჭერებს!
ყ ო ვ ე ლ დ ღ ე ცხვირი უნდა ვარტყმევინოთ მათ მიერ მოპოვებულ "გამარჯვებაზე" ამ უნამუსო ხალხს, კიდევ სხვისკენ რომ იშვერს ხელს და აპროტესტებს - რატომ გიდგათ აქ რუსის ჯარი და ამდენი ხანი რა ვეღარ მოახერხეთ საქართველოს დეოკუპაციაო!..