ორი კვლევა და ორი რადიკალურად განსხვავებული შედეგი

ორი კვლევა და ორი რადიკალურად განსხვავებული შედეგი

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI–ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძეს 61.2% უჭერს მხარს, ასევე მის განვლილ 4-წლიან ნამოღვაწარს გამოკითხულთა 67% დადებითად აფასებს. ტრადიციულად, რადიკალურად განსხვავებულია NDI–ის გამოკითხვა. გამოკითხულთა მხოლოდ 39% აფასებს კალაძის საქმიანობას დადებითად, 29% საშუალოდ აფასებს, 25% ცუდად, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს. NDI–იმ კვლევა 13–25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მოსახლეობის მხოლოდ 30%–მა დაასახელა კონკრეტული პარტია. კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“? – გამოკითხულთა 51%-მა არც ერთი პარტია არ დაასახელა; 18% - „ქართული ოცნება“; „ნაციონალური მოძრაობა“ - 6%; ასევე, გამოკითხულთა 6%-მა სხვა პარტიები დაასახელა. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას 61%-ს შეადგენს. კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – 61%–დან, ვინც სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 7%, სხვა პარტიებს - 7%, 45% არც ერთ პარტიას არ ასახელებს, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

NDI–ის მიერ გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს. რაც შეეხება კითხვას, „როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას“?, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%.

NDI–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არ ენდობა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი კვლევა არის ის დამოკიდებულება, რასაც თბილისის მოსახლეობისგან იღებს.

„ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების დამოკიდებულება ჩემ მიმართ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მთავრობის მიმართ ნდობას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ძლიერი პრემიერი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გუნდთან ერთად ნამდვილად უზრუნველვყოფს, რომ ის რეფორმები, ის ხედვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გააჩნია, ბოლომდე იქნას მიყვანილი.

„ქართველი ხალხი არის ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს ხოლმე ისეთ არჩევანს, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში. ჩვენ ბევრი კვლევა გვინახავს, თუმცა საბოლოოდ ბოლო შვიდი არჩევნებია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს არჩევნებში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

ნამდვილად არ ვიცი, ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს, ფაქტია, რომ დაახლოებით თვენახევარი დარჩა არჩევნებამდე და ალბათ ფარ–ხმალი აქვთ დაყრილი და ამიტომ არ აქტიურობენ. ჩვენ საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში წარვადგენთ კანდიდატებს. არა მხოლოდ მერობის კანდიდატების, საკრებულოს წევრობის, მაჟორიტარობის და ჩვენ გავაგრძელებთ ასე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, NDI–ის, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული.

„ეს კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, რაც არის სამწუხარო რეალობა. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის დავარდნილი და აგრძელებს ვარდნას.

კოვიდთან დაკავშირებით ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ უდიდესი ნაწილი მოქალაქეების წესიერად ინფორმირებულიც კი არ არის ამ პრობლემის, ვაქცინაციის აუცილებლობის და დეტალების შესახებ, იმაზე, რომ უფასოა და ასე შემდეგ. მეათედი არის აცრილი, მიუხედავად იმ მოქალაქეებისა, ვინც მზად არის, რომ დღესვე აიცრას. ეს არის პოლიტიკურად დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ტიკარაძის, იმ სამეულისა და მთელი ამ კოჰორტის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.