„გვამების ირგვლის მოცეკვავე ხალხს“ სიმართლეც არ დაეჯერებაო!

„გვამების ირგვლის მოცეკვავე ხალხს“ სიმართლეც არ დაეჯერებაო!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პროვოკაციული განცხადება კვლავ განხილვის საგნად იქცა. მიხეილ სააკაშვილმა მორიგი გეგმა დასახა, რომელიც საჯაროდ გააჟღერა: „ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად „შეეტენოთ“, რადგან რეალურად, ეს მათი ბრალია“.

სააკაშვილის ბრალდება შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვასა და იმ შედეგებს, რომელიც დადგა. როგორც მის „ფეისბუქ“ სტატუსში ვკითხულობთ, „ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი“.

„15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება, „ივანიშვილი გკლავს“, ეგეთ სტილში“, - აღნიშნულია პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

შემდეგ ექსპრეზიდენტმა გარკვეული განმარტებაც გააკეთა, რომ მას ეს სტატუსი არ დაუწერია და საქართველის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი „ფეისბუქ“ გვერდის გატეხვა შეძლო.

„სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ ზოგადად, ყოფილი ხელისუფლების ნარატივი სწორედ ასეთია. მისივე თქმით, სააკაშვილის ეს განცხადება არავის გაჰკვირვებია, რადგან, როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ექსპრეზიდენტი ხშირად აკეთებს რადიკალურ განცხადებებს.

„ვფიქრობ, მკითხველს არ გაჰკვირვებია სააკაშვილის მხრიდან ასეთი ტექსტი, არ არის ეს დიდი სიახლე. მგონია, რომ მის ამ განცხადებას მწვანე შუქი თავად აუნთო, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და შექმნა ეს ვერსია.

„ნაცმოძრაობა“ არის ჩასაფრებული ოპოზოციური პარტია, რომელიც ყველა შეცდომას, რა თქმა უნდა, გამოიყენებს. ამ პარტიასთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხშირად ფაქტს კი არ იყენებს, თხზავს, - ტყუილთან გვაქვს ხოლმე საქმე და მსმენელს ტყუილ-მართალის გარჩევა უჭირს. თვითონ ტყუილებია პრობლემა, თორემ ოპოზიცია, რომ ჩასაფრებულია, ეს არაა პრობლემა.

მიცვალებულების თემა ხშირად ყოფილა „ნაცმოძრაობის“ არგუმენტი პოლიტიკურ დიალოგში. დაწყებული მერაბიშვილის „ორ გვამი მინდა“, დამთავრებული 5 ივლისის მოვლენებითა და ოპერატორის გარდაცვალებით. უამრავი ასეთი ისტორიაა. თუმცა, მეორე მხრივ, ეპიდემიის გავრცელების საკითხი ხელისუფლების მოსაგვარებელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პოსტი სააკაშვილს არ დაუწერია, არ შეიძლება ხელაღებით სუს გარეო საქმეში. როგორც მან For.ge-ს უთხრა, ამ ყველაფერში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს, რადგან სწორედ კრემლის ინტერესშია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა.

„როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს მართლა მისი განცხადებაა, თუ ვიღაცამ შეძლო და მის საწინააღმდეგ გამოიყენა. თუ ასეთი ინსტრუქციის მიცემა უნდოდა თავისი პარტიისთვის და მისი ლიდერებისთვის, „ფეისბუქით“ კი არ გააკეთებდა მიმართვას, უფრო ფრთხილი იქნებოდა და ტელეფონით დაუკავშირდებოდა. არ გამოვრციხავ, რომ ეს სუს-მა კი არ გააკეთა, არამედ სხვამ - სხვა ქვეყნის სუს-ია ჩარეული და არა საქართველოს.

ჩვენს ქვეყანაში ვითარება არის საკმაოდ მძიმე და კრიტიკული, კრიზისულიც კი, ამ სივრცის გამოყენება ყველას შეუძლია და არცთუ ისე ცოტა არის ჩვენს ირგვლივ, ვინც ეცდება, რომ ეს გამოიყენოს. რაც მეტი ეცდება ამ თემის გამოყენებას, პოლიტიკური თვალსაზრისით, მით უფრო შექმნის გარემოს იმისთვის, რომ ვიღაცებმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ქვეყნის გარეთ.

ამასთან, განცხადება, რომ ეს სუს-მა გააკეთა, სააკაშვილსაც უნდა ესმოდეს, არასწორია, არ შეიძლება ასე ხელაღებით დააბრალო. რატომ გამორიცხავს, რომ ეს სუს-მა ან კერძო პირმა კი არ გააკეთა, არამედ ჩრდილოელმა მეზობელმა გააკეთა, რადგან ძალიან კარგად გვიცნობს, იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ ჩვენს თავს. თამამად და თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ ასეთი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამას მოჰყვებოდა ურთიერთბრალდებები, ისევ დაძაბულობა და ა.შ.“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მმართველ გუნდში სააკაშვილის ამ განცხადებას შეფასება მოჰყვა, რომ ეს მორიგი პროვოკაციის მოწყობის მცხდელობაა და პარტიაში აღნიშნავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „გვამების ირგვლის მოცეკვავე ხალხია.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება – აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიების 20%.

„ჩვენი ტრაგედიაა ასევე ის, რომ 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი - ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი.

ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა. რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება – აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო, რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკისა და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნისა და ხალხის ღალატი.

მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო, როგორც ლიდერმა, თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალისა და ლაჩრობის ბოლო მაგალითი, მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. გარკვეული პერიოდი შეიძლება შეაცდინო შენი მოსახლეობა, რაც ჩვენ გამოვცადეთ, მაგრამ, „რამეთუ არა არს დაფარული, რომელ არა გამოცხადდეს“. არაფერი არ იმალება ქვეყანაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.