პირველ ეტაპზე რუსეთში 22 სახეობის ქართული ღვინო შევა. ამასობაში კი რამდენიმე დღეში რუსი ექსპერტების მეორე ვიზიტიც შედგება და ქართული პროდუქციის ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო “როსპოტრებნადზორის” მორიგ დელეგაციას პირველი აპრილიდან უმასპინძლებს. სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, თბილისში ისევ 6-კაციანი დელეგაცია ჩამოვა და მეორე ეტაპზე 40-მდე კომპანიას შეამოწმებს. დელეგაცია სამ ჯგუფად დაიყოფა, რადგან შესამოწმებელია დასავლეთ საქართველოში, მათ შორის რაჭაში, აჭარასა და სამეგრელოში არსებული საწარმოები.
რაც შეეხება პირველ ეტაპზე შემოწმებულ კომპანიებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ამჟამად ისინი პროდუქციას არეგისტრირებენ და მათმა უმეტესობამ საჭირო დოკუმენტაცია სრულად წარადგინა.
„რამდემადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთის ბაზარზე არსებობს დიდი ინტერესი და მოთხოვნა და ზოგიერთ შემთხვევაში მიწოდებასაც აჭარბებს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მხოლოდ მოცულობაზე ზრუნვის მცდელობა, რადგან ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ხარისხი. კომპანიების რეგისტრაციის პროცედურის დასრულებით პროცესში სახელმწიფოს როლი იწურება. შემდგომ ეტაპზე ჩვენ კომპანიებს მხოლოდ კომუნიკაციაში დავეხმარებით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტო გენადი ონიშენკოს სავარაუდო სტუმრობაზე ამ ეტაპზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი თბილისში სტუმრობას მოინდომებს, “სტუმარი ღვთისაა”.
ამ დროისთვის “როსპოტრებნადზორში” რუსეთის ალკოჰოლური ბაზარისთვის განაცხადი 59 ქართულ საწარმოს აქვს შეტანილი, რომელთაგან 37 ყველა საჭირო ინფორმაციას შეიცავს. საქართველოში რუსი ექსპერტები პირველი ვიზტით 25 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე იმყოფებოდა, რომლის შედეგად რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დარეგისტრირების უფლება 36-მა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ და მინერალური წყლების 4-მა საწარმომ მიიღო.
“როსპოტრებნადზორი” კი უახლოეს პერიოდში, ქართული ღვინისა და კონიაკის რუსულ ბაზარზე შეტანისათვის ნებართვის გაცემას გეგმავს. ეს სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ დაადასტურა კიდეც.
“ხვალ-ზეგ გავცემთ ნებართვას 22 სახეობის პროდუქციის დაშვების თაობაზე. ამ პროდუქციამ რეგისტრაცია გაიარა და ანალიზის მიხედვით არსებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს”, - განაცხადა ონიშჩენკომ.
მისი თქმით, ქართული ღვინის 22 სახეობა შევა რუსეთის სახელმწიფო რეესტრში. “ამ მომენტიდან შემოტანის დაწყება გახდება შესაძლებელი. შემოტანა, შესაძლოა დაიწყოს, როდესაც ამას ქართველი მწარმოებლები შეძლებენ. ეს უკვე მათი საკითხია”, - აცხადებს ონიშჩენკო.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სწრაფი ტემპით მიდის ლოგიკური დასასრულისაკენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ რუსეთის ბაზარი ერთადერთი არ არის და იქ მუშაობა სხვა ბაზრებზე უარის თქმას არ გულისხმობს.
“რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენი ერთადერთი სამუშაო დასააგენტო აქტიურად მუშაობს სხვა მიმართულებითაც. ამიტომ მიმდინარეობს სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზაცია და ასევე კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან. აქტიურად ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, რათა ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზრადოს”, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, 20 მარტს ბრიუსელში საქართველომ, როგორც მსოფლიო ღვინის სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, ხელი მოაწერეს ეტიკეტირების პროტოკოლს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის დამატებითი ბაზრების მოპოვებისთვის. ამასთან, მომავალ წელს ორგანიზაციის წევრების მორიგ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.
გარდა ამისა, 16-25 მარტის განმავლობაში საქართველო ბრიუსელსა ლონდონში გამართულ მნიშვნელოვან გამოფენებსა და კონფერენციებზე მონაწილეობდა.