ეკა ბესელია - "სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება"
"ეს იყო არასერიოზული ბრალდება. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხზე არ მისაუბრია და არა მგონია, რამე ასახსნელი იყოს. თუკი ბატონი ბიძინა დაინახავდა ამ საკითხზე საუბრის საჭიროებას, კი ბატონო. მე ფოთის მოსახლეობამ ამირჩია, ნდობა გამომიცხადა და სწორედ ფოთის მოსახლეობასთან ვარ ანგარიშვალდებული, რასაც წინასაარჩევნო კამპანიისას დავპირდი, შევუსრულო და მათი პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობის მანდატი ღირსეულად ვატარო. ყველაზე კარგი მსაჯული ხალხია და ჰკითხონ ფოთელებს, როგორ არიან გახარებული დეპუტატის აქტიურობით, რითაც ადრე ნამდვილად არ იყვნენ განებივრებულნი", - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვანო მერაბიშვილის კისერზე უამრავი დანაშაულია და მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი" / "ნაციონალთა" მიერ შეთხზული მითი 19 აპრილის შესახებ, უკვე გაქარწყლებულია".
"ინფორმაცია, რომ ჩემმა შვილმა ცივი იარაღით უცნობი პიროვნება დაჭრა იყო ცრუ ინფორმაცია და ჩემს დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ეს გახლავთ ე.წ შავი პიარის მიზანმიმართული კამპანია. სააკაშვილის ხელისუფლების და თვითონ სააკაშვილის რეპუტაცია ყველაზე მეტად ამნისტიის პროექტმა შელახა. ამდენი პოლიტპატიმარი მსოფლიოს არც ერთ დიდ ქვეყანას არ ჰყავს. სწორედ ამნისტიამ გამოააშკარავა მიხეილ სააკაშვილის დიქტატორობა და მისი მმართველობის მანკიერი მხარეები. ასე რომ, არ გამიკვირდება, მსგავსი სიბინძურეები კვლავაც გაავრცელონ და მათში ჩემი ოჯახის წევრები გარიონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"ის, რომ პოლიტპატიმრების სიის შედგენისას მოხდა კორუფციული გარიგება, ესეც "ნაციონალების" მორიგი ბინძური ცილისწამებაა. ამ საკითხის კომენტირება ჩემთვის ღირსების შემლახველია. რას იტყვიან ამ საკითხზე გივი თარგამაძე ან გიორგი ვაშაძე, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. დაასახელონ თუნდაც ერთი ადამიანი, დადონ კონკრეტული ფაქტები, თუნდაც ირიბი, რომელიც დაადასტურებს იმ სიბინძურეს, რაც მათ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან თქვეს ნანა კაკაბაძეზე. დედამიწის ზურგზე ვერ იპოვიან ერთ ადამიანსაც კი, ვინც ამას დაადასტურებს. მათი გაღიზიანება გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის აღიარებამ, რომ ამნისტიის აქტი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესი სამაგალითო იყო. სწორედ ასე შეაფასა ეს პროცესი ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიუ¬ლი პარტიის წარმომადგენელმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის ცნობილმა უფლებადამცველმა. ასეთი შეფასებისა და აღიარების შემდეგ, ნამდვილად არ მიმაჩნია ვაშაძე, თარგამაძე და საჯაია პასუხის ღირსად. ისინი ვერასოდეს მიაყენებენ ჩრდილს იმ ღირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"19 აპრილის მითი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი თხზავდა და აჯერებდა ხალხს, ძალაუფლებას დავიბრუნებთო, უკვე გაქარწყლებულია. საკონსტიტუციო ცვლილებებმა და სხვა მრავალმა გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ ახალი ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც ურცხვად აანონსებს 19 აპრილის აქციას, შემიძლია განვაცხადო, რომ ის ყველაზე დიდი დამნაშავეა. მერაბიშვილის კისერზეა უამრავი დანაშაული. სწორედ მან დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები 7 ნოემბერს, 26 მაისს კი ქართვე¬ლების სისხლით მორწყო რუსთაველის პროსპექტი, უამრავი უდანაშაულო ახალგაზრდა ვანო მერაბიშვილის პოლიციამ ქუჩაში დაგვიხვრიტა და ეს ადამიანი კიდევ ბედავს და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საქართველოში არეულობას გეგმავს? არაფერი გამოუვა ვანო მერაბიშვილს, ის ვერ არევს ვითარებას, სამართალდამცავები ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებენ და ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", - დასძენს ეკა ბესელია.