GROSS - პოლიტიკოსების გარეშე

GROSS - პოლიტიკოსების გარეშე

რამდენიმე დღის წინ თბილისში ქართულ-რუსული ჰუმანიტარული, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრის, „გროსის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, გელა ზავრაშვილი. როგორც თავად ზავრაშვილი ამბობს, ამ არაპოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის ჰუმანიტურულ-კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. "ეს არის, კომუნიკაციის იმ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო მიუწვდომელია პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის" - აცხადებს გელა ზავრაშვილი.

ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის სამომავალო გეგმებსა მისიაზე for.ge გელა ზავრაშვილს ესაუბრა.

ბანალური კითხვით უნდა დავიწყო: რატომ გადაწყვიტეთ ამ ორგანიზაციის დაფუძნება და რატომ, მაინცდამაინც, ახლა?

– რადგან ვხედავთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყოველდღიურად ცივდება, გადავწყვიტეთ, როგორმე დავეხმაროთ ამ ურთიეთობების აღდგენასა და განვითარებას, უპირველესად, ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობის აღდგენა-განვითარების კუთხით.

ჩვენს ორგანიზაციას ექვსი დამფუძნებელი ჰყავს: მათ შორისაა ცნობილი სპორტსმენი, წარმოშობით ქართველი მიხეილ მამიაშვილი, რუსეთის ფედერაციის კინოსა და თეატრის მსახიობი ეკატერინა სემიონოვა. რადგან ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა დაფუძნებული, რუსული კანონმდებლობით, არ გვქონდა უფლება, დამფუძნებლად სხვა ქვეყნის მოქალაქეეებიც შეგვეყვანა, მაგრამ ფილიალი გვაქვს საქართველოში, რომლის ხელმძღვანელიცაა ალექსანდრე იმერლიშვილი. ასევე, აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან მამუკა არეშიძე.

კერძოდ, რა ტიპის დახმარებს სთავაზობთ ქართულ ბიზნესს?

– იურიდიულ დახმარებას აღმოვუჩენთ  რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ქართველი ექსპერტების განმარტებით, სანამ რუსეთ-საქართველოს შორის არ არის აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობა, ქართული ბიზნესი, რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუცველი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე.

– ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ ტიპის მომსახურებას გაუწევს ქართულ ბიზნესს რუსეთის ტერიტორიაზე. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ჩაატარებს კონკურსს იმ ქართულ კომპანიებს შორის, რომლებიც რუსულ ბაზარზე დაბრუნდებიან. დააჯილოებს გამარჯვებულებს. მათ კი, თავის მხრივ, საშუალება ექნებათ, თავიანთ ნაწარმზე მიუთითონ ჩვენი ლოგო. ჩვენ არაპოლიტიკურ და არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოვადგენთ, ამიტომაც ქართულ ბიზნესს მორალურად და სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ, საწყის პერიოდში სრულიად უანგაროდ, ხოლო, თუ შემდგომში ჩვენი საქმიანობით შევძლებთ თანხების მობილიზებას, მათ სრულად მოვახმართ საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ მიზნებს.

რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს და, მართლაც, ახლავს ერთგვარი უხერხულობა ამ პროცესს ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით. ამ სირთულეს თუ ითვალისწინებთ?

– ჩვენი სურვილია, ყველაფერი გავაკეთოთ  იმისთვის, რომ გავუადვილოთ პოლიტიკოსებს მოლაპარაკების პროცესი. ამაში ცუდი არაფერია, ჩვენ შევქმნით იმ საფუძველს, რაც პოლიტიკოსებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

როგორი პერსპექტივა აქვს რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას, იქნება ეს ქართული კინო თუ ქართული ღვინო?

– რუსეთში ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აფასებენ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს და ყველა ელოდება მის გამოჩენას. ჩვენი გათვლებით, ქართული პროდუქცია თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს რუსულ ბაზარზე. ჩვენ არ ჩავერევით ყიდვა-გაყიდვის პროცესში, მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას შევასრულებთ. ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება თანხები - თითოეული თეთრი, რომელიც ორგანიზაციის ანგრიშზე შემოვა, მხოლოდ ჰუმანიტარული და საქველმოქმედო მიზნების განხორციელებას მოხმარდება.

ფართო თანამშრომლობას უკვე უახლოეს მომავლაში ვაპირებთ. პრეზენტაციაზე მოწვეული გვყავდა მოსკოველი სტუმრები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, საკმაოდ დიდი სპექტრი იყო წარმოდგენილი: მეცნიერები, შოუ-ბიზნესის, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები. ისინი მზად არიან, ყოველნაირად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის შემდგომ თანამშრომლობას. მიგვიღო და დაგვლოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, დიდი სტიმული იყო.

ვის შეუძლია, მოგმართოთ თქვენ და რით შეძლებთ მათ დახმარებას?

– უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ არ ჩავერევით ქართული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვაში, მხოლოდ სამართლებრივ კონსულტაციებს გავუწევთ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს. საქართველოსა და რუსეთში დავეხმარებით სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად და სათანამშრომლოდ, ხელოვნებისა თუ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს – საჭირო კონტაქტების მოძიებასა და დამყარებაში. ვიმეორებ, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ დავეხმარებით იმავე პოლიტიკოსებს ერთმანეთთან შეხვედრაში, მნიშვნელოვანი მესიჯების ადრესატებამდე მიტანაში, დავეხმარებით შეხვედრების ორგანიზებაშიც, ოღონდ ჩვენ არ ჩავერევით.

რუსეთში დღესაც ცხოვრობენ ის თაობები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენით, მაგრამ რუსი ახალგაზრდები თითქმის არ იცნობენ საქართველოს, ისევე, როგორც ქართველ ახალგაზრდებსაც აქვთ იგივე პრობლემა. ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, დიმიტრი დიბროვი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე, ამბობდა, ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ადამიანური ურთიერობებითო და ეს მართლაც ასეა.

სხვათა შორის, კატია სემიონოვა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ამიტომ თავს ქართველად მიიჩნევს.

ჩვენმა სტუმარმა, რუსეთის ფედერაციის მხატვართა კავშირის წევრმა ბატონმა მაქსიმოვმა, რომელიც ზურაბ წერეთელთან დაახლოებული პირია, გვითხრა, მე მახსოვს ქართული მხატვრობა, ქართული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები, მაგრამ მე აღარ ვიცი, როგორ განვითარდა ეს მხატვრობა. ახალგაზრდა რუსულ თეატრალურ დასებს უნდათ, ნახონ ქართული თეატრი, გაეცნონ მის ტრადიციებს. ჩვენ სახალხო დიპლომატიაზე ვაკეთებთ აქცენტს.

ვგეგმავთ ქართული კინოს დღეების გამართვას რუსეთში, ასევე, რუსული კინოს კვირეულის ჩატარებას საქართველოში. ზურაბ წერეთელმა გამოთქვა სურვილი, რომ მასტერ-კლასი ჩაუტაროს საქართველოდან რუსეთში ჩასულ ახალგაზრდა მხატვრებს. ამის შემდეგ მოვწყობთ გამოფენებს: ქართველი მხატვრებისას – რუსეთში, რუსი მხატვრებისა  – საქართველოში. არანაკლებ საინტერესო ეკონომიკურ აქტივობებსაც ვგეგმავთ: იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე დაბრუნდებიან, შევთავაზებთ ჩვენს სერვისს. ამ საკითხზე უკვე ვესაუბრეთ საქართველოს სოფლის მერუნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს.

შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, ჩვენ რა ხეირს ვნახულობთ ამით?! ჩვენი ორგანიზაცია გამორჩენის გამო არ შექმნილა. ჩვენი  ოფისის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი, კონტაქტები დაამყაროს თუ განაახლოს რუსეთიდან საქართველოში თუ საქართველოდან – რუსეთში. ვინმეს პროდუქციის გატანა უნდა რუსეთში? ჩვენ უანგაროდ დავეხმარებით! სახელოვნებო წრეებზე უნდა გასვლა – ყოველნაირად შევუწყობთ ხელს. გვერდით გადავდოთ თემა, არის თუ არა რუსი ოკუპანტი.

რაც, ცოტა არ იყოს, რთულია. დამეთანხმეთ...

– გეთანხმებით, რთულია, მაგრამ სხვა მაგალითს მოგიტანთ: თურქეთი დღეს არ არის კლასიკური გაგებით ოკუპანტი, მაგრამ მისი იდეოლოგია საქართველოსთან, განსაკუთრებით, აჭარასთან მიმართებაში ოკუპაციურია; ისევე, როგორც ოკუპაციური იდეოლოგიით მოქმედებს სომხეთი სამცხე-ჯავახეთში. ჩვენი ორგანიზაციის სურვილია, ასეთ რთულ პირობებშიც კი, შევძლოთ და ადამიანურ დონეზე შევინარჩუნოთ რუსულ-ქართული ურთიერთობები, თუნდაც, იმისთვის, რომ მოვამზადოთ ნიადაგი ამ ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი პოლიტიკური პრობლემის გადასაჭრელად.

რუსეთში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორაა, ამასთან, არიან პოლიტიკასთან გაიგივებული სახეებიც. მათთან თუ ითანამშრომლებთ?

– პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ პოლიტიკასთან ასოცირებული პირებიჩვენი ორგანიზაციის მუშაობაში არ იქნებიან ჩართულნი. ვინც პოლიტიკაშია, მისი ადგილი ამ ორგანიზაციაში ადგილი არ იქნება. არანაირი პოლიტიკა და არანაირი პოლიტიკოსები, მხოლოდ კულტურული, ჰუმანიტარული და ბიზნეს თანამშრომლობა.

ჰუმანიტარული პროექტები ახსენეთ. იქნებ უფრო კონკრეტულად გვიამბოთ მათ შესახებ?

– საქართველოს ჰავა უნიკალურია და ჩვენ ვაპირებთ, ორგანიზება გავუკეთოთ იმ რუსი ბავშვების ჩამოყვანას, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მოსკოვში იქაური ჰავის გამო გახშირებულია გულის მანკი. გეტყვით სავალალო სტატისტიკურ მონაცემებს: ბავშების 70-80 პროცენტი რუსეთში ასთმით იღუპება, მაშინ, როდესაც საქართველოს კლიმატური პირობები საუკეთესოა ამ დაავადების განკურნებისა და პროფილაქტიკისთვის. ისევე, როგორც გურჯაანში საუკეთესო ადგილებია ცერებრალური დამბლით დააავადებულთა სამკურნალოდ. ეს არ იქნება ცალმხრივი.

ვაპირებთ, საქართველოდან რუსეთში ჩავიყვანოთ ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ დაავადებები, რის განკურნებაც საქართველოში შეუძლებელი ან გართულებულია. მაგალითად, ცნობილმა ქირურგმა, ლეო ბოკერიამ გამოთქვა სურვილი, რომ პერიოდულად ჩამოვიდეს საქართველოში თავის გუნდთან ერთად და ჰუმანიტარული ოპერაციები ჩაატაროს. ამას გარდა, რუსეთში ძალიან ბევრი ოლიგარქი თუ უბრალოდ ძალიან მდიდარი ადამიანია, რომებსაც არ სურთ საჯაროდ გამოჩენა და თავიანთი ვინაობის გაცხადება, მაგრამ უნდათ, რომ სიკეთე გააკეთონ. ისინიც ჩაერთვებიან ჩვენი ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაში და ჩვენი ორგანიზაცია მათ ამის საშუალებას მისცემს.

მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც, ასევე, ესწრებოდა ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციას და სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა თბილისში, აღნიშნა, რომ რუსეთს მოენატრა საქართველო, ქართული კულტურა. მართლაც, ჩვენ ისე შევეჩვიეთ საქართველოს, რომ ჩვეულებრივად და ყოფითად აღვიქვამთ მის უნიკალურობასა და გამორჩეულობას:  რუსეთში, მართლაც, ძალიან ბევრ ადამიანს მოენატრა საქართველო, ახალგაზრდა თაობას კი, რომელსაც არასდროს უნახავს, მისი დათვალიერების სურვილი აქვს, ამიტომაც ვაპირებთ, რომ რუსეთში შევქმნათ ტურისტული სააგენტო, რათა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა გავუადვილოთ: იქნება ეს მთის ტურიზმი, ეკოტურიზმი თუ ღვინის ტურები. რუსული მხარეც დაინტერესებულია ამ ჩვენი პროექტით. ერთი სიტყვით, აქტიური მონაწილეობის მიღებას ვაპირებთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაშიც.

რაც მთავარია, ჩვენ სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, ქართული ბიზნესის ხელშეწყობითა თუ ჰუმანიტარულ-კულტურული აქტივობებით, ვეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციული საფუძველი შევუქმნათ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებებისა და, ერთი შეხედვით, დაუძლეველი პრობლემების გადაჭრაში.