[ნინო ჯაფარიძე]
ინტერნეტ დომენური სახელების რეგისტრაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი სამსახური ჩაიბარებს. საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამისი პაკეტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.
ცვლილებათა პროექტის თანახმად, რომლის ავტორებიც პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი მელაძე და ზვიად კუკავა არიან, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ დომენის რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის პროცესის სამართლებრივი რეგულირება იქნება.
განმარტებით ბარათს თუ ვერწმუნებით, რომელიც კანონპროექტს ახლავს, დომენური სახელის რეგისტრაციის წესს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს.
პროექტის ავტორთა აზრით, ეს ხელს შეუწყობს ქართული დომენების, მათ შორის ქართულ ანბანზე აგებული დომენების გაცემა-რეგისტრაციის პროცესის მოწესრიგებას და დომენების გაცემისას სუბიექტურ, დაუსაბუთებელ, მიდგომებს აღკვეთს.
შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით 2007 წელს ინტერნეტით ნახევარ მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობდა. 2008–ში კი, მათმა რაოდენობამ 900 000–ს გადააჭარბა.
რაც შეეხება ქართულ დომენებს, ქართული ინტერნეტ პროვაიდერების ინფორმაციით, საქართველოში ქართული დომენით სულ 8000–მდე საიტია დარეგისტრირებული. რაც 2006 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 1000-ით აღემატება. სპეციალისტთა განმარტებით, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დომენის სხვა ზონაში რეგისტრაცია ურჩევნიათ.
საერთაშორისო ორგანიზაციების IANA-ს (Internet Assigned Numbers Authority) და ICANN -ის (Internet Corporation for Assigned Names and Numbers) ინფორმაციებზე დაყრდნობით, ყველა ქვეყანას შესაძლებელია ქონდეს მხოლოდ ერთი რეესტრი, რომელიც არეგისტრირებს თოპ ლეველ ქვეყნის კოდის დომენურ სახელებს და ადგენს მათი მოხმარების წესებს.
საქართველოში GE დომენების რეგისტრაციას და მენეჯმენტს კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ახორციელებს და დომენების სახელების ოფიციალური რეესტრიცაა.
IANA-ს და ICANN -ის ინფორმაციით, ოფიციალური რეესტრის გარდა შესაძლებელია აკრედიტებული რეგისტრატორების არსებობაც, რომელთა ფუნქციაც დომენების მართვა და წესების მიხედვით რეესტრში რეგისტრაციაა.
საქართველოში რეესტრიც და აკრედიტებული რეგისტრატორიც „კავკასუს ონლაინია“. ყველა დომენური სახელი www.registration.ge–ს მეშვეობით რეგისტრირდება.
დღეს მოქმედი წესების თანახმად, აკრძალულია ინტერნეტ-მისამართის რეგისტრაცია ყიდვა–გაყიდვის მიზნით. დომენის სხვა მფლობელისთვის გადაცემა მხოლოდ რეგისტრაციის ვადების ამოწურვის შემდეგ შეიძლება. მფლობელის შეცვლაზე ნებართვას „კავკასუს ონლაინი“ გასცემს. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი მფლობელი დომენზე უარს წერილობით განაცხადებს, მისი მეორედ გაყიდვა უკვე შეიძლება.