საინგილოში ქართულენოვანი და ქრისტიანული აღმსარებლობის მოსახლეობის უფლებები ირღვევა. ამის შესახებ ერეკლე მეორის საზოგადოებაში აცხადებენ.
საინგილოში შექმნილი ვითარების ირგვლივ For.ge-ს ერეკლე მეორის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ესაუბრა.
- საინგილოში რთული ვითარებაა, ქართული კულტურის სახლი რამდენიმე წლის წინ დაიწვა და აბსოლუტურად განადგურებულია, იგივე მდგომარეობაა ქართულ ცენტრთან მიმართებით და ის დანგრეულია. ასევე, სერიოზული პრობლემა ექნებათ ეთნიკურად ქართველებს, რათა მათ შვილებს ქართული სახელები არ დაარქვან. მეტრიკაში არ უწერენ ქართულ სახელებს. ხალხი დაშინებულია, ამ თემაზე არ საუბრობს, ფოტოაპარატით გამოჩენილ ადამიანს მაშინვე მიჰყვება აზერბაიჯანის სპეცსამსახურის თანამშრომელი და ქართული ეკლესიისთვის ფოტოების გადაღებას უკრძალავს. ერთადერთ ქართულ ეკლესიას კი ლიმიტი დაუწესეს, სადაც 40 წუთში უნდა დაამთავროს მღვდელმა წირვა-ლოცვა, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. ქურმუხის ეკლესიას რამდენჯერმე ქვები დაუშინეს. როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ეკლესიის რესტავრაცია მოახდინა, მას წააწერა, თითქოს, ალბანური წარმოშობის ძეგლია, მე-13 საუკუნის. ამ დროს კი იქ ალბანელები არ არსებობდნენ. ეს თავიდან ბოლომდე ქართული ეკლესიაა.
რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, მან აზერბაიჯანი მოიხსენია, როგორც ჩვენი მეგობარი მოძმე ერი. ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვა, ნუთუ ქალბატონმა მაიამ არ იცოდა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია საინგილოში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა?! თუ იცოდა, მაშინ აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხები უნდა დაეყენებინა, თუ არ იცოდა, ეს კიდევ უარესი, რადგან მას უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდება საინგილოში.
წლების მანძილზე კახის რაიონის ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მხოლოდ გიორგობა დღეს უშვებდნენ ქართველ მრევლს. იმ პერიოდში იქ ქართველ მღვდელსაც პრობლემები შეუქმნეს.
- დღეს მღვდელი არის, მაგრამ მას მღვდელმსახურებისთვის ნახევარი საათიდან 40 წუთამდე დრო აქვს მიცემული. თუ არ ვცდები, ასევე, ეკლესიის ზარის დარეკვა იკრძალება. ამ დროს, მაგალითად, მარნეულში ჩვენ გვთხოვენ მეჩეთების აშენებას. მეჩეთის აშენების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული. იგივე უნდა მოხდეს თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენს ეკლესიებთან _ოშკთან, ხახულთან, იშხანთან მიმართებით. თუ ისინი მოქმედ მეჩეთს აშენებენ, თურქულმა მხარემ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ჩვენს მღვდელმსახურებს ანაფორით შეეძლოთ გადაადგილება თურქეთის ტერიტორიაზე და მათ უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს თურქეთის ხელისუფლება.
თუ საინგილოში ბავშვებს მუსლიმანურ სახელებს იძულებით არქმევენ, გამოდის, მეორე ფარული სახელი ექნებათ ქართველ ბავშვებს.
- რა არის, იცით? საინგილოში ქართულ სოფლებში გამგებლად ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც აქვს აზერბაიჯანული გვარი, ან არის მუსლიმანი და ისინი ძალიან ავიწროებენ მოსახლეობას. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველ ბავშვებს აქვთ სხვა სახელები და გვარებიც, მაგრამ ეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, მათ შორის, რელიგიური კუთხით. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ, უნდა დავაყენოთ ეს საკითხები. ხშირად არ ვიყენებთ ამ საშუალებას. იმავე თურქეთთან მიმართებით, 4-5 წლის წინ ამერიკის ზეწოლის შემდეგ თურქეთმა ბერძნებს დაუბრუნა ბერძნული ეკლესიები, სომხებს - მათი ეკლესიები და ებრაელებს - ებრაული საფლავები. იმ დროს ჩვენ არ მოვითხოვეთ ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესიების, დაახლოებით შვიდი მონასტრის დაბრუნება. ეს რომ მოგვეთხოვა, თურქეთი მაშინ ამას დაგვიბრუნებდა. თუ ამას ისტორიულ ჰერეთშიც სახელმწიფოებრივ დონეზე მოვითხოვთ, რიგ შემთხვევაში, სერიოზულ წარმატებებს მივაღწევთ და შევძლებთ, ფარგლებს გარეთ ქართველების ინტერესთა დაცვას.
საზღვართან მდებარე ქართულ სოფელ ერისიმედზე რას გვეტყვით, სადაც, ასევე, პრობლემებია და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტებიც ფიქსირდება?
- ერისიმედი საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში მდებარე სოფელია, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ძალიან ხშირად ირღვევა საქართველოს საზღვარი. პირდაპირ შუა სოფელში თავისუფლად გადმოდიან, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე. საინტერესოა, სად არიან ამ დროს ჩვენი მესაზღვრეები? ეს სოფელი დემარკაციის სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, ვინაიდან ამ სოფელში ჩამომავალი მდინარე იცვლის კალაპოტს და, ხშირ შემთხვევაში, ჰექტრობით მიწის ნაკვეთი რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
მდინარეც აზერბაიჯანელების სასარგებლოდ იცვლის კალაპოტს?
- სამწუხაროდ, ასე გამოდის და ამდენი ხანია, ეს საკითხი არ წყდება. რამდენიმე ხნის წინ საშინელი ფაქტი მოხდა, ქართველი მწყემსი დაიღუპა, რომელსაც შემთხვევით გაექცა საქონელი, მოსაბრუნებლად გაყვა ამ საქონელს და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოკლეს.
ეს მაშინ, როცა ჩვენი მესაზღვრეები არ დგანან პოსტზე?
- როგორც ჩანს, ჩვენი მესაზღვრეები თავიანთ მისიას თავიდან ბოლომდე ვერ ასრულებენ. რეალურად, საინგილოში ქართველებს დევნიან და ქრისტიანობას უკრძალავენ. პრაქტიკულად, არ არსებობს ქართული სკოლა. ქართველი მწერალი გივი სომხიშვილი აცხადებს, რომ, როდესაც მას ქართული ლიტერატურა შეჰქონდა საინგილოში, იგი შეაჩერეს და ლიტერატურა ჩამოართვეს. ინგილოები შეშინებულები არიან. ამის შესახებ დემოკრატიულ სამყაროს, ამერიკას, ევროპას უნდა გავაგებინოთ, რომ მათი მხრიდან მაინც მოხდეს ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, რათა აზერბაიჯანმა თავის ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობებზე იზრუნოს.
ილხამ ალიევთან მეგობრული დამოკიდებულება, როგორც ჩანს, არ ასახულა საინგილოზე.
- არამცთუ ალიევ-სააკაშვილის, არამედ შევარდნაძისა და გეიდარ ალიევის მეგობრობაც არ ასახულა ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებით. რატომღაც ცალმხრივად ვმეგობრობთ, ძმებად ვთვლით და ისინი ბიძაშვილებადაც არ გვთვლიან. ნაციონალების ცხრაწლიანმა პოლიტიკამ საქართველოს თავიდან ბოლომდე ძირი გამოუთხარა, არა მარტო ჰერეთთან და თურქეთთან მიმართებით. ამ მხრივ რთული მემკვიდრეობა ერგო „ქართულ ოცნებას“, თუმცა დღესდღეობით უკვე ხელისუფლებაშია „ოცნება“ და უნდა მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა. საზოგადოებამაც ახალ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს ამ საკითხებზე რეაგირება. სხვათა შორის, ჩვენი ბრიფინგის შესახებ როცა დავაანონსეთ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვიწვიეთ, რომელიც არ მოვიდა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მხოლოდ ინტრიგებითაა დაკავებული და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებს არ აშუქებს.