„აგვისტოს ომმა გვიჩვენა, რომ საქართველო აღმოჩნდა ე.წ. რეგიონალური უსაფრთხოების ჩიხში“

„აგვისტოს ომმა გვიჩვენა, რომ საქართველო აღმოჩნდა ე.წ. რეგიონალური უსაფრთხოების ჩიხში“

„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის არიდება არათუ შესაძლებელი იყო, არამედ მთლიანად ცხინვალის რეგიონის საქართველოს ტერიტორიაზე რეინტეგრაცია შეგვეძლო“, - განუცხადა For.ge-ს ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ.

ბატონო ვახტანგ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. რა შეგვიძლია ვთქვათ 13 წლის შემდეგ, დღეს, შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან არიდება?

- 2005 წელს, საქართველოს ხელისუფლებას, ზურაბ ჟვანიასა და „მშვიდობის პარტიის“ უშუალო ჩართულობით, ცხინვალის რეგიონის საბოლოო დარეგულირების პროცესამდე ერთი ნაბიჯი დარჩა - საქართველოს დელეგაციის მხრიდან კონკრეტული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ფაქტობრივად, ცხინვალის რეგიონი უკვე შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში.

2005 წლის თებერვალში, ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მკვლელობის შემდეგ, „ომის პარტია“ მოვიდა ხელისუფლებაში: ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი. მათი მეშვეობით სიტუაცია შეიცვალა, ჩაიშალა ლუბლიანის პროცესი და ჩვენი ქვეყანა გადავიდა მილიტარიზაციის რელსებზე. ამის პარალელურად, რუსეთშიც ანალოგიური პროცესი ვითარდებოდა - „ომის პარტიამ“, პუტინმა, ივანოვმა და სხვა. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. შესაბამისად, დაიწყო აგრესიული პოლიტიკის წარმოება დასავლეთთან.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება პროვოკაციას აჰყვა?

- რა თქმა უნდა, ასე იყო, - პროვოკაციას აჰყვა. იმის ილუზია, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ომის პარტიას“ არ სურდა ცხინვალის დაბრუნება ძალისმიერი გზით, ეს არის ალუზია. მათ სურდათ ცხინვალის დაბრუნება, ამის გეგმაც არსებობდა.

ამიტომაც არის, რომ მათაც აერიათ თარიღი - 7 აგვისტოა თუ 8 აგვისტო ომის დაწყების თარიღი. 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს 11 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის იწყებდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. სააკაშვილმა ეს გააკეთა და გასცა ამის ბრძანება. რატომ და რისთვის გააკეთა, ეს ცალკე საუბრის თემაა.

ეს ჩვენს კონსტიტუციას აბსოლუტურად შეესაბამებოდა, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა იყო შებღალული. იქ მიდიოდა ოსი სეპარატისტების მიერ პროვოკაციული სროლები ჩვენი ქართული სოფლებისა. დაიღუპნენ ჩვენი საბრძოლო კონტიგენტის წარმომადგენლები. 6 აგვისტოს უკვე უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო ოსების მხრიდან სროლების განხორციელებამ. ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილის და მერაბიშვილის სპეცდანიშნულების რაზმებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში.

ერთია, ჩვენ რამდენად გვქონდა ამის შნო, ამასთან, მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული, რომ რუსეთი ამზადებდა ამისთვის სერიოზულ პროვოკაციას და ხაფანგს აგებდა. ეს ყველაფერი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ე.წ. ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება. რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა მხარემ, დასავლეთის ჩართულობით, ამის შესაჩერებლად, ან დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად? ეს ოდესმე თუ მოხდება, როგორ ფიქრობთ?

- აგვისტოს ომმა გვიჩვენა, რომ საქართველო აღმოჩნდა ე.წ. რეგიონალური უსაფრთხოების ჩიხში. ოკუპირებული ტერიტორიები, ფაქტობრივად, აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. ძალიან საშიში ტენდენცია შეინიშნება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, არა მარტო ოსურმა, ქართულმა მოსახლეობამაც შეიძლება მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა. გამოდის, რომ ცხინვალის რეგიონში აღმოჩნდება რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული მოსახლეობა, რაც პუტინს უფრო გაუადვილებს ანექსიის გამოცხადებას. კრემლმა გამოგვიშვა აგრესიული სიგნალი. ეს შემთხვევითი არ არის, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან.

და, რამდენად არსებობს დღეს ამის შესაძლებლობა?

- ერთი სიგნალია, რომ რუსეთი თითქოს კეთილ ნებას იჩენს და სურს, აღადგინოს სრულმასშტაბიანი ურთიერთობები საქართველოსთან და მეორე - ეს არის მათრახის პოლიტიკა, როდესაც ახორციელებენ რუსიფიკაციას.

ორმაგი მოქალაქეობის გაცემა სერიოზული ნაღმია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

რუსეთი, როგორც ჩანს, ემზადება თავისი გეოპოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად და საქართველოს სთხოვს, როგორც მოლდოვაშია, ნეიტრალური საგარეო კურსი განავითაროს.

აქ უკვე საუბარია, საგარეო პოლიტიკური კურსის ერთგვარი ცვლილებისკენ. ამას ემატება შარლ მიშელის დოკუმენტიდან დემონტრაციული გამოსვლა, ევროკავშირის დროშების დაწვა და ა.შ. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა გავაანალიზოთ, რომ მივხვდეთ რა მდგომარეობაშია საქართველო.

 

კ ა ხ ე ლ ი ჰოოო... დასკვნა ესაა - საქარტველო არა მხოლოდ ჰიბრიდულ ომშია რუსეთტან, არამედ ტავაც ჰიბრიდული გახდა. ჰიბრიდია, რადგან ძნელი ხდება ორი ადამიანის პოვნა, რომელთაც ერთი ძირიზე დამყობილი სხვადსხვა და ურთიერთსაპირისპირო იდეები არა აქვთ, დეგრადირებულ ყლორტებად.
3 წლის უკან