პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და ხელისუფლებას უთხრა, რომ დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის და დიპლომატიურად შეუთვალეს, რომ შეთანხმება არ გადაიხედება.
სალომე ზურაბიშვილი რომ არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ეს ახალი არ არის და ამას ადასტურებს მისი განცხადება. მან „შაბათის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა. პრეზიდენტს არ მოსწონს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები და ამბობს, რომ დღეს რაც ეკლესიაში ხდება, უწმინდესის დიდი ტკივილია.
„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული. როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია.
წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ, ეს მისთვის დიდი ტკივილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, მაგრამ მისი თქმით, გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო – კოალიციური მთავრობა. მისი თქმით, კოალიცია აუცილებელია, არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს.
„წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და აუცილებელია ტოლერანტობა – არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მმართველ გუნდში პრეზიდენტს არ აკრიტიკებენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განსხვავებული პოზიცია, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის ოპოზიციაში გადავიდა, როგორც ეს გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდიდან გამიჯვნის პროცესს უფრო ფართე მასშტაბი მიეცეს. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკური გემოვნება თანხვედრაშია.
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს ორი პერსონა განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საფრთხეს შეუქმნის 6-წლიან საპრეზიდენტო ვადას მხოლოდ იმიტომ, რომ გახარიას გვერდით დადგეს.
„ზურაბიშვილმა დადო პირობა, რომ ის იქნებოდა უპარტიო პრეზიდენტი და ამ პირობას ჯერჯერობით თანმიმდევრულად ასრულებს. მერე რა იქნება, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ცდილობს, იყოს ნეიტრალური და ზოგად პრინციპულ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება. გეთანხმებით, რომ არაპროგნოზირებადი არის, მაგრამ მგონია, რომ ახლა ასრულებს ძალიან გრძელვადიან მოვალეობას.
6 წლით უნდა იყოს პრეზიდენტი და არა მგონია, ეს გრძელი ვადა შეწყვიტოს, ან საფრთხე შეუქმნას იმის გამო, რომ გახარიას გვერდით დადგეს. უბრალოდ, თამამად აკრიტიკებს ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მისი უშუალო პატრონი ბატონი ივანიშვილი გვერდით ჩაიწია და უფრო გახსნა კრიტიკის შესაძლებლობები. ივანიშვილის შემდეგ პრეზიდენტი დამოუკიდებელი მოთამაშე გახდა და უფრო თამამად აკრიტიკებს ხელისუფლების ზოგიერთ ნაბიჯს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციურ ფლნაგზე შესაძლო გადანაცვლებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ როგორც ყოველთვის, პრეზიდენტმა ისაუბრა ზოგად ღირებულებებზე.
„მან ზოგადად აღნიშნა, როცა ხელშეკრულებებს აფორმებ და ან რაიმე შეთანხმებას ხელს აწერ, პირობები უნდა დააყენო ხელმოწერამდე, წითელი ხაზები უნდა გაავლო ხელმოწერამდე და არა მას მერე. არ მგონია, ქალბატონი სალომე მოუწოდებდეს „ქართულ ოცნებას“ რომ კოალიცია შეკრას „ნაციონალურ მოძარაობასთან“ ერთად. ზოგადად საუბრობს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ძალაუფლება არ იქნება თავმოყრილი ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში და გადანაწილდება კოალიციის სხვადასხვა წევრებს შორის“, – აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ჯერჯერობით რა განცხადებებიც კეთდება პრეზიდენტის მხრიდან, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი არა ოპოზიციონერი, არამედ ნეიტრალურია.
„უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მაგრამ რა განცხადებებიც მისი მხრიდან კეთდება, ვერ ვიტყოდი, რომ ის არის ოპოზიციური. „ქართული ოცნების“ საქმეების გამპრავებელი ნამდვილად აღარ არის. ვფიქრობ, რომ ის ცდილობს შეასრულოს თავისი ფუნქცია და იყოს ნეიტრალური, გარკვეულწილად - არბიტრი პოლიტიკურ ძალთა შორის. ვნახოთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ რეალურად ასეთი უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. ის არ შეიძლება რომელიმე პარტიას ეკუთვნოდეს“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, ზოგადად თუ შევხედავთ, არც მარგველაშვილი იყო ოპოზიციონერი. სანამ „ქართულმა ოცნებამ“ კუთხეში არ მიაყენა, ცდილობდა შუალედური ვარიანტი დაეჭირა. ანალიტიკოსის შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ პრეზიდენტი მუდმივად უნდა იყოს მხარდამჭერი იმ განცხადებების და პოლიტიკური ქმედების, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერია.
„მაგრამ თუ, ზურაბიშვილი კრიტიკული იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისადმი, მაშინ ჩავთვლი, რომ ის არის ნეიტრალური პრეზიდენტი. ზურაბიშვილმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ნეიტრალური წერტილი, რომ მუდმივად არ იყოს ხელისუფლების კრიტიკაში. მაგრამ თუ რამე ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ან განვითრებას, ეს პრეზიდენტმა ხმამაღლა უნდა თქვას და ამ შემთხვევაში მე ჩავთვლი, რომ ის არის ნეიტრალური პრეზიდენტი, როგორიც უნდა იყოს საპარლამენტო მმართველობაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.