ჩვენ გვინახავს პოლიტიკაში მოსული ჟურნალისტები, რომლებიც ისეთ გულუხვ, მაგრამ შეუსრულებად დაპირებას გასცემდნენ მოსახლეობის მიმართ, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეშურდებოდა. როგორც წესი, ჟურნალისტები ქართულ პოლიტიკაში დიდად არ ამართლებდნენ და მოსახლეობის განხიბვლას უფრო იმსახურებდნენ, თავდაპირველი მათი პოპულარობა კი ქრებოდა.
დღესაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ცალკეულ ჟურნალისტებს ურჩევს, რომ მათი ადგილი პოლიტიკაშია და არა ჟურნალისტიკაში... თეა წულუკიანი კი მიკროფონის გარეშე ტოვებს და განაიარაღებს კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენელს.
ქართველი ჟურნალისტების ქმედებას ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც. ის ამბობს, რომ ჟურნალისტების მიმართ სოლიდარულია და ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მინისტრმა მიკროფონი გამოსტაცოს ჟურნალისტს ხელიდან, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება დაიცვან.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით შეშფოთებულია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, ის ფიქრობს, რომ მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები უფრო მეტ კრიტიკულ შეფასებას იმსახურებდა ევროპარლამენტარის მხრიდან.
პარალელურად, ნჯო-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მედიაზე აგრესიის წახალისება შეწყვიტოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მედიის მიმართ აკადემიური ტონის შენარჩუნება ნებისმიერი ხელისუფალის აქილევსის ქუსლი იყო, რას ნიშნავს თანამდებობის პირთა მიერ მედიის მისამართით გამოთქმული შენიშვნები? არის თუ არა ეს იმთავითვე წამგებიანი ბრძოლა, რადგან თუნდაც პოლიტიკურად მართულ მედიას ყოველთვის შეუძლია, ხელისუფალი წითელი ხაზების გადაკვეთაში დაადანაშაულოს?
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ისეთი მაღალი არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, როგორც „ქართული ოცნების“ დროს. ამას ადასტურებს შესაბამისი რეიტინგები, ტელევიზიის შექმნას კი არანაირი ლიცენზია, ნებართვა არ სჭირდება, ასეთი მრავალფეროვანი მედია, სოციალური მედია, ტელევიზიები, რადიოები, პრესა, სააგენტოები ამ რაოდენობით ქვეყანაში არასდროს ყოფილა. ეს სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა.
ლადო ბოჟაძის აზრით, უკანასკნელ კვირებამდე ხელისუფლებასა და მედიას შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თუნდაც 20 ივლისს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძის წარდგენით დაიწყო საარჩევნო კამპანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ჟურნალისტების აქციებით მედიის უკან ამოფარება, მედიამენეჯერების თუ ჟურნალისტების წინა პლანზე წამოწევა და „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება.
ეს „ნაციონალების“ მხრიდან მედიის დაფინანსებით აიხსნება თუ არა, ლადო ბოჟაძისთვის რთულად გასაგები არ არის. მისი თქმით, მედიაბიზნესი დღეს არ წარმოადგენს მომგებიან ბიზნესს, მედიამფლობელებს სახლიდან მიაქვთ ფინანსები იმისთვის, რომ ჰქონდეთ კონკრეტული მედიები.
„ამ ფონზე „მთავარი არხის“ მფლობელია მიხეილ სააკაშვილი და არა მისი იურიდიული მფლობელები. დაფარული არაა, რომ „ფორმულას“ მფლობელია კეზერაშვილი და, ასევე, ვიცით, ვინ არიან „ტვ პირველის“ მფლობელები. როდესაც მედიამენეჯერები და ჟურნალისტები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პოლიტიკაში შემოდიან, მათ მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება არ არის მედიისადმი დამოკიდებულება, ეს არის უკვე ოპონენტებისადმი დამოკიდებულება, რომელთაც ხელში, უბრალოდ, უჭირავთ მიკროფონი. თქვენ გახსოვთ, პარლამენტში მთავარი შეხლა-შემოხლა როცა დაიწყო, ჟურნალისტები და მედიამფლობელები პირდაპირ შევარდნენ პლენარულ დარბაზში. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს აქვთ საშვიც, აკრედიტაციაც, მაგრამ არავის აქვს უფლება, პლენარულ დარბაზში შევიდეს და, მით უმეტეს, იქ მოაწყოს სანახაობა. როგორც ჩანს, ბოლო იარაღია ამ ეტაპზე, როცა პოლიტიკოსები, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობასა“ და ოპოზიციას, თავად უკანა პლანზე გადავიდნენ, როგორც ლიდერები და სახეები, და მათზე უფრო რეიტინგული, მეტი ნდობის მქონე ადამიანები, ანუ კონკრეტული ჟურნალისტები წამოსწიეს წინა პლანზე. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის ნაწილს, ის დიდი ხანია, შემჩნეულია პირდაპირი პარტიული ხაზის გატარებაში, ფაქტობრივად, მათ გააყალბეს პარალელური არჩევნები სწორედ იმიტომ, რომ ეს პროცესები განვითარებულიყო ქვეყანაში. თუმცა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და გაყალბების ერთი მტკიცებულება და ერთი ფაქტიც არ არის ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი. აგერ არის არჩევნები 2 ოქტომბერს და „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი ახლახანს „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. რაც მალე გამოვლენ სააშკარაოზე, რაც მალე შემოვლენ პოლიტიკაში და მედიასივრცეს დაუტოვებენ მედიებს, უკეთესი იქნება. მედიამფლობელებისთვის მიუღებელ განცხადებას რომ აკეთებდნენ მათი ჟურნალისტები, ან გააჩუმებენ, ან მედიიდან გაუშვებენ“, - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ამასთან, იხსენებს იმ პერიოდს, როცა წლების წინ კონკრეტული ჟურნალისტები პოლიტიკაში მოვიდნენ და ერთ დღეში შექმნილი პარტიით პარლამენტში შესვლა და 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს. ეს სწორედ იმით აიხსნება, რომ ჟურნალისტები ცნობადი სახეები იყვნენ, ადამიანებს ჰქონდათ მათ მიმართ ნდობა. თუმცა როგორი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ისინი, ეს უკვე სხვა ამბავია. მართალია, იმ პერიოდში პოლიტიკაში მოსულმა ჟურნალისტებმა თავისი შედეგი მოიტანეს, მაგრამ იგივე ჟურნალისტები ხელახლა რომ დაბრუნდნენ პოლიტიკაში, გაცილებით გაუჭირდებათ, რადგან ვნახეთ, ისინი როგორებიც იყვნენ პოლიტიკაში.
„მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი თვლის, რომ პოლიტიკოსი არ არის, თუმცა ექვსი თვის წინ ის იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, დამარცხდა არჩევნებში, გახდა ისევ ჟურნალისტი. კარგი მაგალითია ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წავიდა პოლიტიკაში და, მიუხედავად იმისა, 2017 წელს მესამე ადგილზე გავიდა, დარჩა პოლიტიკაში, აღარ დაბრუნდა სტუდიაში, რადგან პოლიტიკაში ერთხელ უკვე წასულ ჟურნალისტს ძნელად აქვს რესურსი, ჟურნალისტიკაში დაიმკვიდროს ადგილი. ამიტომ, როცა ჟურნალისტები გელაპარაკებიან შენი ოპონენტების პირით და კითხვების დასმის მაგივრად გადადგომისკენ მოგიწოდებენ, ბუნებრივია, პასუხი ადეკვატური იქნება, ანუ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ოპონენტების და არა მედიის მიმართ. იმავე თეა წულუკიანის განცხადება - „თუ მაგრები ხართ, გადამაყენეთ“, - ეს რომ მას პარლამენტის ტრიბუნიდან ეთქვა პოლიტიკოსებისთვის, არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მედიასთან ნათქვამი თითქოს ცუდად იყო აღქმული და გაგებული, თუმცა წულუკიანმა ეს ხომ მედიას არ უთხრა, ეს მან თავის პოლიტიკურ ოპონენტებს უთხრა, რომელთაც უბრალოდ მიკროფონები ეჭირათ ხელში“,-აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჟურნალისტი ისევე უნდა იყოს პოლიტიკაში, როგორც სოფლის მეურნეობაში, სპორტში, კონფლიქტების დარეგულირებაში. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტიკა სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ინტერესებში არსებულ თემებზე მუშაობა, ამიტომაც არიან წამყვანი ჟურნალისტები სპორტში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში. ამდენად, პოლიტიკოსებს თუ აღიზიანებთ ჟურნალისტების პოლიტიკოსობა, ისინი პოლიტიკის აზრზე არ არიან.
რატომ არ ამართლებენ ქართველი ჟურნალისტები პოლიტიკაში, ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენთან პოლიტიკა არ არსებობს იმ გაგებით, როგორც ევროპაში, თორემ ჩვენი ჟურნალისტებიც პოლიტიკაში გაამართლებდნენ.
„ჩვენთან არსებობს ლიდერების პოლიტიკა. მოვიდა სააკაშვილი და მოიყვანა ხალხი, სააკაშვილთანაც იყვნენ მეტ-ნაკლებად ჟურნალისტები, ივანიშვილთანაც იყო გარკვეული რაოდენობა ჟურნალისტების. თუმცა ჩვენთან პოლიტიკოსები არ წყვეტენ პოლიტიკას, ბელადი წყვეტს პოლიტიკას, ივანიშვილი რასაც იტყვის, ის კეთდება და არა ის, რაც პოლიტიკოსებს უნდათ, თუგინდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს. მიდიან და მიდიან გუნდ-გუნდად ხალხი „ქართული ოცნებიდან“, ეკა ბესელია და კონკრეტული ჯგუფი, ჩუგოშვილი და ჯგუფი, ბოლოს გახარია წამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ იქ პოლიტიკა არ კეთდება, ეს ცუდის ნიშანია. მეც ამიტომ წამოვედი, რა მინდა იქ, სადაც საქმე არ კეთდება. წარმოიდგინეთ ამბიციური ექიმი, რომელსაც უნდა სხვების განკურნება, კლინიკაში არ უშვებდნენ და ოპერაციას არ აკეთებინებდნენ, ხომ წავა სხვა კლინიკაში?“ -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობა საკმაოდ მაღალია, ივანიშვილმა კი თქვა, მივდივარო, მაგრამ, როგორც კი გახარიამ ხმა ამოიღო, მაშინვე გამოჩნდა, რომ არ წასულა და შეუტია გახარიას, ე.ი. ის მართავს სიტუაციას.
„მეც კი დავიჯერე, ალბათ, საპარლამენტო არჩევნებამდე არ გამოჩნდება ივანიშვილი-თქო, მაგრამ ჩასაფრებულია და ყველაფერს უყურებს. სააკაშვილი ყოველდღე მაინც იყო პოლიტიკაში, ხან სახურავზე აძვრებოდა, ხან სარდაფში, სუპერაქტიური იყო. პირველი რესპუბლიკის დროსაც ფანტასტიკური პოლიტიკოსები გვყავდა, საბჭოთა კავშირსაც ქართველი პოლიტიკოსები მართავდნენ, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ბერია, სტალინი, ორჯონიკიძე, მაგრამ პოლიტიკოსები იყვნენ ისინი, ქართული წიაღი იძლევა პოლიტიკოსებს, მაგრამ ამ პოლიტიკოსებს უნდა მისცენ განვითარების საშუალება“, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი.