საბერძნეთში ხანძრების თითქმის ყველა კერა უკონტროლო გახდა. დაღუპულთა შორის მოხალისე მეხანძრეცაა

საბერძნეთში ხანძრების თითქმის ყველა კერა უკონტროლო გახდა. დაღუპულთა შორის მოხალისე მეხანძრეცაა

საბერძნეთში ხანძრები მძვინვარებს. მთავრობა ხალხს საცხოვრებლების დატოვებისკენ მოუწოდებს. დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულთა შორის ერთი მოხალისე მეხანძრეცაა. 38 წლის კაცს, დედაქალაქის გარეუბანში, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 154 კერას ებრძვიან. არაპროგნოზირებადი ქარის გამო, ყველაზე დიდი ხანძრები ათენის ჩრდილოეთით მძვინვარებს. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში - ოლიმპიაშიც.

ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა.

ტყის ხანძრებს ებრძვიან თურქეთში, იტალიასა და ალბანეთშიც. ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.