თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, თუმცა რეალურად უკვე კარგა ხნის გაჩერებული აქვს. ბოლო 3 თვეა ქარხანას არ უმუშავია. ჰოდა, ამიტომაც ქარხნის მუშები მეორე დღეა ქარხნის ადმინისტრაციისგან კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული 1500-მდე ადამიანი ამ დროისთვის სამუშაოსა და რამდენიმე თვის ანაზღაურების გარეშეა დარჩენილი.
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ელმავლების წარმოებასა და შეკეთებას. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საწარმოს პრივატიზება მოხდა, თუმცა სახალმწიფო დაკვეთებს ქარხნის საქმიანობის დიდი ნაწილი ეჭირა.
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის გენერალური დირექტორი ზურაბ ცინცაძე გაფიცული თანამშრომლების პროტესტს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. ცინცაძის თქმით, მარტის თვე ჯერ არ დახურულა, ხოლო იანვარსა და თებერვალში საწარმო გაჩერებული იყო. თებერვლის თვეში მხოლოდ 4 დღე იმუშავა საწარმომ და ოთხი დღის ხელფასს თანამშრომლები 15 აპრილამდე მიიღებენ.
რაც შეეხება თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლების პრეტენზიებს სამუშაო პირობების უქონლობის გამო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გენერალურ დირექტორს თავისი პოზიცია აქვს. მისი თქმით, საწარმოებში თანამშრომლებს გასათბობად მართლაც კოცონები აქვთ დანთებული, რადგან საწარმოს გათბობა არ ხდება.
ზურაბ ცინცაძის განმარტებით, თუკი რომელიმე თანამშრომელს პირობები არ მოსწონს და ის ნორმები არ აკმაყოფილებს, რაც საწარმოშია, შეუძლიათ სხვა სამსახური მოძებნონ.
გენდირექტორის განცხადებით, თუკი აქამდე თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანას რაიმე ტენდერში მიუღია მონაწილეობა, ყველა ტენდერში გაუმარჯვია და არსებობს პერსპექტივა, რომ ტენდერში გაიმარჯვებენ და სხვა შეკვეთებსაც მიიღებენ. „ელმავალმშენებელსაც“ ამის იმედი ასულდგმულებს.
30 იანვარს საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შეკეთების მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერი საერთაშორისოა და მასში მონაწილეობა უცხოურ საწარმოებსაც შეუძლიათ, რომელებიც კონკურენტუნარიანი ფასის შეთავაზების შემთხვევაში ტენდერს მოიგებენ. ტენდერის ეროვნულ დონეზე კი ,,ელმავალმშენებელს” კონკურენტი არ ჰყავდა, რაკი ანალოგიური მომსახურების შეთავაზება საქართველოში მხოლოდ მას შეუძლია.
საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება მთავრობის 2012 წლის 18 იანვარის №14 დადგენილების საფუძველზე მოხდა, რომელიც რკინიგზას ნახევარ მილიონზე ძვირად ღირებული მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების საშუალებას აძლევს.
რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურია თქმით, ამჟამად ტენდერი ზეპირი ვაჭრობის ეტაპზეა მისული, ტენდერში კი, „ელმავალმშენებლის” გარდა, კიდევ 2 უცხოური კომპანია მონაწილეობს და რომელიც უფრო ნაკლებ თანხაზე დათანხდება, გამარჯვებულიც ის იქნება:
„ცხადია, ჩვენ, კანონმდებლობის დაცვით, გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი და მოვიდნენ სხვა კომპანიებიც და ვერანაირად ვერ ვეტყოდით ვერავის უარს ამ ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე. ბუნებრივია, შემოიტანეს განცხადება. ჯერჯერობით მიმდინარეობს ეს ტენდერი და როდესაც დასრულდება, საზოგადოებას გავაცნობთ ამ ტენდერის შედეგებს“, - ამბობს ცაგურია.
როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი შრომის კოდექსი დამქირავებელს აძლევს უფლებას მონურ შრომაში ამყოფოს დაქირავებული, მას ხელფასის დაგვიანებით გაცემის უფლება მაინც არა აქვს:
„თუ ადამიანმა შეასრულა სამუშაო, მას ეს სამუშაო ჰქონდა შესრულებული უკვე მოგებული ტენდერით განსაზღვრული. ამ სამუშაოს ხომ ვერ შეასრულებდა ის მუშა, რომელსაც ჯერ ტენდერი არ მოუგია? ეს არის შემდგომი. თუ ამ ორგანიზაციამ ეს ფული გახარჯა, ეს სხვა არის. მოქმედი შრომის კოდექსით, მაგ მუშებს მარტო იმ შესრულებული სამუშაოს ხელფასი კი არ აქვთ ასაღები, უკვე დაგვიანებულზე დამსაქმებელს 0,07%-იანი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს“, - აცხადებს მათურელი.
ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები, მათი სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გაუსტუმრებლობის შემთხვევაში, სამუშაოზე გამოცხადებას არ აპირებენ.