„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მომავალში ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება. როგორც კობახიძე ამბობს, აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ ეს აღარასდროს მოხდება.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის სურვილი და მოთხოვნა, არ მოხდება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ვადამდელ არჩევნებს კონკრეტული წინაპირობები აქვს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ დროისთვის მსგავსი წინაპირობები არ არსებობს და არც მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ვადის დადგომამდე გაჩნდება.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არანაირი მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, არც 2024 წელს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა და საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
„ოპოზიციას ნუ ექნება იმედი, რომ რიგგარეშე ან მორიგ არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებს, რომ დესტრუქციულად იქცეოდა, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ორ თვეშია არჩევნები და გაერთიანდნენ, წარადგინონ თავიანთი პლატფორმა, მიზნები, თუ აქვთ იმედი, რომ მხარდაჭერა ექნებათ, თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ არავითარი იმედი, რომ რომელიმე არჩევნებში გაიმარჯვებენ, არ აქვთ და ამიტომ უნდათ რიგგარეშე არჩევნების წინა პერიოდში ან ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის დროს სურათი დახატონ, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში.
ეს უკვე გავლილი სცენარია, ამას საზოგადოება და „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს. საზოგადოების მხრიდან მათ არ აქვთ მხარდაჭერა. როცა ოპოზიციაში ხარ, კარგი საშუალება გაქვს ჯანსაღად გააკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ ესენი ამ საშუალებას არ იყენებენ. ზოგი პოლიტიკოსი პირდაპირ აგინებს ამომრჩეველს და რატომ ჰგონიათ, რომ ქართული საზოგადოება მენტალურად ჩამორჩენილია, ვერ ვხვდები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დესტრუქციული ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა აშშ–ის ელჩი. კელი დეგნანის განცხადებით, როგორც დაგეგმილი იყო, არჩევნები ოქტომბერში გაიმართება და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ. მისივე თქმით, კვლავ ყურადსაღებია 19 აპრილის შეთანხმების პირობები, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ჩარჩოა რეფორმებისთვის.
„ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა მოლაპარაკებებს ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და იყო კიდეც. ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში.
19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება იყო ის, რომ ის იყო მრავალპარტიული შეთანხმება. საქართველოს თითქმის ყველა ლიდერმა მოაწერა მას ხელი, ყველა მათგანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ გზამკვლევში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩოს რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომავალში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა.
იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ლევან იოსელიანი არ აპირებს თავში ხელი შემოირტყას და თქვას, ოპოზიცია დაიღუპა. „მოქალაქების“ წევრი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიზანი საკრებულოში მეტი დეპუტატის შეყვანა უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა სწორედ საკრებულოშია შესაძლებელი.
„ჩემი აზრით, ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რომ რეალურად, უკეთესი საკრებულო მოვიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაწყვეტილი. რაც შეეხება რიგგრეშე არჩევნებს, იცით, რომ ამაზე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს – ჩვენ რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიგვაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, გავიმეორებ, ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყამ და არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ.
რეალურად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი, დავინახეთ, რომ ვერანაირ რეალურ პრობლემაზე კონცენტრირება ვერ მოვახდინეთ, ვერ მივიღეთ ვერც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტში, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებას გახდიდა უკეთესს, შეამსუბუქებდა და გამოიყვანდა იმ მდგომარეობიდან, რაშიც არიან, საუბარია განათლებაში დაგროვილ პრობლემებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამ პრობლემების გადაჭრა საკრებულოში ხდება“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
თუკი „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში 43%–ს ვერ მიიღებს, ასეთ შემთხვევში „გირჩი“ ფიქრობს, რომ გამოიძებნება გზები, როგორ ჩატარდეს 2022 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, როგორც ეს შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია უკეთესად უნდა მოემზადოს ან 2024 წლის არჩევნებისთვის, ან იმისთვის, რომ ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში და ხელისუფლებას ძალით ჩაანიშნინოს რიგგარეშე არჩევნები. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა არ ეუბნება ხალხს, რისთვის იბრძვის.
„ხელისუფლება თავისი ნებით არ ატარებს ხოლმე არჩევნებს. რაღაც უნდა ხდებოდეს ისეთი, რომ იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია 43 პროცენტზე ნაკლები აიღოს, რომ ოპოზიციას მორალურად გამართული პოზიცია ჰქონდეს. ასევე აუცილებელია, ხალხმა იცოდეს, რომ ოპოზიცია რომ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, იქ რომ მოიგოს ოპოზიციამ, რა შეიცვლება მათთვის.
ოპოზიცია მთავარ შეცდომას უშვებს, როცა ხალხს არ ეუბნება რისთვის იბრძვის, გარდა იმისა, რომ უნდა „დაამხონ ქოცები“. ხალხისთვის ეს არ არის ის მთავარი პერსპექტივა, რისთვისაც ბრძოლას გააგრძელებენ, მათთვის ეს პერსპექტივა არის ისეთი ქვეყანა, სადაც მათ ცხოვრება მოუნდებათ“, – უთხრა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება რიგგარეშე არჩევნებზე არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს.
„ეს არ არის პირველი განცხადება, როცა „ქართული ოცნება“ გადათქვამს თავისივე პირობას, ასე იყო პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასეა შარლ მიშელის დოკუმენტზე, საერთოდ სჩვევია „ქართულ ოცნებას“ გადათქვას ადრე ნათქვამი. ასე რომ, ახლა, როცა ამბობს, რომ 2024 წლამდე არ იქნება არჩევნები, მას მოუწევს გადათქმა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. კობახიძის ეს ფრაზა არის სუსტი და რეალობას აცდენილი ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი.
ჩვენ ვიცით მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და ასევე ვიცით, რომ მათივე კვლევებითაც 30 პროცენტზე მეტი არ უგოვრდება „ქართულ ოცნებას“, როგორც წარმოგიდგენიათ 1/3–ის მხარდაჭერის პირობებში უვადოდ დარჩენენ ხელისუფლებაში, ეს არ არის ლუკაშენკოს ბელარუსი და არც პუტინის რუსეთი. მათ ეშინიათ და ამიტომ აკეთებენ რეალობისგან აცდენილ განცხადებებს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„ლელოში“ კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს არც ერთ შემთხვევაში არ დანიშნავენ, მხოლოდ მათი პარტაქტივის წინასაარჩევნოდ მობილიზებას ემსახურება. ბანკირების პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წააგებს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ, ამას ორი წინაპირობა აქვს – ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალდებულებები რუსეთთან და „ოცნების“ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, თუნდაც ეს ქვეყნის ევროატლანიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდეს... სად არის გამოსავალი? „ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 ში, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. დროა საზოგადოების სრული მობილიზების და გაერთიანების“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.