ბოლო პერიოდში არაერთგზის დაისვა შეკითხვა, თუ ვინ არის დამნაშავე ერთი წლის ბავშვის შიმშილით დაღუპვაში?! საზოგადოების ერთი ნაწილი გოგიტა აბაშიძის დაღუპვას საპროტესტო აქციებით აპროტესტებდა, რადგან დაღუპულის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში არ შეიყვანეს. ისიც საინტერესოა, რომ გოგიტა აბაშიძის მდგომარეობის შესახებ პირველად სოფელში ხანძრის პრობლემების გასაცნობად მისულმა გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შემთხვევით შეიტყვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვს შეძლებული ნათესავებიც აღმოაჩნდნენ, რომლებიც მხოლოდ დაკრძალვაზე გამოჩნდნენ.
ფაქტია, რომ ერთი წლის ბავშვის წონა 4 კგ და 200 გრამი იყო, დაახლოებით იმდენივე, რამდენიც დაბადებისას და ის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ბავშვს სხეულის მასის დეფიციტის ფონზე განუვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი საქმე გააკეთა.
დღეს უკვე საუბრობენ, რომ ბავშვის დაღუპვაში კომპლექსური გულგრილობა იკვეთება და ისიც დასადეგენია, რამდენად რეალურია მოარული ხმები, რომ ბავშვის მამას სტაბილური სამსახური ჰქონდა. მოკვლევა დაწყებულია და, შესაძლოა, ჩვილის მშობლებს სხვა ბავშვებზე მეურვეობაც ჩამოერთვათ. თუმცა, ფაქტია, რომ ამით სხვა ბავშვების დასჯა გამოსავალი არ არის.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით! თუმცა ფაქტია, რომ ნაციონალების მმართველობის დროს ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ და შიმშილის სტატისტიკა გაცილებით საგანგაშო იქნებოდა, რეალობა შელამაზებულად რომ არ გადმოეცათ. მათ შორის, არავინ იცის, რამდენი ბავშვი იღუპებოდა ნაციონალების დროს ამ ნიშნით.
საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ For.ge-ს სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე ესაუბრება.
- საერთოდ, ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში მაღალია. ოფიციალური მონაცემები, რასაც აქამდე აქვეყნებდა სამოქალაქო რეესტრი და მისი ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, არასანდოა. იგი სხვადასხვა დემოგრაფიულ მონაცემს აყალბებდა და მავნებლურ სტატისტიკას ეწეოდა. სინამდვილეში, ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალია. თუ ავიღებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მონაცემს, იქ წერია, რომ 2010 წლის მონაცემით, ერთ წლამდე ჩვილთა მოკვდავობა უდრის 33 პრომილეს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე ერთ წლამდე ასაკში საქართველოში 33 ბავშვი გარდაიცვალა. თუ ეს მართლაც ასეა, საგანგაშო მაჩვენებელია და ევროპაში ყველაზე წინ ვდგავართ ამ მაჩვენებლით. მით უფრო, რომ ისედაც 60 ათასი ჩვილი იბადება. 2004-2005 და სხვა წლებში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზე იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. 24 პრომილე იყო ეს მაჩვენებელი, ანუ ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 24 იღუპებოდა. შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა და სამოქალაქო რეესტრს თუ ვერწმუნებდით, დავიდა 12-ზე. თუმცა 12-იც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე საქართველოში 12 ბავშვი იღუპებოდა ერთ წლადე ასაკში.
გაეროს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა ჩამორჩენილი ქვეყნების მაჩვენებელს ემსგავსება?
- დიახ, ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებს ვემსგავსებთ. ევროპაში კი, ფაქტობრივად, პირველ ადგილზე ვდგავართ ამ მაჩვენებლით. რაც შეეხება აჭარაში მომხდარ კონკრეტულ შემთხვევას, ქართველი ხალხი ისეთი ურთიერდამხმარეა, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ოჯახს მხარში არ ამოუდგნენ. ეტყობა, ეს ბავშვი ავად იყო და მშობლებმა დროულად არ მიიყვანეს ექიმთან, თორემ არ ხდება ისე, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შიმშილით დაიღუპოს. მესმის, ძალიან ბევრს უჭირს, მაგრამ საქართველოში, მით უმეტეს, სოფლად მეზობელი ერთ ლუკმას მაინც უწილადებდა. სხვანაირი ქართული სოფელი მე არ მეგულება. ამიტომ, ერთი კონკრეტული მონაცემით ვერ ვიმსჯელებთ, რომ არიქა, ბავშვები საქართველოში შიმშილით კვდებიან.
ამ ფაქტის შეფასებისას მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 21-ე საუკუნეში შიმშილით არცერთი ბავშვი არ უნდა დაიღუპოს. ადრეც თუ იყო ასეთი შემთხვევები?
- ადრეც იყო ასეთი შემთხვევები. სააკაშვილი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე მხოლოდ ცრუობდა და ტყუილზე აქვს აგებული თავისი მოღვაწეობა.
გულისხმობთ იმას, სამშობიაროებში რომ მიდიოდა და ბავშვები მაინცდამაინც მისი მისვლისას რომ იბადებიდნენ?!
- რა თქმა უნდა, თუ არ ვცდები, ყვარელში იყო და ასეთნაირად თქვა, დღეს 20- თუ 24 ბავშვი დაიბადაო. არადა, გამორიცხულია, ასეთი დიდი რაოდენობით დაბადებულიყვნენ ბავშვები საქართველოში.
თუ აჭარელი ბავშვის დაღუპვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ეს ბავშვი არც დაბადებულა. თუ ავადმყოფი დაიბადა, ამ შემთხვევაშიც, ნაციონალების ზეობის პერიოდში დაიბადა და მას ყურადღება არ მიაქციეს.
- დიახ, ბავშვი ნაციონალების მმართველობაში ყოფნისას დაიბადა. სწორედ ის, რომ თავიდანვე ყურადღება არ მიექცა ამ ბავშვს, დამაფიქრებელია. როგორც ჩანს, ამ ბავშვს სხვადასხვა ავადმყოფობა და განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორები ჰქონდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ამან თავი იჩინა და ის გარდაიცვალა. ორსულობის დროსაც და მშობიარობის შემდეგაც დედამისს გამოკვლევა ესაჭიროებოდა. ასე რომ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ნაციონალების ან „ოცნების“ ბრალია. მაგრამ მთავარია, რომ "ნაცმოძრაობის" დროს არავითარი ყურადღება არ ექცეოდა მოსახლეობის დემოგრაფიულ პრობლემებს.
და არაერთი ბავშვი შიმშილობდა.
- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, მოსახლეობის დაბალი და საშუალო ფენა შიმშილობდა. საქართველოს მოსახლეობის 13 %-ს შემოსავალი ჰქონდა ერთი დოლარისა და 25 ცენტის ოდენობით, რაც ორი ლარია დღეში. ეს ნიშნავს, რომ 600 ათასი ადამიანი შიმშილობდა საქართველოში. მაშინ, როცა მეზობელ სომხეთში ასეთი ღარიბი ფენა იყო მხოლოდ 4 %, თურქეთში იყო 3 %, ხოლო აზერბაიჯანში - მოსახლეობის 2 %. ჩვენი 13 % კი ასეთ მდგომარეობაში ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
იმ პერიოდში რა რაოდენობის ბავშვები იღუპებოდნენ შიმშილით?
- დაბალკალორიული კვება ჰქონდათ ორსულ ქალებს, რაც სხვადასხვა დაავადებას იწვევდა და გავლენას ახდენდა ჩვილებზე. სწორედაც ამ წლებში გახშირდა ჩვენთან ნორმიდან გადახვეული ბავშვების დაბადების შემთხვევები. ავადმყოფი ჩვილები იბადებოდნენ და ყველაფერი წრეზე მიდიოდა. „ქართული ოცნება“ უკვე ცდილობს და ბავშვის დაბადება აბსოლუტურად უფასო ხდება. ეს დაახლოებით 50-60 მილიონის ამბებია. გარდა ამისა, მუშავდება ორსულობამდე ქალის მოვლა-პატრონობის პროგრამები. ალბათ, გაიზრდება დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობა და მათი ანაზღაურება.
კომუნისტების დროს დიდი იყო ამ ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი?
- კომუნისტების დროს ისეთი მაღალი არ ყოფილა მოკვდავობის მაჩვენებელი, რაც "ნაციონალების მმართველობის" წლებში იყო. ბოლო წლებში შეამცირეს ეს მაჩვენებელი და ალბათ, გამიზნულადაც, დაბალი მაჩვენებელი აჩვენეს, რომ ვითომ მთელ ქვეყანაში არ კვდებოდნენ ბავშვები. კომუნისტებს ეს მაინც ჰქონდათ, რომ ერთ წლამდე ბავშვი ვისაც ჰყავდა, ერთ ლიტრ რძეს უფასოდ აძლევდნენ. გარდა ამისა, დეკრეტული შვებულება უფრო ხანგრძლივი იყო ექვსი თვის განმავლობაში. ქალს შეეძლო, სამ წლამდე უფასო შვებულება აეღო ისე, რომ სამუშაო ადგილს არ კარგავდა. ისეთი შეღავათები იყო, რაც ხელს უწყობდა ბავშვის ჯანსაღ აღზრდას. სომალიში და ასეთ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობას კი ის იწვევს, რომ იქ ძალიან დაბალ დონეზეა ბავშვის მოვლა-პატრონობა, ორსულის პატრონაჟი, კვალიფიცირებული ექიმებიც არ ჰყავთ. 2010 წლის მონაცემით, აფრიკის სახელმწიფოში - ჩადიში ყოველ ათასზე 127 ბავშვი იღუპება. თუნდაც ჰაიტიში 62 ბავშვი კვდება ყოველ ათასზე. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კი (საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ინგლისში), ასევე, იაპონიაში 3-4 ჩვილი იღუპება ერთი წლის ასაკში. მაგალითად, 2002 წელს საქართველოში ერთ წლამდე ასაკში 1102 ბავშვი გარდაიცვალა, ანუ ყოველ ათას დაბადებულზე 24 ბავშვი და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2011 წელს კი ერთ წლამდე ასაკში გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობამ 703 ბავშვი შეადგინა და ეს არის 12 ბავშვის სიკვდილიანობა ყოველ ათას დაბადებულზე. კიდევ უფრო შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ციფრები, თუ ბავშვთა მოკვდავობას ხანგრძლივ პერიოდში განვიხილავთ. კერძოდ, 1980-2011 წლებში, ანუ 32 წლის განმავლობაში 49 ათასი ბავშვი გარდაიცვალა საქართველოში ერთ წლამდე ასაკში, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენი ბავშვიც ქვეყანაში დაიბადა 2007 წელს.
სამწუხაროდ, ამით როდი მთავრდება ყველაფერი. ასევე, მაღალია, მკვდრად დაბადებულთა რიცხვი, 2011 წელს 554 ბავშვი მკვდარი დაიბადა. ეს მაჩვენებელი წინა წლებში უაღრესად მაღალი იყო. კერძოდ, 1998 წელს 1130 ბავშვი მკვდარი დაიბადა. 1980-2011 წლებში კი მკვდარი დაიბადა თითქმის 21 500 ბავშვი. ამიტომ ამ პერიოდში ერთ წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა და მკვდრად დაბადებულთა რაოდენობამ 71 022 ბავშვი შეადგინა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ბავშვთა უკეთ მოვლა-პატრონობის პირობებში განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლების დონეს თუ მივაღწევდით, მაშინ 1980-2011 წლებში დაახლოებით 56 ათას ბავშვს შევუნარჩუნებდით სიცოცხლეს. ცნობილი ფრანგი დემოგრაფი ალფრედ სოვი აღნიშნავდა, რაც არ უნდა დიდი იყოს დანახარჯები, ვერცერთი ფინანსისტი უარს ვერ იტყვის სახსრებზე, რაც აუცილებელია ბავშვთა მოკვდავობის შესამცირებლად, რადგან არ შეიძლება ბავშვს გამოვუტანოთ სიკვდილის განაჩენი, რათა უზრუნველვყოთ ცოცხლად დარჩენილთა უფრო უკეთესი ცხოვრება.
რაც შეეხება კომუნისტებამდე არსებულ დაღუპვის შემთხვევებს, მაშინ ყველგან დიდი მაჩვენებელი იყო. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში ყოველ ათას დაბადებულ ბავშვზე თითქმის 300 ბავშვი ერთ წლამდე იღუპებოდა. ეს ვრცელდებოდა საქართველოზეც, თუმცა აქ მოკვდავობა შედარებით დაბალი იყო, ვიდრე რუსეთის იმპერიაში. საქართველოში მაინც ჯანსაღი ჰაერი იყო, საჭმელი მაღალკალორიული გვქონდა. შემდეგ ეს მონაცემები შემცირდა და ეკონომიკურად განვითარებულ და განათლებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 3, 4 და 5 ბავშვამდე ერთ წლამდე ასაკში ყოველ ათას დაბადებულზე.