ფოთი - გაფიცვის ეპიცენტრი

ფოთი - გაფიცვის ეპიცენტრი

ფოთში ყოველ კვირა გაფიცვებია. პორტის თანამშრომელთა გამაფრთხილებელი გაფიცვა დასრულებული არ იყო, რომ მეტალურგიული ქარხნის მუშები გაუფრთხილებლად გაიფცნენ და პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს. ჯერჯერობით დაპირისპირებულებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. რამდენადაც ფოთის პორტშიც ვითარება მუდმივად დაძაბულია, გამორიცხული არ არის, მეტალურგების გზას ისინიც დაადგნენ.

ფოთში შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას” მუშები უკვე მეოთხე დღეა გაიფიცულები არიან. მათი განმარტებით ქარხანაში დასაქმებულთათვის გაუსაძლისი შრომითი პირობებია: არ არის დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები. მუშების თქმით, ხელფასები კონტრაქტით განსაზღვრულ ვადის ფარგლებში არ ერიცხებათ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ქარხნის ადმინისტრაციამ სამსახურიდან შვიდი თანამშრომელი უკანონოდ გაანთავისუფლა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

ქარხნის გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად აქციას “საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის” პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე შეუერთდა. მისი განმარტებით, თანამშრომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქცია არ შეწყდება და მუშაკთა პროფკავშირი მათ უფლებებს ბოლომდე დაიცავს.

გუშინ კი გაფიცული ფოთელი მეტალურგების ორმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. “ვითხოვთ, იმ შვიდი ადამიანის სამსახურში დაბრუნებას, რომელიც ადმინისტრაციამ აზრის ღიად გამოხატვის გამო დაითხოვა. შიმშილობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ იქნება ის მოთხოვნები დაკმაყოფილებული, რომელსაც სამართლიანად მივიჩნევთ”, - განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი თევზაძემ.

სამსახურში დაბრუნებასა და მუშაობის უფლებას ითხოვენ ქარხნის ის თანამშრომლები, რომლებიც გაფიცვას არ უერთდებიან, მათ შორისაა ინდოეთის ასამდე მოქალაქე.

გაფიცულ მეტალურგებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ფოთის ქართულ-ინდურ მეტალურგიულ ქარხანაში მიმდინარე შიმშილობისა და გაფიცვის შესახებ საწარმოს მხრიდან კომენტარი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი გუჯაბიძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.

გუჯაბიძის განმარტებით, გზის პიკეტირების გამო, იმ თანამშრომლების მუშაობა იზღუდება, რომლებსაც სამუშაო ადგილებზე დაბრუნება სურთ.

“მივეცით სიტყვიერი გარანტია, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი იქნებოდა დაკმაყოფილებული იმ ნაწილში, სადაც ითხოვდნენ საშხაპეებსა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ამის შემდეგ, მათ წამოაყენეს პირობა, სამსახურიდან დათხოვნილი შვიდი ადამიანის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ განვუმარტეთ მათ, რომ ეს იყო ცალკე განხილვის თემა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებითაც შევძლებდით დღის განმავლობაში მოლაპარაკებას. ამის მიუხედავად, მათ უარი განაცხადეს დაშლაზე და გზის პიკეტირება გრძელდება, რაც ზღუდავს სხვა მოქალაქეების უფლებებსა და ქარხნის ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას”, - განაცხადა გუჯაბიძემ.

მისი მტკიცებით, სამსახურიდან დათხოვნილმა შვიდმა ადამიანმა სამუშაო დისციპლინა დაარღვია. “ამასთან, ხორციელდება ზეწოლა გაფიცულების მხრიდან იმ კონტიგენტზე, რომელთაც მუშაობის გაგრძელება სურთ”, - აღნიშნა გუჯაბიძემ.

ასეთი თანამშრომლები ქარხანაში მართლაც მოიძებნებიან. “ვისაც მუშაობა და ქარხნის ტერიტორიაზე შესვლა გვინდა გაფიცული თანამშრომლები ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენ მივმართეთ ქარხნის ადმინისტრაციას, რომ დაგვხმარებოდნენ, გზა მოეცათ და მუშაობა გაგრძელებულიყო, რასაც ამ დრომდე ვერ ვახერხებთ”, - აცხადებს ქარხნის თანამშრომელი ზვიად მირცხულავა, რომელიც გაფიცულთა მოთხოვნებს არ იზიარებს.