რამდენიმე დღე და ტოკიოს ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდება. საქართველოს დელეგაციის „ამომავალი მზის“ ქვეყანაში გამოსვლას, ალბათ, მომავალში არაერთი წერილი და ანალიზი მიეძღვნება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურებმა იაპონიაში თავი არ შეირცხვინეს და რიოს ოლიმპიადაზე დამაჯერებლად იასპარეზეს.
ტოკიოს თამაშებს კი ერთი უგვირგვინო მეფე ჰყავს. არა იმიტომ რომ ქართველია - არა. ვერ ვიხსენებ კონკრეტული ათლეტის ასპარეზობას რომელიც თავის მოწინააღმდეგეებს შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე თავით აღემატებოდა. დიახ, საუბარი ძალოსან ლაშა ტალახაძეზე მაქვს.
საჩხერელი დევგმირის გამოსვლის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში ახალი და ცინცხალი ანეკდოტი გავრცელდა: „მაი დევიჯერო ტოკიო-საჩხერე მარშრუტკა არ დადის, რო ეგე ის მედლები მძღოლითვინ გემეეტანებინაათ? რას დაატარებენ ამ კაცს ამხელა გზაზე?“ ამ რამდენიმე წინადადებაში ყველაფერია ნათქვამი. იმდენად დიდი იყო ტალახაძის უპირატესობა, თან ნებისმიერ წონას ისე დამაჯერებლად ამარცხებდა, რომ ერთი კითხვაც დამებადა: - სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი? კაცი, რომლის კონკურენტი მხოლოდ საკუთარი თავი და მის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდებია. სხვა კონკურენტი მას არ ჰყავს.
ქართველის გაჩემპიონობას არაერთი ცნობილი უცხოური მასმედიის საშუალებაც გამოეხმაურა. მაგალითად პრესტიჟულმა NBC-იმ ლაშას შემდეგი სიტყვები მიუძღვნა: „ყოველი აწევისას დიდი ქართველი ეჭვის საფუძველს თითქმის არ ტოვებდა, ის უბრალოდ ნომერი პირველი გახლდათ. ამის შემდეგ ერთადერთი კითხვა რჩება: როდის დასძლევს 27 წლის სპორტსმენი 500-კილოგრამიან ზღვარს?“
ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს და დარწმუნებული ვარ, ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება.
გუშინვე ცნობილი გახდა რომ ტალახაძე ტოკიოში მიღწეული წარმატებისათვის საქართველოს მთავრობისაგან მილიონ ხუთასი ათასი ლარით დაჯილდოვდება. ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს. გარდა ამ თანხისა, ლაშა საქართველოს მთავრობისგან კიდევ 500 000 ლარით დასაჩუქრდება – 300 000 ოლიმპიური რეკორდისთვის, ხოლო 200 000 მსოფლიო რეკორდისთვის.
საქართველოში როგორ იქნება, რომ ნებისმიერმა ამბავმა რაიმე „აჟიოტაჟი“ არ გამოიწვიოს. ასე მოხდა ლაშა ტალახაძის შემთხვევაშიც.
„მსოფლიოს უძლიერესი და უმდიდრესი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები, ოლიმპიადაზე ოქროს მედლის ამღებ სპორტსმენს 38 ათას დოლარს ჩუქნის. უღარიბესი და უსაცოდავესი საქართველოს პრემიერი კი 1 მილიონ ლარს დაჰპირდა.
არა, მე კი ვიცი, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯანსაღი ცხოვრების დიდი პროპაგანდისტია და სპორტით სუნთქავს და საზრდოობს, მაგრამ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის ხარჯზე ქულების დაწერას ხომ არ გავს-თქო. ეს ისე, ჩემთვის ვიფიქრე...“
ამ სტატუსმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ზოგი პოსტის ავტორს აკრიტიკებდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ეთანხმებოდნენ ტოკიოს თამაშების ქართველი გამარჯვებულებისთვის ერთი მილიონი ლარის გადაცემას და მთავრობის ამ ნაბიჯს ქვეყნისათვის უსაფუძვლო ფუფუნებად მიიჩნევდნენ.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ლაშა ტალახაძემ უდიდესი სიხარული მოგვიტანა და იმისი გარჩევა თუ რა თანხა ეკუთვნის სრულ უაზრობად მეჩვენება. რას იზამ, ეს საქართველოა, სადაც ყველაფერს აკრიტიკებენ და აქილიკებენ. ერთიცაა, სანუკვარი მიზნის მისაღწევად ლაშა ტალახაძეს იმდენი შრომა და ოფლი აქვს დაღვრილი, ამავდროულად ქვეყნის საერთაშორისო სახელის მოსაპოვებლად იმდენი აქვს გაკეთებული, რომ მისთვის რამდენიმე მილიონი დოლარიც კი არ მენანება.
ოლიმპიური თამაშები კი, თავის გზას მიუყვება. ეს ინფორმაცია ალბათ, ქართველ პარლამენტარებს დააინტერესებთ. უკრაინელმა დეპუტატმა ტოკიოში ოქროს მედალი მოიპოვა. მოჭიდავემ, ჟან ბელენიუკმა, რომელიც 2019 წელს უკრაინის რადაში მმართველი პარტიის სიით მოხვდა, ოლიმპიადის ფინალში უნგრელი ვიქტორ ლორინცი დაამარცხა და უკრაინის სპორტულ დელეგაციას ტოკიოში პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მართლაც ყურადსაღები ამბავია, თავად კი იმაზე ჩავფიქრდი, ამჟამინდელი ქართველი მამაკაცი პარლამენტარებიდან რომელს შეეძლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა?!
ავსტრალიელმა ცხენოსანმა ენდრიუ ჰოიმ ორი მედალი მოიპოვა - ბრინჯაო ინდივიდუალურ შეჯიბრში და ვერცხლი გუნდურში. მკითხველი იკითხავს, მერე რა მოხდაო? მოხდა ბატონებო, ნამდვილად მოხდა. საქმე ისაა, რომ ენდრიუ ჰოი 62 წლის გახლავთ. ოლიმპიადაზე მერვედ იასპარეზა. პირველად ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში 1984 წელს და უკვე 6 ოლიმპიური მედალი აქვს.
„როდესაც ამ სპორტში გამოსვლა დავიწყე, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ახლა კი, როცა ოლიმპიურ სოფელში მხვდებიან, ყველას ოფიციალური პირი ვგონივარ, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ სპორტსმენი ვარ“, - განაცხადა ჰოიმ, რომელმაც პირველი ოლიმპიური მედალი 1992 წელს, ბარსელონაში მოიპოვა, ხოლო ტოკიომდე ბოლოს მედალი სიდნეიში 2000 წელს ჰქონდა მიღებული.