რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსი სამხედროების ტავუშის ოლქში, კერძოდ სოფელ ვოსკეპარში ყოფნის თაობაზე, ვაცხადებთ, რომ რუსი მესაზღვრეები აღნიშნულ რაიონში განთავსდნენ და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ზურგის მხარდაჭერის ორგანიზების კუთხით. ეს პროცესი სომხეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
29 ივლისს ნიკოლ ფაშინიანი წინადადებით გამოვიდა, აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტები განლაგდეს.
28 ივლისს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.