საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით ტყის ხანძარი განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საბერძნეთის პრემიერ -მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საგანგებო დახმარების სამსახურებს რთული ღამე ელოდებათ, რადგან დასავლეთის ქარი გაძლიერდება. მან მოსახლეობას მოუწოდა, ევაკუაციის შესახებ ბრძანებები შეასრულონ და თავიდან აიცილონ არასაჭირო გადაადგილება.
„ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცედენტო სიტუაციასთან, რადგან მრავალდღიანმა სიცხემ მთელი ქვეყანა დენთის კასრად აქცია“, - აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ -მინისტრმა.
საბერძნეთში 100-ზე მეტ ტყის ხანძარს ებრძვიან. ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღა 1987 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ტყის ხანძრებს ებრძვიან ასევე თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში. ევროკავშირის კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში, საბერძნეთში, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში მეხანძრეებსა და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან.