„სახეზე გვაქვს აპარტეიდი აფხაზეთში ქართველების მიმართ, ამის გამოხატულებაა ბებუას ეპიზოდი - სიმბოლოკის შეურაცხყოფისთვის 9-წლის შეფარდება ბარბაროსობაა“

„სახეზე გვაქვს აპარტეიდი აფხაზეთში ქართველების მიმართ, ამის გამოხატულებაა ბებუას ეპიზოდი - სიმბოლოკის შეურაცხყოფისთვის 9-წლის შეფარდება ბარბაროსობაა“

ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. დე ფაქტო უწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუწოდებს, ნუ ამახინჯებს ფაქტებს და ავრცელებს ვარაუდებს.

თეა ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. როგორც მინისტრმა უწყების 10–წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, პანდემიის პირობებშიც გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ახალგორის რაიონში, სადაც შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.

რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბებუას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. საქმე ეხება სეპარატისტული დროშის დაწვას. კერძოდ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული, დაწვა სცადა. ბებუა ადგილზე დააკავეს.

აფხაზურმა პროკურატურამ ბებუას ბრალი სამი მუხლით წაუყენა – სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა; სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან „მძიმე შედეგები“ და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. ბრალდებულმა ბებუამ წარდგენილი სამი ბრალდებიდან თავი დამნაშავედ ცნო ორ ბრალდებაში, რაც შეეხება საბრძოლო მასალის შენახვას, ბებუა ამ ნაწილში თავს დამნაშავედ არ თვლის.

დე ფაქტო სასამართლომ, რომელსაც მოსამართლე დენის აშუბა თავმჯდომარეობდა, დამნაშავედ ცნო ბებუა და ჩადენილი დანაშულების ერთობლიობის შესაბამისად 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი, ჯემალ გოგია „ეხო კავკაზას“ შეკითხვაზე, თუ რატომ წაუყენეს ბებუას ბრალი მუხლის იმ ნაწილით, რომელიც „მძიმე შედეგებზე“ ლაპარაკობს – დე ფაქტო სისხლის საამრთლის კოდექსის 164–ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთის განსაკუთრებულად ხანგძლივ ვადას ითვალისწინებს, აღნიშნა, რომ „ასეთია სახელმწიფო დროშის დაწვა იმ დღეს, როცა ქვეყანა აღნიშნავდა აფხაზი ხალხის გამარჯვებას 1992–1993 წლების სამამულო ომში“.

ბებუა, საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს. ოჯახი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სუსტია და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საპატიმროში დიდხანს დაყოვნდეს. ოჯახის ინფორმაციით, პატიმარს აწუხებს თავისა და კუჭის ძლიერი ტკივილები. ბრალდებულთან იმყოფებოდა ექიმი, მაგრამ ექიმის მხრიდან რა დასკვნა დაიდო, ოჯახისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც ცნობილია, გალის რაიონი ერთადერთი მხარეა აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად ქართველები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ 1992–93 წლებში აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ, მათ გალის რაიონში დაბრუნების უფლება მისცეს, ამის მიუხედავად ადგილობრივების მდგომარეობა მძიმეა.

კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის გაცვლა მოხდა უძიმეს საქემეზე ბრალდებულ გობოზოვზე, ეს იყო ადამიანი, რომელმაც რუსეთ–საქართველოს საზღვარზე ჩაიდინა უმძიმეს დანაშაული – მკვლელობა.

„როდესაც ასეთ სერიოზულ დამნაშავეს აძლევ მეორე მხარეს, რატომ მხოლოდ გახელაძე და არა ბებუა? არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული და საერთოდ, სიმბოლიკის დაწვა არ არის ტრაგედია. ბებუას და გახელაძეს ადამიანები არ მოუკლავთ. გობოზოვი კი არის მკვლელი. მარტივი კითხვაა – თუ ქართული მხარე ათავისუფლებდა მკვლელს, რატომ არ ჩაიწერა ამ სიაში გახელაძესთან ერთად ბებუა და ბესტაევი? ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია.

მე მგონია, რომ ადგილი აქვს სრულიად არაკვალიფიციურ და არაკომპეტენტურ ქმედებას ქართული მხრიდან, როცა გობოზოვში არ მოითხოვეს ბებუა და ბესტაევი, რომელიც ასევე ცხინვალის ციხეშია. ჩვენი არაკომპეტენტურობით ორი პატიმარი დავტოვეთ ციხეში. მთავარი ამოცანა იყო ჩაექროთ ცეცხლი, როგორმე დაემშვიდებინათ გახელაძის ოჯახი და ამ დროს არც კი გაახსენთად, რომ ჰყავდათ ბებუა და ბესტაევი გამოსაყვანი“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ირაკლი ბებუას ციხეში ჯდომა ასეთი არადეკვატური სასჯელით, არის ბარბაროსობა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების არ გაგააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზების უკან დგანან რუსები.

„რუსები რა „მეგობრული“ განწყობით გამოირჩევიან საქართველოს მიმართ, ეს ჩვენ ვიცით. ამით შეგულიანებული აფხაზები ყველაფერს აკეთებენ და იქცევიან ისე, როგორც უნდათ. ჩვენ სახეზე გვაქვს აპარტეიდი აფხაზეთში ქართველების მიმართ. ამის ერთ–ერთი გამოხატულება არის ბებუას ეპიზოდი. სიმბოლოკის შეურაცხოფისთვის 9-წლიანი მუხლის შეფარდება თავისთავად ეს არის ბარბაროსობა.

მოდით, ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებას რა ბერკეტები აქვს აფხაზებთან მიმართებაში – შეუძლიათ გადაკეტონ საზღვარი, მაგრამ დაზარალდება ისევ საქართველოს მოსახლეობა. შეუძლია არ მიიღოს აფხაზი ავადმყოფები და უარი თქვას ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე, ასეთ შემთხვევაში რას მივიღებთ? - არაფერს. სამხედრო–სადაზვერვო მოქმედებების საშუალება არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“, – აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამორიცხულია სამხედრო რიტორიკა. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს ბებუსასთვის – ეს არის სასჯელის შემსუბუქება და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები მის გასათავისუფლებლად.

„თუ რამე კოზირი აქვს საქართველოს მთავრობას, ეს კოზირები გამოიყენოს. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი ასეთი ტიპის ინციდენტი აუარესებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას და მეორე მხრივ, იმისთვის რომ შიდა პოლიტიკური ვითარება არ გაუფუჭდეს ხელისუფლებას, მათ უწევთ დათმობებზე წასვლა რუსულ და აფხაზურ მხარეებთან და ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენი სისუსტით კარგად სარგებლობენ აფხაზები და რუსები და ბოლომდე გვაჭერენ წიხლის. თუმცა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება. შეიძლება სხვაგვარად შეიცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება და ვინც ახლა ასე სარგებლობს ჩვენი სისუსტით, შეიძლება თვითონ აღმოჩნდნენ მსგავს ვითარებაში. ასე რომ, ძალიან ნუ გაერთობიან, ეს იქნება ჩემი მათთდამი რჩევა. იმიტომ, რომ ისტორიამ ბევრი ასეთი მაგალითი იცის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.