კადეტები ხელოვნების მუზეუმში (ვიდეო)

კადეტები ხელოვნების მუზეუმში (ვიდეო)

დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები სტუმრობდნენ. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ლიცეუმის მსმენელებმა ნაპოლეონის ეპოქისადმი მიძღვნილი გამოფენა „ნაპოლეონი და მისი ეპოქა“დაათვალიერეს. მათ გამოფენის ავტორმა, „ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების“ წევრმა, პროფესორმა ივანე მენთეშაშვილმა უმასპინძლა და ლექცია-სემინარის ფარგლებში ფრანგი გენერლის ცხოვრებასა და სამხედრო მოღვაწეობაზე ესაუბრა.
კადეტებს შესაძლებლობა ქონდათ ფრანგი და იტალიელი მხატვრების - ჟაკ-ლუი დავიდის, ფრანსუა ჟერარისა თუ ლორენსო ბარტოლინის ნამუშევრებს გაცნობოდნენ. სტუდენტებმა შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავს ღონისძიებებზე დასწრების საშუალება მომავალშიც ექნებათ.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილის, კაპიტან გიორგი მაისაშვილის თქმით, დღევანდელი ლექცია-სემინარი მნიშვნელოვანია არა მარტო ინფორმაციული თვალსაზრისით, არამედ, კადეტების, როგორც მომავალი ოფიცრების ჩამოყალიბების კუთხით.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ განათლების დარგში, მიხეილ წერეთელმა კადეტებთან შეხვედრას განსაკუთრებული დღე უწოდა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ეროვნული მუზეუმი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს. მათ ჯართან რეგულარულად შეხვედრისა და ინფორმაციების გაცვლის საშუალება ექნებათ.