ექსპერტები საბჭოთა ანაბრების გასტუმრების მექანიზმზე მსჯელობენ

ექსპერტები საბჭოთა ანაბრების გასტუმრების მექანიზმზე მსჯელობენ

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ე.წ. საბჭოთა ანაბრების პრობლემის კვლევას აწარმოებს. ანაბრების საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად „აფბა“-ში „საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი“ შეიქმნა, რომლის მიზანი საკითხის შესწავლა, მისი პოლიტიკური სარჩულისგან გათავისუფლება და ანაბრების პრობლემის გადასაჭრელად საფუძვლის მომზადებაა.

დღეს კვლევის ფარგლებში, ონლაინ-გამოცემა for.ge-ს პრეს-კლუბში „აფბა“ შეხვდა ეკონომიკის ექსპერტებს, მიხეილ ჯიბუტს, სოსო არჩვაძეს, სოლომონ პავლიაშვილს, ზურაბ გვასალიას, ვაჟა ბერიძეს, ირაკლი ლექვინაძეს, გიორგი აბაშიშვილს, ლია ელიავას და თამაზ აქუბარდიას. „აფბა“-მ ექსპერტებს სამოქმედო გეგმა გააცნო და პროფესიონალებისაგან შენიშვნები, რჩევები და რეკომენდაციები მოისმინა, რომელთა გათვალისწინებაც, ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, კვლევას უფრო საფუძვლიანს და სიღრმისეულს გახდის.

„მოგეხსენებათ, „აფბა“ საბჭოთა ანაბრების კვლევას აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევხვდით როგორც დაზარალებულ მეანაბრეებს, ასევე ექსპერტთა გარკვეულ წრესაც. დღევანდელი შეხვედრაც ეთმობა იმას, რომ ამ ავტორიტეტულ სპეციალისტებს შევხდეთ და მათი შენიშვნები და მოსაზრებები მოვისმინოთ. ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მის მოსაგვარებლად ჯერ ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვენს მიერ მოწვეულ ექსპერტებს შორის კი არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარი პრობლემების მოგვარების გამოცდილება აქვთ“, - აცხადებს „აფბა“-ს პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე.

„აფბა“-ს წამოწყებას პოზიტიურად აფასებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ პროცესის შედეგად დაზარალდა, ძალიან დიდია და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ დიდ ნაწილს გარკვეული მოლოდინი გაუჩნდა.

„აფბა“-ს მიერ წარმოწყებული კვლევა მიზნად ისახავს, რომ გარკვეული შედეგი დადგეს და ასე ვთქვათ, გარკვეული მისამართი იქნეს დასკვნაში ასახული, რათა ამ ადამიანებმა ნახონ, სად არის პრობლემა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი კი არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. ბევრჯერ ითქვა (და ახალს არაფერს ვიტყვი), რომ დღეს და ხვალ ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მზად არის ეს პასუხისმგებლობა იკისროს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ეს საკითხი წინსაარჩევნო დაპირებებში ასახული, ეს იქნება ის დადებითი შედეგი, რაც შეიძლება „აფბა“-ს აქტივობას მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხვალ, ზეგ, ან თუნდაც 5-10 წლის შემდეგ მათ მიერ თავის დროზე ბანკში ჩადებული აქტივები გარკვეული ფორმით მაინც იქნება დაბრუნებული“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ამჟამად ამ ანაბრების გასტუმრების რესურსი არ გააჩნია, მაგრამ უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომლითაც ანაბრები სწორად შეფასდება. ეს მექანიზმი კი მისაღები უნდა იყოს არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

„რაც შეეხება ინდექსირებას, გასათვალისწინებელია ის, რომ მართალია მაშინდელი ოფიციალური კურსით ვანგარიშობთ, ოფიციალურად რამდენიმე ასეულ და ხშირად, მილიონიან მაჩვენებლებს ანგარიშობენ, მაგრამ მაშინ მოსახლეობას დოლარი ეკრანზე თუ ჰქონდა ნანახი და ფიზიკურად ეს რესურსები არ გააჩნდა. ამიტომ მაშინდელი ვირტუალური დოლარი რეალური ლარის განზომილებაში რომ გადავიყვანოთ, ესეც პრობლემაა და ამასაც უნდა ძიება და რაღაც სამართლიანი გასაღების მოძებნა“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

მისი თქმით, არის რიგი საკითხებისა, რომლებიც ჯერ დარგის სპეციალისტებმა უნდა გაიარონ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აქციონ განსჯის საგნად.

ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი დადებითად აფასებს „აფბა“-ს წამოწყებას „საბჭოთა ანაბრების“ კვლევასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს ისე, როგორც ახსოვს ეს პროცესი. ამიტომ ჯიბუტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს უფრო სიღრმისეული და პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდება. ექსპერტი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში შიდა ვალის პრობლემებთან დაკავშირებით დიდი კონფერენცია მოეწყოს, რომელზეც შიდა ვალის სხვა სეგმენტებთან ერთად, საბჭოთა ანაბრების თემის განხილვაც მოხდება.

„საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა 1991 წლის 26 დეკემბერს. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა ანაბრების თემა ვერ წარმოიშვებოდა, თუმცა „სბერბანკი“ 1992 წელს დაიშალა. ასე რომ, აქ ძალიან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი და კომპლექსური მიდგომა არის საჭირო“, - ამბობს ექსპერტი.

ეკონომისტი სოლომონ პავლიაშვილი კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია საქართველოს ბიუჯეტის შესაძლებლობები.

„ვერავინ ვერ გასცემს ბიუჯეტიდან რაღაც სასწაულ ტრანსფერებს, რადგან ამან შეიძლება საშინელი ინფლაცია გამოიწვიოს. ამიტომ ეს უნდა იყოს გაწერილი, თანმიმდევრული პროცესი. ვფიქრობ, რომ თუნდაც ის 502 მლნ ლარი, რაც სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა, თუნდაც ამის შესრულება პოზიტიური იქნება ქვეყნისთვის, რადგან იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებმაც ეს ანაბრები გახსნა, უკვე ცოცხალი აღარ არის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უფრო ოპერატიულადაც უნდა წარიმართოს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ საქართველომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს, რომლებმაც ეს ე.წ. „საბჭოთა ანაბრები“ უკვე გაისტუმრა. დაბოლოს, „აფბა“-ს ექსპერტებთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მაისში ახალგაზრდა ფინანსისტები გამართავენ კონფერენციას, რათა ამ პროცესში საზოგადოების, მათ შორის, ექსპერტების მეტი ჩართლობა იყოს უზრუნველყოფილი. ამასთანავე, „აფბა“-ში იმედს გამოთქვამენ, რომ ექსპერტებთან კონსულტაციების და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის შედეგად საბჭოთა ანაბრების გაუფასურების და მათი კომპენსაციის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების სიბტრყიდან მოგვარების ეტაპზე გადავა.