აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ყოფილი პრეზიდენტებისთვის რეკორდული თანხაა.
დონალდ ტრამპის მიერ თანხების მოზიდვის მექანიზმი ორ პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს მოიცავს: „გადაარჩინე ამერიკა“ და „გახადე ამერიკა კვლავ დიადი“.
დონალდ ტრამპის ფულადი სახსრების უმეტესი ნაწილი „გადაარჩინე ამერიკა“-ს ანგარიშზე ინახება. ეს „რესპუბლიკელებს“ კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის დიდი თანხებით უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც პარტია წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს.
დონალდ ტრამპმა ასევე გააკეთა მინიშნება, რომ 2024 წელს, შესაძლოა, თეთრი სახლისთვის იბრძოლოს. ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ არჩევნების წაგებისა და სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვის მიუხედავად, ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ თანხების მოზიდვის კუთხით დომინანტურ ფიგურად რჩება.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება 2020 წლის არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო მეტ მტკიცებულებას მიიღებს.
2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.
Adrianolopez1968@gmail.com
Whatsapp: +33751964737