აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„ღრმად შემაშფოთებელი და სრულად მიუღებელია გავრცელებული ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ სისასტიკეებს სჩადის იმ რეგიონებში, სადაც კონტროლს ამყარებს. „თალიბანი“ აცხადებდა, რომ მათ სურთ საერთაშორისო აღიარება, ავღანეთის საერთაშორისო მხარდაჭერა, სანქციების მოხსნა, მათ სურთ, რომ მათ ლიდერებს მსოფლიოს გარშემო თავისუფლად მოგზაურობა შეეძლოთ და ა.შ. თუმცა, ყველაფერი ეს შესაძლებელი არ იქნება, თუ „თალიბანი“ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
19 ივლისს ავღანეთში 15-მა დიპლომატიურმა მისიამ და ნატოს წარმომადგენელმა თალიბებს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ავღანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ „თალიბანის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ავღანეთის საზღვრების 90%-ს აკოტროლებენ, სრული სიცრუეა
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.