საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის დეკლარაციები:
2012 წლის 9 ნოემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს გლდანის მე-2 მიკრორაიონში, კორპუსი #39, ბინა #109, 110 კვ.მ ფართობის ბინა გააჩნია; გარდა ამისა, მამის სახელზეა გაფორმებული გორში (ქვეში) 2 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოძრავ ქონებას რაც შეეხება, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), ფინანსთა მინისტრს დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული აქვს, რომ მას 2008 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც ხადურს და არც მისი ოჯახის წვერებს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნია.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ჩაწერილია, რომ ხადურს 20 000 აშშ დოლარი გააჩნია.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, არც მინისტრი და არც მისი ოჯახის წევრი სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
რაც შეეხება არასამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს, ფინანსური დეკლარაციის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ნოდარ ხადურმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე 42 000 ლარი აიღო, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრში კი მკვლევარის თანამდებობაზე – 10 000 ლარი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრს "თიბისი ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით, (კრედიტი ან დებეტი) 3 500 ლარი გააჩნდა; "რესპუბულიკა ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე კი – 1 800 ლარი.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, არც ხადურს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.
ცნობისთვის, ნოდარ ხადურის ოჯახი მეუღლის – ნინო ცირეკიძის, შვილების – მარიამ და ნიკოლოზ ხადურების, დედის – მანიჟან ხადურის და მამის – თამაზ ხადურისგან შედგება.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფინანსურ დეკლარაციას, რომელიც მან გასული წლის 25 დეკემბერს შეავსო, წერია, რომ მინისტრს თბილისში, ზოვრეთის #25-ში 190 კვ.მ საცხოვრებელი სახლი აქვს; საცხოვრებელი სახლი კვირიკაშვილს დუშეთის რაიონშიც გააჩნია, რომლის ფართი 250 კვ.მ გააჩნია. გარდა ამისა, მინისტრს თბილისში, სამგორის რაიონში 34 კვ.მ ბინა აქვს. მის სახელზეა ასევე, დუშეთში 3 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 432 კვ.მ მიწა თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე.
მოძრავ ქონებას რაც შეეხება, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა), ეკონომიკის მინისტრის დეკლარაციის შესაბამისი გრაფა ცარიელია.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც კვირიკაშვილს და არც მისი ოჯახის წვერებს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნია.
ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", ჩაწერილია, რომ კვირიკაშვილს 5 500 აშშ დოლარი გააჩნია.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი კვირიკაშვილმა 2011 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სს "ბანკი ქართუს" დირექტორის თანამდებობაზე ხელფასის სახით, 111 020 ლარი მიიღო.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის მინისტრს "ბანკ ქართუში" ორი საკრედიტო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (დებეტი) 515 ლარი და 1 760 აშშ დოლარი ჰქონდა. გარდა ამისა, კვირიკაშვილს ,,ქართუ ბანკში,, გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი) 5 117 ლარი გააჩნდა, "თიბისი ბანკში" გახსნილ დეპოზიტზე კი ნაშთის სახით (კრედიტი) - 20 300 აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, არც კვირიკაშვილს და არც მისი ოჯახის არცერთ წევრს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ მიუღია.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილის ოჯახი მეუღლის – მაია ცინცაძის და შვილების – ანა, ნინო, გიორგი და ნიკოლოზ კვირიკაშვილებისგან შედგება.