უკანასკნელ პერიოდში აქტუალური გახდა ის საკითხები, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ეხება. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ასეთი რეგიონული ენის საკითხია, რომლის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურები აქტიურად საუბრობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში სეპარატიზმის ნიშნები გაჩნდა და ახალქალაქის საკრებულომ პარლამენტს მიმართა წერილით, რომლითაც რეგიონულ ენად სომხურის გამოცხადებას ითხოვს, თუმცა, ეს ინფორმაცია დღემდე არ დადასტურებულა. კერძოდ, როგორც ცნობილია, პარლამენტში ამგვარი დოკუმენტი გაგზავნილი არ ყოფილა.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხია. ამასთან დაკავშირებით განმარტება უცხოურ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ე.წ. თურქი მესხებისთვის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ თურქული გამოცემა „საბაჰისთან“ ინტერვიუში გააკეთა განცხადება.
„პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპი გახლავთ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთაგან განაცხადების მიღება. ჩვენთან შემოვიდა 5 841 განცხადება 8 900 პირისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების უმრავლესობა იყო ხარვეზებით. შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმადაც სტატუსის მაძიებლებს აღნიშნული ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა მიეცათ. რეპატრიანტის სტატუსი მიღებული აქვს 864 მოქალაქეს. მათგან 6 პირს შეტანილი აქვთ განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეპატრიაციის სტრატეგიასა და ინტეგრაციის პროცესზე. არის გარკვეული ეტაპები, რაც სავალდებულოა, რომ ყველა სტატუსის მაძიებელმა და უკვე სტატუსის მქონე პირმა გაიაროს. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დეპორტირებული პირებისათვის“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კონკრეტულად რა სახის ვალდებულება გვაქვს აღებული მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს მათი ჩამოსახლება და რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ახლა, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ესაუბრება.
მამუკა არეშიძე: „საქმე იმაშია, რომ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ ვალდებულების შესრულება, რომელიც თავის დროზე ავიღეთ. ამ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან ნიშნავს დროის უახლოეს მონაკვეთს, ანუ ერთ ან ორ წელიწადს, მეტს უკვე ვეღარ გადავწევთ. თავის დროზე ეს ვალდებულებები ამ ფორმით არ უნდა აგვეღო. სამწუხაროდ, 1999 წელს, როდესაც ამ ვალდებულების აღება მოხდა, არ იყო გათვალისწინებული რიგი მომენტებისა, რომლებიც საქართველოსთვის მომგებიანი ვერ იქნებოდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის აქტივობით ამ ვალდებულების აღება ძალიან დაჩქარებულ ვადებში მოხდა. ეს ემსახურებოდა იმას, რომ რაც შეიძლებოდა მალე გავწევრიანებულიყავით ევროსტრუქტურებში.
ერთი მხრივ, დადებითი ქულები მივიღეთ, მაგრამ მეორე მხრივ, საქმე გავაფუჭეთ, რადგან მაშინდელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ გათვალეს, ამ ყველაფერს რა შედეგები შეიძლება მოეტანა - ეს ეხება რეგიონული ენების სტატუსს, ასევე მესხების ჩამოსახლებას და სხვა.
რასაკვირველია, ეს დოკუმენტი მისაღები იყო, რადგან ეს იყო მოთხოვნა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ევროსტრუქტურებში გაწევრიანება სურთ. თუ გინდა გაწევრიანება, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა მიიღო, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპის დოკუმენტს ღებულობ, სულ მცირე, შენი ხედვები მაინც უნდა დააფიქსირო. რაც შეეხება რეპატრიანტი მესხების საკითხს, ეს ადამიანები საქართველოს მკვიდრები არიან და ადრე თუ გვიან საქართველოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ პირადად მე მაგალითად, 90-იან წლებშივე ვითხოვდი, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური სისტემები, რომლებიც მესხების საქართველოში ადაპტაციას შეუწყობდა ხელს. ეს სისტემები, რომლებსაც შეგვიძლია პირობითად, ადაპტაციის ცენტრები დავარქვათ, ევროსტრუქტურების მიერ უნდა ყოფილიყო დაფინანსებული. მაშინ ამას ყურადღება არ მიექცა. ადაპტაციის ცენტრებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ქართული ენის შესწავლა, ქართული კანონმდებლობის გაცნობა, ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაცია და ა.შ. მაგრამ ეს გათვალისწინებული არ იქნა. დაახლოებით იგივე ხდება რეგიონულ ენებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილო.
ახლა თუ არის მზად საქართველო, რომ ეს ადამიანები მიიღოს?
- საქართველო ამისთვის მზად არ არის.
რა არის ამ მხრივ მთავარი პრობლემები?
- ყველაზე მთავარი არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაბრუნდებიან და დაიწყებენ საქართველოში ცხოვრებას, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის მზად არ არიან. მათ არ გაუვლიათ რეაბილიტაციის, თუგინდ დავარქვათ, ინტეგრაციის პროცესი. ეს ყველაფერი ველურად ხდება და ამ ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მოუმზადებლები ვართ.
შეიძლება რეპატრიანტების ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა რაიმე საფრთხის შემცველი იყოს?
- არა, ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ჯერ ერთი, მათი რაოდენობა არ არის იმხელა, რომ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა შეიქმნას და მეორეც, ეს ხალხი არ არის ასე ვთქვათ, კონფლიქტზე ორიენტირებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვყავს რეპატრიანტები, რომლებიც საქართველოში 80-იან წლებში დაბრუნდნენ (მაგალითად, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მკვიდრი მესხები) და მათი უფროსი თაობის ინტეგრაცია დღემდე ვერ მოხერხდა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ ეს არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი პროგრამა შემუშავებული. თუ ეს პრობლემები არ იქნა გათვალისწინებული, ამ ხალხის ადაპტაცია გაგვიჭირდება.
გავანებოთ თავი ამას, ხუთი ათასი მესხი რა არის (რომლებსაც გენეტიკური მეხსიერება მაინც აქვთ, რომ ქართველები არიან), როდესაც 30 000-ზე მეტი სრულიად უცხო ტომების წარმომადგენლები გვყავს საქართველოში, ინდოელი იქნება ეს, ჩინელი, თუ სხვა. ამ ადამიანებს აბსოლუტურად ფეხებზე კიდიათ საქართველო, მათთვის მთავარია ქართული მიწისა და ქართული ეკონომიკისაგან მატერიალური დოვლათის მიღება. ამ ადამიანებმა ბევრად უფრო იოლად მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, ვიდრე ამ მესხებმა. ასე რომ, დღეს საქართველო ბევრი გამოწვევის და ბევრი რისკის წინაშე დგას. მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, შექმნას პროფესიონალების ჯგუფი, რომლებმაც ეს თემები ძალიან კარგად იციან. ოღონდ ამას სჭირდება კონსოლიდაცია და შესაბამისი პირობების შექმნა, რათა ამ ადამიანებმა შეიმუშავონ პროგრამა, რომელიც ქვეყნისთვის ამ პროცესებს გააიოლებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ პრობლემებს ვუქმნით ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მეხსიერება, რომ ქართველები არიან, და მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვუღებთ კარს ადამიანებს, რომლებსაც აბსოლუტურად არ აღელვებთ არც ქართველობა, არც სახელმწიფოებრიობა და არც აქაური მენტალიტეტი.
თქვენი ინფორმაციით, ხელისუფლებაში არ არსებობს გუნდი, რომელიც ამ თემებზე იმუშავებდა?
- ხელისუფლებაში ასეთი ჯგუფი არ არის. ის, რასაც რეინტეგრაციის სამინისტრო აკეთებს, არის ზღვაში წვეთი, რადგან მხოლოდ რეინტეგრაციის სამინისტრო ამ თემას ვერ მოუვლის, ჯერ ერთი იმის გამო, რომ ეს არ არის სამინისტრო, ეს არის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც 22 კაცისგან შედგება, თემატიკა კი უამრავი აქვთ. ამიტომ ისინი ამ თემებს უბრალოდ ვერ მოუვლიან. საერთოდაც უნდა გითხრათ, რომ პროფესიონალების გარეშე საკითხი ვერ მოგვარდება.
როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჩამოსახლების პროცესი? ვალდებულებაში, რომელიც აღებული გვაქვს, წერია, მაგალითად სად უნდა დასახლდნენ ეს ადამიანები, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი და ა.შ.?
- დასახლების ადგილთან დაკავშირებით იქ არაფერია განსაზღვრული. ვალდებულებაში წერია, რომ ჩვენ ეს ხალხი უნდა მივიღოთ და მოვახერხოთ მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება, ეს არის და ეს. ამ თემას თავისი გულშემატკივრები ჰყავდა, რომელთა დიდი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარც არის, რადგან მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ეს პროცესი 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. ახლა დავრჩით თითო-ოროლა ადამიანი, რომლებმაც პრობლემა იციან და ესმით, მაგრამ ჯერჯერობით, მომკითხავი არავინ არის.
გამოდის, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად უნდა მოხდეს ამ ადამიანების დასახლება?
- რასაკვირველია, და სწორედ ამიტომ ხდება ისე, რომ ისინი ველური წესით სახლდებიან იქ, სადაც მოუწევთ. ეს ადამიანები ძირითადად მაინც სამხრეთ საქართველოსკენ მიისწრაფვიან. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ისეთი კატეგორიული განცხადებებისა, მესხების განსახლების ადგილს ჩვენ შევარჩევთო, ეს ადამიანები მაინც სამხრეთ საქართველოში სახლდებიან და ამისთვის არც არავინ სთხოვს პასუხს.
რაც შეეხება მათ ოდენობას, არის თუ არა დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანის ჩამოსახლების ვალდებულება გვაქვს აღებული?
- რაოდენობა იქ ნახსენები არ არის. იქ საუბარია იმაზე, რომ უნდა მივიღოთ ისინი, ვისაც საქართველოში ჩამოსახლება სურს. იმ მექანიზმმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა, მოიტანა მსურველების ეს რიცხვი, ანუ დაახლოებით 6000 კაცი. დანარჩენებს ინიციატივა არ გამოუჩენიათ, იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთი ბარიერული სისტემა იყო შექმნილი, რომ ამ პროცესების გავლა ალბათ, დამღლელი იყო და ამიტომაც დანარჩენებმა არ მოინდომეს. ამ წლების განმავლობაში უკვე აღარ არის უფროსი თაობა, რომელსაც საქართველო ახსოვს, ხოლო უმცროსი თაობა, მაგალითად 80 000 ადამიანი, აზერბაიჯანში დამკვიდრდა და იქაურ საზოგადოებაში ინტეგრაცია მოახდინა. დაახლოებით 20 000-მდე მესხი ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლდა, მესხების ნაწილს იმიგრაციისთვის კარი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ გაუღეს, ნაწილი კი რუსეთი გუბერნიებში გაიფანტა. ასე რომ, საქართველოში ჩამოსვლის მსურველების რიცხვი ეს არის, რაც ზემოთ ვახსენე.
ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროგრამა, რომელიც შესაბამისი სპეციალისტების გუნდმა უნდა შეადგინოს?
- დიახ, რათა ამ ადამიანების ქართულ საზოგადოებაში ადაპტაცია მოხდეს. შემუშავებული უნდა იქნეს მექანიზმები, რომლებიც ამ პროცესს გაამარტივებს და მეორეც, მათი განსახლება უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა თვითდინებით, როგორც ეს ახლა ხდება.