„საკუთრების დაცვის კუთხით საქართველო ველური ტომების უკან არის“

„საკუთრების დაცვის კუთხით საქართველო ველური ტომების უკან არის“

საკუთრების უფლების დაცვის კუთხით რეიტინგში საქართველო 140-დან 128-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მოხსენებაშია აღნიშნული.

7 მაქსიმალური ქულიდან საქართველომ 3,1 ბალი მიიღო და 140 ქვეყანას შორის 128-ე ადგილზე მოხვდა. საქართველოს შემდეგ რეიტინგში რუსეთი, უკრაინა, ვენესუელა, ჰაიტი, ჩადი, მადაგასკარი, ალჟირი, ყირგიზეთი და სხვა კიდევ რამდენიმე ქვეყანა არიან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, 2012 წლის მონაცემებით, საკუთრების უფლება ყველაზე მეტად ფინეთშია დაცული, მეორე ადგილს შვეიცარია იკავებს, მესამე ადგილზე კი სინგაპურია.

რატომ არ არის საქართველოში ადამიანისთვის ყველაზე ხელშეუხებელი საკუთრების უფლება დაცული? ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი და მოძრაობა “დააბრუნეს” თავმჯდომარე მამია სანადირაძე აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებისა და თავისუფალი საქართველოს პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში უკვე 25-30 წელიწადია, ყოველ 5 ან 10 წელიწადში ერთხელ ხდება მესაკუთრეების ქაოტური ძარცვა და განკულაკება.

სახელმწიფო ინსტიტუტების ჩარევითა და დახმარებით, ამ ყველაფერს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ახორციელებენ. ამის შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენის დაპირებებით მოდის ახალი მთავრობა, თუმცა, როგორც წესი, სამართლიანობას არ აღადგენს, საკუთრებებს არ უბრუნებს ხალხს და ამით საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი კვლავაც მკვიდრდება.

უფრო მეტიც, მამია სანადირაძის თქმით, ნებისმიერი ახლადმოსული მთავრობა, გაძარცვულ მესაკუთრეთა ცრემლსა და სისხლზე ნაშოვნი ფულის ხარჯზე, ძველი მთავრობისგან წილს იღებს და ახლადმოსული „დიდი კაცებიც“ სათანადო წილს იღებენ იმ ნაძარცვიდან. ამით მძარცველებს ძარცვას უკანონებენ. ამის გამო საქართველოში გამეფებულია სამართლებრივი ნიჰილიზმი და დაუსჯელობის სინდრომი.

„საერთოდ, ძარცვის ობიექტები სწორედ მეურნე ადამიანები არიან, რომლებიც შრომობენ, ფუსფუსებენ, ქმნიან დოვლათს, აგროვებენ ქონებას, ასაქმებენ საზოგადოებას, იხდიან გადასახადებს. ასეთი საქმიანობა მეურნე ადამიანისთვისაა დამახასიათებელი და არა - მტაცებლებისა და მონადირე ხალხისთვის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში, როცა იხდი გადასახადს, სახელმწიფო გიცავს, მაგრამ ჩვენთან სახელმწიფო, პირიქით, იღებს რა ამ გადასახადებს, აფინანსებს თავის სტრუქტურებს, რომლებიც შემდგომ ორგანიზებულად ძარცვავენ ისევ იმ მეურნეებს, ვინც გადასახადები გადაიხადა. ეს ხდება თაობიდან თაობამდე - ზვიად გამსახურდიას დროს, მხედრიონის დროს, შევარდნაძის პერიოდში, სააკაშვილის „ცოცხების მთავრობის“ მმართველობისას. ახლა მოვიდა ახალი მთავრობა, იმავე დაპირებებით, რომ აღდგება სამართლიანობა, მაგრამ გავიდა ხუთი თვე და არავის ქონება არ დაბრუნებია. ეს ნაძარცვი ქონება კი შარშანდელი თოვლივით დნება და გადაიყიდება კეთილსინდისიერ მყიდველებზე“, - აცხადებს მამია სანადირაძე.

ამასთან, შიშობს, რომ სულ უფრო მცირე შანსი რჩება იმ 18 ათას მესაკუთრეს, რომლებმაც პროკურატურაში დაწერეს განცხადება გამოძალული ქონების დასაბრუნებლად. მართალია, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტების დახმარებით, წინა მთავრობის ჩინოვნიკებმა გაძარცვეს, მაგრამ, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ახალი ხელისუფლების დროს მათ არავინ არაფერს უბრუნებს, ამ შემთხვევათა 99 %-ში გამოძიება არც კი დაწყებულა და ხალხი სკეპტიციზმში ვარდება.

სწორედ ამით ხსნის მამია სანადირაძე იმ ფაქტს, რომ საკუთრების დაცვის კუთხით ქართული სახელმწიფო ველური აფრიკული ტომების უკან არის, რადგან აფრიკელები ერთმანეთის საკუთრებას პატივს სცემენ და არ ხელყოფენ, ქართველებს კი პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ უდიდესი კულტურის ერი, მე-12 საუკუნის პარლამენტით ვამაყობთ, ამ დროს კი ველური ინსტინქტებით ვხელმძღვანელობთ, ერთმანეთის ქონებას ქაოტურად ვიტაცებთ და დაზარალებული ხალხი სამართალს ვერ პოულობს.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ველური კავკასიური ტომივით ერთმანეთს ვძარცვავთ. ამიტომაცაა საქართველო 128-ე ადგილზე და მას უსწრებენ უგანდა და სხვა ველური ტომები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მიერ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება სასწრაფოდ უნდა გამოვლინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლად მოსულ ხელისუფლებასაც ექნება დიდი ცთუნება, რომ ორგანიზებულად შეესიოს და გაძარცვოს მეურნე ხალხი იმ იმედით, რომ სამომავლოდ შემდგომ მოსულ მთავრობას გაუყოფს ქონებას და ნაძარცვს დაიკანონებს“, - აცხადებს ბიზნესმენი და მიიჩნევს, რომ ეს ცივილიზებული ქვეყნისთვის მომაკვდინებელია და აქ ინვესტორი არ შემოვა.

მეტიც, მეურნე ადამიანების უმეტესობა საზღვარგარეთაა გაქცეული და ვინც დარჩენილია, ისინიც გაქცევაზე ფიქრობენ. ამის შემდეგ კი საქართველოში დარჩება მხოლოდ მტაცებელი ხალხი, რომლებიც შემდგომ ერთმანეთს ქვებს დაუშენენ და თავს გაუტეხავენ ქონების გულისთვის.

ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ესაუბრა ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი:

- უნდა ვთქვათ, რომ ეს მაჩვენებელი იმ სამწუხარო ფაქტობრივ რეალობას ასახავს, რაც საქართველოში წლების განმავობაში იყო. მთავარი პრობლემა, რომელიც მუდმივად არსებობდა, ის იყო, რომ კითხვები დაკავშირებული იყო საკუთრების ხელყოფასთან. სხვადასხვა ტიპის რეიტინგებში - იმავე ბიზნესის კეთების, თავისუფლების ინდექსაციით, მართალია, საქართველო მოწინავე ადგილს აჩვენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ნაწილში, რაც საკუთრებას შეეხებოდა, ყოველთვის პრობლემა გვქონდა. წლიდან წლამდე არათუ უკეთესობისკენ მიდიოდა სიტუაცია, არამედ უარესდებოდა კიდეც. საკუთრების ნაწილში პრობლემა ჰქონდა ყველას, დაწყებული ბიზნესიდან, დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით, ამიტომ ეს იყო ძალიან ცუდი სიგნალი ნებისმიერი ინვესტორისთვის. ყველა ფიქრობდა, რომ ქვეყანაში საკუთრებას თუ აქვს პრობლემა, ბუნებრივია, ერთ მშვენიერ დღეს მასაც შეიძლება დაემართოს მსგავსი რამ და საკუთრების გარეშე დარჩეს. ამიტომ, ჩემი აზრით, რაც არ უნდა კარგ ბიზნესგარემოსა და კარგ კანონებზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე ვილაპარაკოთ, ყველა ტიპის რეიტინგი აზრს კარგავს, თუ საკუთრება დაცული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი ფრაზა, რომ საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცული არ არის, აბსოლუტურად ყველაფერს გადაწონის. არანაირი დაბალი განაკვეთები ამ სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მთავარი კრიტერიუმი ყველასთვის.

საქართველოს შემდეგ რეიტინგში მოდის რუსეთი, უკრაინა, ვენესუელა, ჰაიტი, ყირგიზეთი... ამ ქვეყნების მაჩვენებელს როგორ შეუფარდებთ საქართველოს მაჩვენებელს და მაინცდამაინც საქართველოსთან მიმართებით რატომ დაჯგუფდნენ ეს ქვეყნები?

- სამწუხაროდ, რუსეთში, ისევე, როგორც ვენესუელაში, საკუთრების საკითხი წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო პოლიტიკურ ხელისუფლებებზე. იქ საბაზრო წესებით არ ხდებოდა საკუთრების მართვა. შესაძლოა, თეორიულად, კონსტიტუციაში, როგორც საქართველოს, ისე რუსეთს დაფიქსირებული აქვს, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამ დაფიქსირებას არ სდევს პოლიტიკური ნება, რომ კერძო საკუთრება მართლაც ხელშეუხებელი იყოს, ეს არაფერს აჩვენებს, რუსეთშიც პოლიტიკური ნიშნით ქონების ჩამორთმევა ჯერ კიდევ გრძელდება.

ცნობილია, რომ რუსეთშიც სახელისუფლო რისკს აწყდებიან ბიზნესმენები.

- დიახ, ეს სახელისუფლო შეზღუდვას უკავშირდება. რუსეთის, ვენესუელისა და უკრაინის ამ ჯგუფში ყოფნა არ მიკვირს, მაგრამ გული მწყდება, რომ საქართველო ამ კლასში გადის, სადაც საკუთრება უაპელაციოდ შეიძლება ხელყოფილ იქნას.

ფინეთში ყველაზე მეტად ყოფილა დაცული საკუთრების უფლება.

- ზოგადად, ევროპის ქვეყნებში საკუთრების პრობლემა ნაკლებად დგას. იმავე ტოპათეულში თუ ტოპოცეულში ეს არის პირობითი განლაგება, რადგან ტოპოცეულის ქვეყნებს თუ ავიღებთ, იქ საკუთრების ჩამორთმევის პრობლემა, პრაქტიკულად, არ დგას. უბრალოდ, იქ არის საკითხი, კანონი სად უფრო მეტად არის დახვეწილი, თორემ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე-15 ადგილზე მყოფ ქვეყანაში ვინმეს საკუთრებას ართმევენ?! საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნებში პრობლემა გაცილებით ნაკლებია, ან თითქმის არ არსებობს, უბრალოდ, საუბარია კანონის კიდევ მეტ მოდიფიკაციასა და მოდერნიზაციაზე, რომ მაქსიმალურად მოქნილი კანონი იყოს. ჩვენი კატეგორიის ქვეყნებში, განსაკუთრებით 60 ქვეყანას მიღმა, მით უმეტეს, ასეულს მიღმა ეს უკვე რეალობაა, როცა კანონებსა და კანონით დაცულობაზე კი არ არის საუბარი, არამედ - ფაქტობრივ პრობლემებზე, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საბაზრო წესებით არ რეგულირდებოდა ჩვენთან ბიზნესი, ყოფილ ხელისუფლებას სათქმელად მაინც ჰქონდა, რომ ჩვენთან არც თუ ისე მცირე რაოდენობის ბიზნესმენები არსებობდნენ. სხვა საკითხია, რომ ისინი დატერორებული ბიზნესმენები იყვნენ, მაგრამ მათი რაოდენობით ნაციონალები ამაყობდნენ. ამას როგორ ახსნით, რომ ცალკეულმა ბიზნესმენებმა დატერორებული ბიზნესის ფონზე მაინც გაძლეს?

- თეორიულად, ბიზნესმენი ყოველთვის ყველა ქვეყანაში გარკვეული ფორმით არსებობენ, თუ იმ ქვეყანაში ბიზნესის ცნება დაშვებულია. მათ შორის ნაწილი შესანიშნავად ერგება სახელისუფლო ნომენკლატურას და მისთვის ეს ნორმალურია.

და სწავლობს კიდეცელისუფლებასთან დაახლოების წესებს.

- ბუნებრივია, ისინი ხელისუფლების თამაშის წესებით თამაშებენ. ეს ერთი კატეგორიაა ბიზნესმენების. თუმცა არის მეორე კატეგორიაც, რომლებიც შესაძლოა, ზუსტად ხელისუფლების მხრიდან იყვნენ დაზარალებულები, მაგრამ უარესი ზარალის მოლოდინით, მათი მხრიდან განცხადებები ამ საკითხზე ნაკლებად კეთდება. შეიძლება, მათ ხელისუფლებამ უკვე ჩამოართვა ქონების ნაწილი, მაგრამ იმის შიშით, რომ სულ ყველაფერი არ დაკარგონ, ისინი ვერ გააკეთებდნენ რადიკალური ტიპის განცხადებებს. ამიტომ, ბიზნესმენთა კლასის არსებობა არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენთა კლასს ყველაფერი კარგად აქვს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ მართლაც აქვთ პრობლემები. გარდა ამისა, განვითარების სტადიაზე მყოფმა ქვეყანამ, როგორიცაა საქართველო, საბოლოო ჯამში, უნდა იფიქროს არა იმაზე, თუ რა აქვს, არამედ იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ეს ყველაფერი, როგორ მოიწვიოს ახალი ინვესტორები, როგორ შექმნას ახალი ბიზნესმენები. როცა მოქმედ ბიზნესმენებს შორის საკუთრების პრობლემა დგება, საუბარი იმაზე, რომ ახალი ინვესტორები შემოვლენ, ლოგიკას მოკლებულია.

თუმცა დასავლურ რეიტინგებში საქართველოში ბიზნესის კეთება დადებითად იყო აღქმული. წინა ხელისუფლების მხრიდან ზუსტად იმ კრიტერიუმების წინ წამოწევა ხდებოდა, რაც აწყობდათ.

- სწორედ ამას ვამბობ, რომ იმავე მსოფლიო ბანკის რეიტინგის, თავისუფლების ინდექსის მხრივ, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მუდმივად წინაურდებოდა, მაგრამ იქ არის სხვადასხვა ტიპის კრიტერიუმი, მათ შორის, მნიშვნელოვანი კრიტერიუმები და თითოეული რეიტინგი შედგება გარკვეული პუნქტებისგან, ვთქვათ, ათი პუნქტისგან, იქ ყველა ნაწილში კი არ გვქონდა წინსვლა, უბრალოდ, კრებითად ჩვენ ვიკავებდით წამყვან ადგილებს. ზოგიერთ საკმაოდ მნიშვნელოვან კრიტერიუმში საქართველოს არც ისე კარგი პოზიცია ეკავა. მაგალითად, კრიტერიუმში, რომელიც შეეხებოდა გადასახადების ნაწილს, ინვესტორთა დაცვის ნაწილს. გასაგებია, წინა ხელისუფლების მხრიდან ზუსტად იმ კრიტერიუმების წინ წამოწევა ხდებოდა, რაც აწყობდათ. ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული ტიპის უპირატესობები გამოკვეთოს. ბუნებრივია, იყო გარკვეული ტიპის უპირატესობა - ბიზნესის დაწყების სიმარტივე კანონმდებლობის კუთხით, მაგრამ მეორეა, ბიზნესის განვითარება და გაგრძელება. ბიზნესის დაწყება არ ნიშნავს ბიზნესის წარმატებას, ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

ტერორის ქვეშ მყოფი ბიზნესმენების გარდა გვყავდნენ უშუალოდ ხელისუფლების წიაღიდან ახლად აღმოცენებული .. ბიზნესმენებიც. ისინი ელიტურ კორუფციას მიეკუთვნებოდნენ.

- სამწუხაროდ, საქართველოში შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც ვნახეთ ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან სწრაფად, თითქოსდა, არსაიდან გაჩნდნენ და თითქოსდა, მათ ეს-ეს არის, ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდათ. როცა მსგავს სიტუაციებს ვხედავთ, ფაქტია, ზუსტად ეს არის სახელისუფლო ხელშეწყობით წამოწეული ბიზნესმენები. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი სურვილი იქნება, მომავალშიც ასეთი რამ არ განმეორდეს და უცბად არ აღმოჩნდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არავინ იცნობდა, მსხვილი და „წარმატებული“ ბიზნესმენები ყოფილან. ამ დროს ყოველთვის დგება კითხვა, სად იყო ამ ადამიანების ასეთი ბიზნესნიჭიერება გასული წლების განმავლობაში? ამ თემაზე ახალ ხელისუფლებასაც დაფიქრება მართებს, რადგან ე.წ. კარის ბიზნესმენების მხრივ ცდუნება ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს.

მოძრაობადააბრუნეს“ ფარგლებში გაერთიანებულ ბიზნესმენთა ათასობით სარჩელია პროკურატურაში შეტანილი. როგორ გესახებათ ამ ადამიანებისთვის ბიზნესის დაბრუნება და ეს იქნება დასავლესთისთვის მესიჯი, რომ ბიზნესმენები თავიანთ როლს იბრუნებენ საქართველოში სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში?

- დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ ეს ფაქტი და ამ მოძრაობის არსებობა ადასტურებს, რომ საქართველოში საკუთრების პრობლემა არსებობდა. ამიტომ, თუნდაც, ამ რეიტინგის ადგილი ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. რაც შეეხება პერსპექტივას, ბუნებრივია, იქნება ცალკეული შემთხვევები, როცა შესაძლებელი იქნება საკუთრების დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საკუთრება ფიზიკურად აღარც არსებობს.

ანუ .. კეთილსინდისიერ მყიდველზე ქონების გასხვისებას გულისხმობთ?

- დიახ, არსებობს კეთილსინდისიერი მყიდველი, რომელმაც გადაიხადა საბაზრო თანხა ქონებაში, ანუ მოხდა გადაყიდვა მესამე პირზე. თუ რას ვუპირებთ ამ ადამიანებს, ესეც დასაფიქრებელია. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ვიღაცას ჩამოერთვას და სხვას დაუბრუნდეს, რადგან ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება. ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა და ალბათ, გონივრული კომპენსაციები. ძირითად შემთხვევებში, ხშირად არსებობდა დავა სახელმწიფოსა და მეწარმე სუბუექტს შორის, რომ სახელმწიფომ წაიღო გარკვეული ტიპის ქონება. ამიტომ, თუ ქონების დაბრუნებაზე ვერ იქნება საუბარი, გარკვეული ტიპის კომპენსაციებზე უნდა იყოს საუბარი, რადგან სამართლიანობის აღდგენა უპირველესად სჭირდება ბიზნესს. ქვეყნის ეკონომიკა რომ განვითარდეს, ბიზნესს უნდა დაუბრუნდეს ფუნქცია და ბიზნესს უნდა ჰქონდეს განვითარების სტიმული. თუ ასე არ მოხდება, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება ბიუჯეტი, ხელფასი და არანაირი სოციალური დახმარება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, იქნება თუ არა ეს იმპულსი ინვესტორებისთვის, რომ ინვესტიციები ჩადონ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბუნებრივია, თუ ბიზნესი თავს დაცულად იგრძნობს და პრეცენდენტი იქნება, რომ სახელმწიფომ ძირის-ძირობამდე შეისწავლა ყველა სადაო საკითხი და მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაჭრა, დააბრუნა ქონება, ეს იქნება ყველაზე უფრო კარგი და მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს არავის უფლება არ დაირღვევა და თუ შემთხვევით მაინც მოხდება ასეთი რამ, იარსებებს სასამართლო და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს უფლებაშელახული ბიზნესმენების დაცვას.

ფიქრობთ, რომ პარალელურად უნდა მოხდეს უცხოელ ბიზნესმენთა რეაბილიტაციაც, რომ მათ ინვესტიციებზე იფიქრონ?

- ნებისმიერი ბიზნესისთვის რეაბილიტაციის მთავარი თემა არის კომპენსირება. ერთი მხრივ, თუ იურიდიულად დავა არსებობდა და გამართლდნენ ეს ადამიანები, მეორე მხრივ, მათ უნდა მიიღონ ადეკვატური კომპენსაცია, რაც მათ დაკარგეს. თუ ეს ორი ფაქტი მოხდა, ანუ მათ ჰქონდათ სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი გამართლდნენ ამისგან და დაუბრუნდათ საკუთრება ან ეკვივალენტური კომპენსაცია, ეს იქნება რეაბილიტაციის ყველაზე კარგი საშუალება.

მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი გაწვდება ამდენი სახსრების გაღებას?

- ყველანაირი ტიპის სახსრების გაღება ბიუჯეტს ერთიანად გაუჭირდება, მაგრამ ამავე დროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობს გარკვეული ტიპის ქონება, რომელიც ეკვივალენტის სახით შეიძლება იქნას გამოყენებული ბიზნესმენებზე, თუკი ისინი ამით დაინტერესდებიან. არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი ნაღდი ფულით გაიცემოდეს. თუნდაც ალტერნატიული ქონების სახით, ანუ ყველაფერი უნდა იქნას მოსინჯული.

დღეს ბევრს საუბრობენ ანაბრების დაბრუნების შესახებ, თუმცა თუნდაც იმავე ბანკირებს შორის არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ ანაბრების საკითხზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ეს ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. თუმცა ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის სხვა საშუალებაც არსებობს, რომ მოტყუებულ მეანაბრეებს გარკვეული სახის ქონება გადაეცეთ, რათა სამართლიანობის პრინციპი ამ კუთხითაც აღდგეს.

- ერთი რამ არის მთავარი, მეანაბრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლებაა დღეს. მათთვის უმთავრესია, რომ მათ თანხების გარკვეული რაოდენობა დაკარგეს ანაბრების სახით და მათ ეს თანხები უნდა დაუბრუნდეთ. შესაბამისად, მთავრობამ კი არა, სახელმწიფომ უნდა აიღოს ამაზე ვალდებულება. გარკვეული ვალდებულება აქვთ კიდეც აღებული, მაგრამ საჭიროა, ჯეროვნად მოხდეს ამის გადათვლა და ანაბრების ინდექსაცია. თუ რა თანხებზეა საუბარი, შესაძლოა, ამისთვის სახელმწიფო კომისიაც გამოიყოს და ეს საკითხი ბოლომდე იყოს შესწავლილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ თემა დაიხუროს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელი პრობლემაა, რაც ვერ მოხდება ერთ და სამ წელიწადში. შეიძლება, ამას რამდენიმე წელი დასჭირდეს.

ალტენატიული ქონებით უნდა მოხდეს თანხის გაცემა? მით უფრო, რომ მაშინდელი და დღევანდელი ფულის კურსი განსხვავებულია.

- ეს უკვე მსჯელობის საკითხია და ამ მსჯელობაში შეიძლება ფართოდ ჩაერთვნენ დაინტერესებული პირები, ბიზნესორგანიზაციები, არასამთავრობოები. ისიც გასარკვევია, კომპენსაცია რა ფორმით უნდა გაიცეს, რადგან ფულის კურსი სხვა იყო. უნდა განისაზღვროს, ეს იქნება კომპენსაცია, ვალის დაბრუნება თუ დახმარება. თუ ჩვენ ნორმალური სახელმწიფოს შექმნაზე ვსაუბრობთ, დაზარალებული არავინ უნდა იყოს, მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს ეს ვალდრებულება აღებული აქვს, მაგრამ საჭიროა, უფრო რეალურ თანხებზე ისაუბრონ, რომლებიც იმ დროს მართლაც დაკარგეს მეანაბრეებმა.

ისევ პირვანდელ თემას დავუბრუნდეთ, საკუთრების უფლების დაცვის მხრივ საწყის პოზიციამდე როგორ უნდა ავიდეთ?

- ამისთვის საქართველოში ივესტიციების უფრო აქტიური მოზიდვა უნდა ხდებოდეს, საჭიროა, რამდენიმე პირობის შესრულება, მათ შორის, უნდა გავაუმჯობესოთ საკანონმდებლო ბაზა, სასამართლო სისტემის მიმართ კითხვები არ უნდა გაჩნდეს, მაშინ ბიზნესი დაცული იქნება.

ამ რეიტინგის შკალაში ჩვენისთანა ქვეყნისთვის რომელი მაჩვენებელია სასურველი ან შესაძლებელი?

- თუ ჩვენ ბიზნესის კეთების რეიტინგში ვართ უკვე ათეულში, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ოცეულსა და ათეულში ვიყოთ საკუთრების უფლების დაცვის კუთხით?! ეს შეიძლება არ გახლდეთ უახლოესი ერთი და ორი წლის ამოცანა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს. თუ კითხვები სასამართლოს მისამართით არ იარსებებს, ჩათვალეთ, რომ საკუთრების მიმართულებით პრობლემა არ იქნება და ინვესტორს სასამართლოზე საკუთარი თავის დაცვა შეეძლება.