ბოლო ერთი წელია საქართველოში სტიქია მძვინვარებს. შარშან გაზაფხულიდან მოყოლებული სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატაკლიზმები ქვეყანას და მოსახლეობას უზარმაზარ პრობლემას უქმნის. 23-24 მარტის გრიგალმა და შტორმმა კი ერთბაშად რამდენიმე რეგიონი დააზარალა.
აჭარაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაასახელა - დაახლოებით 5 მილიონი ლარი.
„მინდა მოგახსენოთ იმ ზარალის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა. ეს არის ხუთი მილიონი ლარი. ამას კიდევ შეიძლება დაემატოს თანხა ან მოაკლდეს“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ძირითადი ზიანი აჭარის მოსახლეობას მიადგა.
„ქობულეთში დაზიანდა 61 კერძო სახლი და ორი მრავალბინიანი კორპუსი. ასევე ქობულეთის სანაპირო ზოლიც დანგრეულია და ამ ყველაფრის რეაბილიტაციაა საჭირო. იგივე მდგომარეობა გვაქვს ბათუმში, სანაპირო ზოლი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია დანგრეულია და რეაბილიტაციას მოითხოვს“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზიანდა გორში 38 მრავალბინიანი საცხოვრებელი და 110 კერძო სახლი.
კალაძის განმარტებით ოზურგეთის რაიონში დაზიანებულია 125 კერძო სახლი, ოთხი სკოლა და ორი ადმინისტრაციული შენობა. ვიცე-პრემიერის განმარტებით სტიქიის შედეგად ასევე დაზიანდა ურეკის პარკი. საერთო ჯამში, ოზურგეთსა და ურეკში მიყენებული ზარალი, რომელიც ჯერ დათვლილი არ არის, დაახლებით ერთი მილიონი ლარია.
ვიცე-პრემიერის განმარტებით სტიქიის შედეგად ხელვაჩაურში დაზიანდა 102 საცხოვრებელი სახლი. თბილისში კი დაზიანებულ სახლებზე პასუხისმგებლობას მერია აიღებს.
მთავრობა მოსახლეობას ხუთდღიან ვადაში გადახდილი სახურავების აღდგენას ჰპირდება. როგორც კახი კალაძემ აღნიშნა 5 დღის შემდეგ კვლავ ჩავა რეგიონში და გაეცნობა შესრულებულ სამუშაოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ინფორმაციით, აჭარაში, შიდა ქართლსა და გურიაში სტიქიის შედეგად, ძირითადად, ინფრასტრუქტურული ხასიათის დაზიანებებია, რაც გამოიხატება სახლებზე სახურავის გადახდასა და ნაპირდამცავი ნაგებობების განადგურებაში.
„გვაქვს ყველა რეგიონიდან ინფორმაცია, სადაც იყო სტიქია და ძლიერი ქარი, აჭარის რეგიონში, გორისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში იყო ყველაზე დიდი ზარალი. გორსა და ოზურგეთში დაახლოებით 3 500 კვ/მ-ზე მეტი სახურავია დაზიანებული, ხოლო ქობულეთში ნაპირდამცავი ნაგებობა არის წაღებული. ზუსტი მონაცემები გვექნება უახლოეს პერიოდში, თუმცა ფიზიკური კუთხით რა ზიანიცაა, ეს სპეციალურმა კომისიამ უკვე დაადგინა. ძირითადად გვაქვს ინფრასტრუქტურული დაზიანება, ეს იქნება გარე განათების, ნაპირდამცავი სახით და გადახდილი სახურავების სახით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
აჭარის სანაპირო ზოლში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა 2-დან 3 მილიონ ლარამდეა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა ბათუმის სანაპირო მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალ ბულვარში შტორმმა ბილიკი წაიღო, დაიტბორა ხიმშიაშვილის ქუჩა, აეროპორტის გზაზე დაზიანდა მწვანე ნარგავები და განათების ბოძები, დანაგვიანდა სანაპირო ზოლი. ოფიციალური ინფორმაციით, შტორმის სიმძლავრემ 6 ბალი შეადგინა. აჭარის მთავრობაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
დიდი ზარალი მიადგა გორსაც და ეს, ძირითადად, სარემონტო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ ჩვეული პირდაპირობით მიუთითა საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვიც დაეთანხმა.
გორში პრემიერ-მინისტრთან ერთად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც იმყოფებოდა, რომლებიც გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, გორის საკრებულო ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებას შეიტანს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსთა სამინისტროც დაეხმარება.
„როგორც ხედავთ, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. სამწუხაროდ, გორსა და გორის რაიონში ამ წუთის მონაცემებით 80-მდე სახლი დაზიანდა. გორის ადგილობრივი საკრებულო ცვლილებებს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში, შემდეგ რეგიონს სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება.
ცხადია, ამ დროისთვის საჭირო იქნება დროებითი სამუშაოების შესრულება, რათა წვიმების შემთხვევაში, მოსახლოება კიდევ უფრო არ დაზარალდეს. შემდეგ კი დავიწყებთ კაპიტალური სამუშაოების შესრულებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში, გურიასა და კახეთში“, - განაცხადა ხადურმა.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში გორის გამგეობის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები საგანგებო თათბირს მართავდნენ და უკვე ცნობილია ის რამდენიმე კომპანია, რომელიც აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვება.
სტიქიის შედეგად გორისთვის მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს. შიდა ქართლის გუბერნატორი აცხადებს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ უნდა დადგეს იმ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აღნიშნული სამუშაოები გარკვეული თანხების დაზოგვის მიზნით უხარისხოდ შეასრულა.
ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია „ოდას“ დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი პასუხისმგებლობას არ იხსნის, თუმცა აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ გორში სამ მრავალსართულიან კორპუსზე ერთი წლის წინ შესრულებული სამუშაოები დაკვეთის მიხედვით შეასრულა.
ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ხის მასალა საკმაოდ უხარისხო იყო, თუმცა მისი კომპანია თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძველი, საკმაოდ ხარისხიანი სახურავი შეიცვალა თუნუქით, ვინაიდან ხის მასალა იყო უხარისხო, ამგვარი შედეგი დადგა.
საქართველოს მასშტაბით სტიქიამ 20 საჯარო სკოლა დააზიანა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების დიდ ნაწილს ქარმა სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა, ჩამსხვრეულია მინები.
სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში გუშინ დილიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იმყოფებოდა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყებენულ ზარალს ადგილზე გაეცნო. მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 734 მოსწავლე სწავლობს და შესაბამისად, შენობაც საკმაოდ დიდია. გუშინ, ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავის ნახევარი ახადა, თუმცა სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა.
ყველაზე მეტი, 9 საჯარო სკოლა ოზურგეთში დაზიანდა. გარდა ამისა, სკოლები დაზიანდა: რუსთავში, კასპში, გორში, თბილისში, ქობულეთსა და შუახევში. განათლების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რათა სწრაფად აღმოიფხვრას სტიქიის შედეგები და აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ რიგში, წვიმისაგან დამცავი აუცილებელი ღონისძიებები გატარდება. აღდგება დაზიანებული ფანჯრები და ელექტროგაყვანილობა, შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.