„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ 3 აპრილისთვის გადაიდო. ვინაიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება პრეზიდენტს აქვს, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ დღის წესრიგში ამ ინიციატივის არსებობას მხარი არ დაუჭირა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, რაზეც პარლამენტი და მთავრობა დათანხმდა.
საკანონმდებლო პაკეტი უკვე ორი მოსმენით არის განხილული და პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე მესამე მოსმენით განხილვის და დამტკიცების პროცესის მომავალი კვირისთვის გადადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქმისთვის ასე უკეთესი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კანონი მიღებული იყოს ფართო კონსესუსით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ქვეყნის გარეთ.
უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გაიმართა დამატებითი კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. ამასთანავე, პროცესში თავად უსუფაშვილიც იყო ჩართული.
„შევთანხმით, რომ საქმისთვის უკეთესი იქნება, თუ აღნიშნულ კანონპროექტს მომავალ კვირას მივიღებდით, როცა მზად იქნება სათანადო ცვლილებები, მათ შორის - პარლამენტის რეგლამენტში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევის ნაწილში განსასაზღვრია საპარლამენტო პროცედურები. სურათი რომ ნათელი იყოს, სჯობს, დოკუმენტი ხუთშაბათამდე მომზადდეს და ძირითად კანონპროექტს მომავალ კვირას დაეწიოს, ხოლო თუკი მეორე მოსმენით მიღებულ კანონში რაიმე დასაზუსტებელია, რის საშუალებასაც პროცედურა იძლევა, შევთანხმდით, რომ ამ თემაზეც დამატებითი კონსულტაციები გვექნება. ეს კანონი უნდა მივიღოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ რაც შეიძლება ხარისხიანად და ფართო კონსესუსით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ამ დღეებში კიდევ გაიმართება კონსულტაციები უმცირესობის წარმომადგენლებთან. ამასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემაც და განაცხადა, რომ კონსულტაციები გაიმართება იმისთვის, რომ კანონპროექტი „ასახავდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის აზრს, იყოს შესაბამისობაში ვენეციის კომისიის დასკვნასთან და იყოს სწორედ პოლიტიკური კონსესუსის შედეგი.“
განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტი ასეთი სახით გავიდა, მაშინ საქართველო სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ვილნიუსის სამიტზე ევროპულ პერსპექტივას დაემშვიდობება, რაც სხვადასხვა პროცესებს ძალიან შეაფარხებს.
„ახლა როგორ არასდროს, ჩვენ ერთობლივი მუშაობა და ერთმანეთის ჯიბრში არჩადგომა გვჭირდება. ყველა პარტიის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ჩვენ ევროპისკენ წავიდეთ და სასამართლო თავისუფალი იყოს. ძალიან კარგად მუშაობენ ერთად ბაქრაძე და უსუფაშვილი, ასევე უნდა გაგრძელდეს. მეც მზად ვარ ჩავერთო, იმედია პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება. ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და ხელისგადაგრეხვის გარეშე იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რაც ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში კარგადაა გაწერილი, რადგან ეს საქართველოს საკეთილდღეოდ და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წამომადგენლებისგან აირჩევს. საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას კი, მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ, ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.
სწორედ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე ექვსი წევრის დანიშვნის საკითხი არის სადავოდ ქცეული მმართველ გუნდსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რადგან მათი შეცვლით „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლოზე შეიზღუდება. ამიტომ, საინტერესოა, რა სახის კონსულტაციები გაიმართება მასა და „ქართულ ოცნებას“ შორის და დათმობს თუ არა მმართველი გუნდი ამ პრინციპს, რაც სასამართლო რეფორმის კუთხით უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე განმარტავს, - კანონპროექტში კი წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი ამტკიცებს, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი წარდგენა. პროექტში მოცემულია ამ ადამიანების შერჩევის კრიტერიუმები - ისინი უნდა იყვნენ იურისტები, უნდა ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია და ისინი შეიძლება წარადგინონ არასამთავრობო სექტორმა, აკადემიურმა წრეებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, თუმცა პროცედურულად როგორ ხდება ეს, კანონით დარეგულირებული არ არის.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და მეც მხოლოდ სატელევიზიო გამოსვლებიდან ვაფიქსირებ, უმცირესობა ამას პოლიტიკური ვაჭრობის საგნად თვლის და მიაჩნია, რომ მასაც უნდა ჰქონდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წარდგენის ბერკეტები და ასევე უნდა დაფიქსირდეს, როგორ უნდა მოხდეს მათი არჩევა. ამდენად, ეს არის ის მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეთანხმებებისა და პოლიტიკური გარიგებების საგანი გახდება. ასევე ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვადა არ უმთავრდებათ, კანონის მიღების შემდეგ დარჩნენ თანამდებობებზე“, - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია იდეა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მოხდეს, ანუ ინდივიდებმა და არა ხელმძღვანელებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რაც მოსამართლეებს მისცემს საშუალებას, მათ თვითონ აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ნინო გვენეტაძის აზრით, პრობლემები სწორედ ამ ორ საკითხს უკავშირდება და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკითხის გადაწევაც ამის გამო მოხდა. ნინო გვენეტაძე არ იზიარებს „ნაცმორაობის“ წარმომადგენლების არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მმართველი გუნდი სასამართლოზე გავლენას მოიპოვებს. იურისტი აცხადებს, რომ შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების დემოკრატიული წესი, რასაც ვენეციის კომისიაც მიესალმა და რაც გულისხმობს იმას, რომ არამოსამართლე წევრები იურიდიული საზოგადოების ღირსეული წევრები უნდა იყვნენ. ნინო გვენეტაძის თქმით, თუ ვითარებას თავიდანვე დავძაბავთ და ისე წარმოვაჩენთ ამ საკითხს, რომ საბჭო მხოლოდ პოლიტიკურ ორგანოდ უნდა გადაიქცეს, ეს ძალიან გაართულებს იმ ადამიანების მოღვაწეობას იუსტიციის საბჭოში, ვინც მართლა არჩეული იქნება. ამიტომ იურისტი მიიჩნევს, რომ ეს თემა უკვე პოლიტიკური ვაჭრობის საკითხია და იმედს იტოვებს, რომ მმართველ გუნდს აქვს სათანადო ბერკეტები საიმისოდ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპულობა შეინარჩუნოს.
კითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა ხელისუფლება „ნაცმოძრაობასთან“ დათმობაზე, როგორც ეს საკონსტიტუციო ცვლილებების წინ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში მოხდა, ნინო გვენეტაძე პასუხობს, რომ ამ ორ საკითხს შორის პრინციპული სხვაობაა. კერძოდ, სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმების შემთხვევაში, კანონპროექტის არსი არ შეცვლილა.
„მაშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გონივრულობის ნიშანი იყო, როდესაც ისინი სარეიტინგო კენჭისყრას დათანხმდნენ. სულ სხვა საკითხია, რომ კანონპროექტში რაღაც შეცვალო და პოლიტიკური გარიგების მსხვერპლი გახდე. აქ ასეთი ვაჭრობა არ შეიძლება, რადგან ძალიან მაღალია ის ინტერესი, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო. ბუნებრივია, პოლიტიკური მანიპულირება იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ შემოტევას გაუძლებს და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ საბჭო არ რეფორმირდა, მოსამართლეებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ გამოვიდნენ ამ პოლიტიკური წნეხიდან და თვითონ მართონ თავიანთი თავი, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დირექტივების გარეშე“, - ამბობს იურისტი.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ხელისუფლებას უნდა ეყოს პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ პოზიცია შეინარჩუნოს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა დათმობას ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მმართველი გუნდისგან. ამიტომ გაუჭირდება იმის თქმა, უნდა წავიდეს თუ არა დათმობაზე „ქართული ოცნება“. კოჟორიძის თქმით, ზოგადად დათმობა ცუდი რამ არ არის და თუ სახელისუფლო ძალები გამონახავენ რესურსს, რომ სადავო საკითხები ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ და ამავე დროს რეფორმის ძირითადი ხაზი შენარჩუნებული იყოს, ეს მისასალმებელი იქნება.
„მე არ მგონია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და საპარლამენტო უმრავლესობამ ამ რეფორმის ძირითად მიმართულებაზე უარი თქვას და ისეთ დათმობაზე წავიდეს, რომელიც ამ კურსს ავნებს. აქედან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება, თუ შეთანხმდებიან. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, კანონპროექტის შემოთავაზებულ ვარიანტში ვენეციის კომისიის დასკვნები უფრო მეტად ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, თუ გვექნება არჩევანი - ეს რედაქცია იქნეს მიღებული, თუ პროცესი გაჭიანურდეს (პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, მერე საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანონ სასამართლოში და ა.შ.), ამ ორ ვარიანტს შორის ავირჩევდი პირველს, ანუ კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიღებას“, - აღნიშნავს კახა კოჟორიძე.