აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ძალადობის ესკალაციას გმობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის. აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით დისკუსიებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდის ქვეშ, რათა კონფლიქტის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას მიაღწიონ“, - ნათქვამია განცხადებაში.
28 ივლისს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.