ევროკავშირი შეშფოთებულია კუბაში საპროტესტო აქციების ჩახშობით და კუბის მთავრობას მოუწოდებს, ყველა დაკავებული დემონსტრანტი გაათავისუფლოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ კუბის მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელიც დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო კონვენციებით. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული მომიტინგე, ყური უგდოს საკუთარ მოქალაქეებს და ჩაერთოს ინკლუზიურ დიალოგში“, - ნათქვამია განცხადებაში.
22 ივლისს აშშ-ის ადმინისტრაციამ კუბის მთავრობის წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესა. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა სანქციები კუბის თავდაცვის მინისტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანაყოფის ხელმძღვანელს დაუწესა.
კუბაში საპროტესტო გამოსვლები 11 ივლისს დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი საკვების და მედიკამენტების დეფიციტს და მაღალ ფასებს, ასევე „კოვიდ 19-ის ეპიდემიის მართვის პროცესს აპროტესტებენ.