ნიკოლ ფაშინიანი წინადადებით გამოვიდა, აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტები განლაგდეს

ნიკოლ ფაშინიანი წინადადებით გამოვიდა, აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტები განლაგდეს

სომხეთის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სიტუაცია არ სტაბილიზირდება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

„სომხეთის მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სიტუაცია არ სტაბილიზირდება. აზერბაიჯანი განაგრძობს აგრესიულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს და შექმნილი ვითარების გადაჭრის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ყველა წინადადებას უგულებელყოფს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წინადადებით გამოვიდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დამკვირვებლებისა და რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტები განლაგდეს.

„შექმნილ ვითარებაში მივიჩნევ, რომ მიზანშეწონილია აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების საყრდენი პუნქტების განლაგების საკითხი განვიხილოთ. ეს საშუალებას მოგვცემს დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოები საბრძოლო შეტაკებების რისკის გარეშე ჩავატაროთ“, - განაცხადა მან.

28 ივლისს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 - დაიჭრა.