ტერმინი „ოკუპაცია“ - მნიშვნელოვანი კოზირი საქართველოსთვის

ტერმინი „ოკუპაცია“ - მნიშვნელოვანი კოზირი საქართველოსთვის

ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ტერმინი "ოკუპაცია" საერთაშორისო დოკუმენტებიდან ამოღებულ იქნას. ამის შესახებ ინფორმაციას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა  შეხვედრისას გააჟღერა, რომ ევროკავშირს აქვს თხოვნა და სურვილი, რომ ტერმინი "ოკუპაცია" ხმარებიდან ამოვიღოთ, ასევე, ცვლილებები იყოს შეტანილი კანონში ოკუპაციის შესახებ.

ექპსერტის თქმით, ვილნიუსის სამიტზე არ იქნება განხილული არცერთი დოკუმენტი, რომელიც სიტყვა „ოკუპაციას“ შეიცავს და, თუ ასეთი სიტყვა მაინც იქნება გამოყენებული, ამ სამიტზე რაიმე შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. 

უნდა წავიდეს თუ არა ქართული მხარე ამ კომპრომისზე და არის თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა. 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ევროპელებისა და ამერიკელების პოზიციით, იმისთვის, რომ გარკვეული ურთიერთობა შედგეს რუსეთსა და საქართველოს შორის, ტერმინი „ოკუპაცია“ უნდა შერბილდეს.

მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ დღემდე კატეგორიული განცხადება იმის თაობაზე, გინდათ თუ არა დოკუმენტებიდან სიტყვა ოკუპაცია ამოიღეთო, არ ყოფილა. ამ პირველ შემთხვევას მამუკა არეშიძე კი იმით ხსნის, რომ აქ იგრძნობა იმ სტრუქტურების ხელწერა, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს.

ექსპერტის თქმით, არავისთვის დაფარული არ არის, რომ რუსეთისთვის ეს ტერმინი უაღრესად არახელსაყრელია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტერმინი რეალობას გამოხატავს. ამიტომ მამუკა არეშიძე გამონაკლისს უშვებს, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი მივიღოთ რუსეთისგან, შესაძლებელია, ეს ტერმინი ზოგიერთ დოკუმენტში არ გამოვიყენოთ. თუმცა აუცილებელია კონკრეტულ დოკუმენტებში აუცილებლად დაფიქსირდეს აზრი, რასაც ეს სიტყვა განმარტავს.

უფრო მეტიც, ეს სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი კოზირია. ამდენად, შესაძლოა, აუცილებელი არ იყოს სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენება, მაგრამ ეს აზრი ყველგან უნდა იყოს ჩადებული. 

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ახლა ძალიან საინტერესო პროცესია, რუსეთი ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გააერთიანოს ევრაზიულ სივრცეში. ამავდროულად, ამავე პროექტს ახორციელებს თურქეთი, მასაც ევრაზიულ სივრცეში სურს გააერთიანოს ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის. ამდენად, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში გავლენისთვის ერთმანეთს ებრძვის თურქეთი და რუსეთი“, - აცხადებს მამუკა არეშიძე და მიიჩნევს, რომ  რუსეთისთვის არახელსაყრელია საქართველოსთან კონფრონტაცია, თანაც იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანთან საკმაოდ რთული ვითარება აქვს.

გარდა ამისა, რუსეთის მოკავშირე სომხეთი თავს იკავებს საბაჟო კავშირში გაერთიანებისგან და ევრაზიულ კავშირში გაერთიანების თაობაზე მკაფიოდ არ აფიქსირებს საკუთარ აზრს. ამიტომ, ახლა რუსეთი ცდილობს, საქართველოსთან სხვა ტიპის ურთიერთობები შექმნას. თუმცა, როგორც სჩვევია რუსულ პოლიტიკას, საზოგადოდ ერთ რამეს აკეთებს, რუსი სამხედროები კი აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე სულ სხვა რამეს აკეთებენ.

„მდგომარეობა უნდა შევცვალოთ, სტერეოტიპების მსხვრევა უნდა მოხდეს როგორც რუსული საზოგადოების ცნობიერებაში, ისე რუსულ პოლიტიკაში. რადგან ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობა ამას მოითხოვს ჩვენგან, ჩვენ შეგვიძლია მათ ანგარიში გავუწიოთ და ტერმინი სამიტზე წარსადგენ დოკუმენტებში შევცვალოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ის აზრი დავკარგოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია“, - აცხადებს ექსპერტი.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საერთაშორისო დოკუმენტაციებში ტერმინ „ოკუპაციის“ დატოვება-ამოღების საკითხს რთულად განიხილავს, თუმცა ადასტურებს, რომ ფორმაზე მეტად ყოველთვის ყურადღებას აქცევს საქმეს და ამ საქმიდან გამომდინარე, - შედეგს.

მისივე განმარტებით, 2006 წლის ივლისისთვის სამშვიდობო პროცესების განვითარების კუთხით მშვენიერი პირობები ჰქონდათ ნაციონალებს, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. უფრო მეტიც, აშშ და ევროკავშირი სთხოვდა სააკაშვილს, შეერბილებინა რიტორიკა, რადგან უკეთესი შედეგის ჩვენება შეიძლებოდა. დღეს კი „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია პროცესების ტრანსფორმაცია და დაძაბულობის გადაყვანა მორიგების რეჟიმში. საბოლოოდ, ისეთი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომლზეც აიგება კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების პერსპექტივა.

„ფაქტია, ტერიტორიები ოკუპირებულია და დილემის წინაშე ვდგავართ. ახლა იმ ჩიხში ვიმყოფებით, რომელშიც ნაცმოძრაობამ შეგვიყვანა. ამიტომ ძალიან რთული იქნება ჩიხიდან გამოსვლა. ის, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, ამის უარყოფა ვის უნდა აწყობდეს?! იმისაც მეშინია, რომ უარყოფას მექანიკურად არ მოჰყვეს ამ პრობლემის მოგვარების გართულება“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისივე თქმით, თუ კომპრომისზე წავალთ და ტერმინ „ოკუპაციას“ ამოვიღეთ, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტზე უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს ქართულ მხარეს. ყოველ შემთხვევაში, ფილიპ დიმიტროვი ასე აცხადებს, თუმცა გია ვოლსკი მოვლენათა განვითარებას ელის.

ამასთან, აცხადებს, რომ ამ თემაზე კვლავაც გაგრძელდება კონსულტაციები, რადგან ჩვენ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. ერთი შედეგი კი ისაა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივა გვქონდეს, ხოლო მეორე შედეგი იქნება, თუ კონფლიქტების მოგვარების პროცესი იმ ჩიხიდან გამოვა, სადაც ნაცმოძრაობამ შეგვიყვანა. ამიტომ ორი მიზნის თანხვედრაა საჭირო და ამ ფონზე ნებისმიერი ტერმინის დათმობა შეიძლება.     

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი შორს არის იმ აზრისგან, რომ ფილიპ დიმიტროვი ულტიმატუმის ენით საუბრობდეს. ამიტომ იგი, როგორც ევროპულ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანი, გამორიცხავს, რომ მსგავსი საკითხი ულტიმატუმის სტილში იყოს დაყენებული.

„ასეთი რამ ბატონი ცისკარიშვილის გონებაში იხარშება. დარწმუნებული ვარ, ფილიპ დიმიტროვს ეს არ უთქვამს და ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. შეიძლება, ვიღაცას დისკომფორტი აქვს ქართულ-რუსული დაძაბულობისგან და ღმერთმა ქნას, ეს დაძაბულობა მოიხსნას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ფუნდამენტალური ინტერესების ხარჯზე. ვიღაც თუ ჩაეკითხა დიმიტროვს, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ის იტყოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე განიხილება ასოცირების შეთანხმება და თუ მოხდება პარაფირება, ეს დამოკიდებულია იმავე სასამართლოსთან დაკავშირებით, თუ რას იზამს ეს ხელისუფლება და სხვა შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. თუმცა იქ გეოპოლიტიკა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ განიხილება“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, ის, ტერმინ „ოკუპაციის“ სისწორე უნდა განსაჯოს ქართულმა საზოგადოებამ, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს ტერმინი უნდა დარჩეს. უფრო მეტიც, დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ არავის, გარდა რუსეთის სპეცსამსახურებისა და კრემლის ელიტის, არ აქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ საქართველომ ეს ტერიტორიები აღიაროს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

რაც შეეხება იმას, თითქოს, ამით ნაცმოძრაობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას აპირებს „ქართული ოცნება“, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ, სანამ, ნაცმოძრაობის შეცდომებზე ვინმე ილაპარაკებს, თავის შეცდომებზე უნდა იფიქროს და ეს უფრო ქრისტიანული იქნებოდა.

თუმცა, დეპუტატი იმასაც დასძენს, რომ ამ „შეცდომაში“ რეალურად იგულისხმება ის, რომ წლების მანძილზე რუსეთის მხრიდან იყო ყველანაირი მცდელობა, ეს კონფლიქტი გაღვივებულიყო და საქართველოს უკან დაეხია თავისი ეროვნული ინტერესები.

„როდესაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ პრინციპულად დააყენა საკითხი, რომ არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება და აქ დათმობის რესურსი ამოიწურა, სწორედ ამას მოჰყვა ესკალაცია და ომის გარდაუვალობა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე რუსეთს ომი დაუწყო და საქართველოს ბრალია ეს, მის სინდისზე იყოს“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.