ბადრი ჯაფარიძე შემოდის ინიციატივით, რომ კოლეგაზე ხელის მოქნევა დასჯადი გახდეს. „ლელოს“ წევრი პარლამენტს სთავაზობს, ადამიანი, რომ აღარ შემოვიდეს ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში, ამ სახის სანქცია შემოიღონ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმის, რაც ხდებოდა ბიუროზე და პარლამენტის დარბაზში.
„გარეთ დაინახეს, რომ მისი კოლეგები თავს დაესხნენ ხატიას, შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო დედის გინებაც. როცა გარეთ ადამიანები ასეთ რამეს ხედავენ, რა თქმა უნდა, იმასვე გააკეთებენ. როგორც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებას, მისი შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი.
მათ შორის, ბიუროს ოთახშიც და პარლამენტის დარბაზშიც, როდესაც ჩვენ არაფერი არ გვითქვამს, როგორ გაიგდო ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა, არც ერთი კოლეგისგან არ მინახავს ამის შეფასება. კოლეგაზე ხელის მოქნევა იმდაგვარად უნდა იყოს დასჯადი, რომ ის ადამიანი აღარ შემოდიოდეს ბიუროს ოთახში და არც პარლამენტის დარბაზში. გთავაზობთ, ასეთი სანქცია შემოვიღოთ. გარეთ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების, პატიების, შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ მაგალითს აგრესიის, თავდასხმის, შეუწყნარებლობის, განსხვავებული აზრის“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ბადრი ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერ დეუტატს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ და მიმართა, რომ ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად იმსჯელონ და მოამზადონ პროექტი. ჩაერთვება თუ არა კანონპროექტის მუშაობაზე შატალოზე წასული ოპიზიცია, ამ ეტაპზე უცნობია.
„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია, ვინმე წინააღმდეგი იყოს, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობები, მათ შორის ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობებს. ვნახეთ კადრები, როგორ ექცევიან დეპუტატები მანდატურებს. ერთად შეგვიძლია, მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ შიდა განაწესი.
ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები წარმოუდგენლად მიუღებელია. ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ.
„ბიუროს სხდომაზე მე მომისმენია, ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი, ხმამაღალი განცხადებები. ამიტომ, პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც დეპუტატები ერთმანეთზე ძალადობენ და განსაკუთრებით ქალებზე ძალადობენ კაცი დეპუტატები. შეიძლება ვინმეს ეს ფორმა გამოხატვის მოსწონდეს, შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ იმ მომენტში ნონა არავისზე არ ძალადობდა და შეურაცხყოფას არავის არ აყენებდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს ხატია დეკანოიძეს ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა შეურაცხყოფა მიაყენა. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლიდან მეათე წელი გადის, მაგრამ საზოგადოება არ მალავს აგრესიას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედია–საშუალებების მიმართ. თუმცა, რამდენად შეაკავებს საზოგადოებაში არსებულ აგრესიას მხოლოდ კანონპროექტი?
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, კანონპროექტი აგრესიას რაღაცა დონეზე უშველის, თუმცა არა მთლიანად.
„არ არსებობს სამართალში უფლება ვალდებულების გარეშე. მარტო უფლებები გქონდეს და არანაირი პასუხისმგებლობა, ასეთი რამე შეუძლებელია, ეს ვის გაუგია. რასაკვირველია, გეთანხმებით, რომ აგრესია არსებობს საზოგადოებაში და განსაკუთრებით 5–6 ივლისის შემდეგ, მათი ქცევიდან გამომდინარე არის ეს რეაქცია, როდესაც გადავიდნენ ყოველგვარ საზღვარს! მაგალითად, ჟურნალისტიკა აკრედიტაციის გარეშე და ჟურნალისტიკა ჟურნალისტის გარეშე, სად გაგონილა? რით განასხვავებ, მოგზავნილია, ნაცზონდერია თუ მართლა ჟურნალისტია? ბუნებრივია, რეაქცია იქნება.
იგივე ხატია დეკანოიძის მაგალითი ავიღოთ, ენას რომ ძვალი არ აქვს, გასაგებია, მაგრამ მისი ქცევა თავიდან ბოლომდე მიმართულია დესტრუქციაზე, რომ როგორმე იპოვოს რამე მიზეზი იმისა, ქვეყანა თავზე დაიმხოს. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ხალხის რეაქცია ადეკვატურია და ამას ვერ უშველის კანონი, რომ დეპუტატზე ხელის აღმართვა და უცენზურო მიმართვა დასჯადი გახდეს. ეს ისედაც დასჯადია და ამიტომ, გაუგებარია, რას ითხოვს ლელო“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეპყრობილია რევანშით, ვერ ეგუება 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაკარგვას.
„ჩვენი საზოგადოება სულგრძელია, მათ არ ექცევიან ისე, რისი ღირსები არიან. კიდევ ერთხელ, ნუ გამოცდიან ჩვენს მოთმინებას, თორემ ადრე იქნება თუ გვიან, დაემტვრევათ თავ–ყბა. ნუ ცდიან ჩვენს მოთმინებას, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ. თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ 2012 წელს ჩუმად, შეშინებული იყვნენ, განსაკუთრებით ციხის კადრების მერე გასაგები იყო მათი სიჩუმე, ხმას ვერ ამოიღებდნენ იმიტომ, რომ დასჯიდა საზოგადოება. მაგრამ რა მოხდა? - საბოლოო ჯამში, ტოლერანტული აღმოჩნდა საზოგადოება, ქვეყანა. რაც მათ დანაშაული და ბოროტება აქვთ ჩადენილი, იმის პროპორციული პასუხი არ მიუღიათ საზოგადოებისგან. იმის მაგივრად, რომ შეეფერებინათ, მოენანიებინათ, აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე და ეს იწვევს საშინელ გაღიზიანებას. მე არ ვარ შურისმაძიებელი და ბოღმა კაცი, მაგრამ ტელევიზორიში ამათ გამოსვლებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება, ხელი გავარტყა. მათ უნდათ, რომ აგრესიისგან თავი დაიცვან და ამას ემსახურება „ლელოს“ ინიციატივა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.