საქართველო ამაყად ჯერჯერობით მხოლოდ რეიტინგებშია

საქართველო ამაყად ჯერჯერობით მხოლოდ რეიტინგებშია

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა რიგი რეიტინგებისა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო თითქმის ყველა მიმართულებით ფიგურირებს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა ლიდერებს შორისაცაა, უმეტესად კი რეიტინგსიის შუაშია.

ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივის თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში საქართველო 140 ქვეყანას შორის მეორე ადგილს იკავებს.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირებას მხოლოდ ორი დღე სჭირდება. ამ მხრივ საქართველოს მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, სადაც ოფიციალურ დონეზე ბიზნესის დაწყება მხოლოდ ერთ დღეშია შესაძლებელი.

მსოფლიოში ბიზნესის დაწყება ყველაზე რთული სურინამშია, სადაც ეს პროცესი, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაშიც კი გაიწელოს.

ბიზნესის დარეგისტრირებისა და წამოწყების შემდეგ საჭიროა თანამშრომლები, რომლებიც ამ ბიზნესს წარმატებას მოუტანენ. ამ მხრივაც ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებზეა, განსაკუთრებით კი უცხოელი მუშახელის დაქირავების კუთხით (რამდენად ცუდია ეს ადგილობრივებისათვის ეს სხვა საკითხია. ამ თვალსაზრისით პრობლემები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგებით, საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის ზემოხსენებული თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეოთხე-მეხუთე ადგილს ინაწილებს ყატართან ერთად.

ჩვენთან უცხოელი მუშახელის დაქირავებისათვის საჭირო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეგულაციები არსებობს მთელ მსოფლიოში, რაც ადგილობრივ მეწარმეებს უცხოელი თანამშრომლობის სამსახურში აყვანას უიოლებს.

ზემოხსენებული თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საემიროები იკავებს, მეორეზე - სომხეთია, მესამეზე - ალბანეთი.

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის მხრივ კი მართალია საქართველომ 7 პუნქტით გააუმჯობესა მდგომარეობა, მაგრამ 4,10 ქულით ოდენ 66-ე ადგილზეა. 2009 და 2011 წლების რეიტინგში საქართველოს 73-ე ადგილი ეკავა.

რეიტინგი დგება ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიც კონკრეტული ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, ბიზნესგარემო, ასევე ტურისტული ინფრაქსტრუქტურის ხარისხი და კულტურული და ბუნებრივი რესურსების ოდენობაა.

უსაფრთხოების მხრივ, საქართველო 140 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე მოხვდა, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის თვალსაზრისით - 37-ე ადგილზე, საჰაერო ტრანსპორტით - 101-ე ადგილზე, სახმელეთო ტრანსპორტით - 61-ე ადგილზე, ტურიზმის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მხრივ - 82-ე ადგილზე, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში განათლების ხარისხის მიხედვით - 77-ე ადგილზე, კულტურული რესურსების მხრივ - 84-ადგილზე, მოგზაურობისა და ტურიზმის საშუალებების მხრივ - 53-ე ადგილზე.

კიდევ უფრო უკან ვართ საწვავის ფასების მიხედვით შედგენილ რეიტინგში. ამ მხრივ საქართველო 140 ქვეყანათა შორის 76-ე ადგილზეა და თუკი ჩვენთან საწვავის ფასების საშუალო ხელფასთან თანაფორდობას შევადარებთ, ვინძლო ღრმა აუტსაიდერებში აღმოვჩნდეთ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საქართველოში ერთი ლიტრი საწვავის (დიზელის) საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 1,13 ამერიკული დოლარის შესატყვისია. არადა, დედამიწაზე საწვავი ყველაზე იაფი ვენესუელაშია - 1 ლიტრი 1,1 ცენტი; მეორე ადგილზე ირანია, სადაც ერთი ლიტრი საწვავი მხოლოდ 1,6 ამერიკული ცენტი ღირს, ხოლო მესამეზე საუდის არაბეთია - 1 ლიტრი საწვავი 6,7 ცენტი.

საწვავის საყიდლად მომხმარებლებს ყველაზე დიდი თანხის გადახდა თურქეთში, ნორვეგიაში, ბრიტანეთსა და ისრაელში უწევთ - 1 ერთ ლიტრზე 1,87 აშშ ცენტი და მეტი.