„თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა“,-ეს არის ამონარიდი იმ განცხადებიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე სესიის დაწყებამდე გაავრცელა, რითიც საპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი ვალდებულებები შეახსენა. საკითხი ეხება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან შექმნილ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა.
31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც თავად „ქართული ოცნებიდან“ და ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ იყვნენ წარმოდგენილი.
საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არაერთხელ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, პლენარულ სხდომას დასწრებოდნენ, ოპოზიციის პროტესტი ამჯერადაც გაგრძელდა და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ქართულმა ოცნებამ“ კი თავის მხრივ, ოპოზიციის პროტესტი სხდომაში არმონაწილეობა დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობად შეაფასა.
„2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია“, - ასეთია საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
„ევროპული სოციალისტების“ დეპუტატი, ფრიდონ ინჯია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო უმნიშვნელო ხარვეზები, რომელიც არჩევნების შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა.
ფრიდონ ინჯია: „არჩევნები არ გაყალბებულა. ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც გააჩნდა საგამომძიებლო კომისიას, არ იძლევა ისეთი დასკვნის საშუალებას, რომელიც დაასკვნის არჩევნების გაყალბებას. მასალებში არსებობს ტექნიკური გადაცდომები, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ არჩევნების შედეგებზე ის გავლენას ვერ მოახდენდა. მასალები მივიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, პროკურატურიდან საიდანაც ვიხელმძღვანელეთ და ეს დასკვნა დავდეთ. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი არმონაწილეობა ჩემთვის ნათელია იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გააჩნდა ფაქტობრივი მასალა, რომლითად დაადასტურებდა არჩევნების გაყალბებას. მათთვის უფრო ადვილი იყო ლაპარაკი, ეს მათთვის იყო უფრო მომგებიანი ვიდრე ის, რომ მტკიცებულებების გარეშე ემტკიცებინათ არჩევნების გაყალბება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია კომისიის მუშაობას უარყოფითად აფასებს:
ხატია დეკანოიძე: „ჩვენ ამ კომისიის მუშაობას ვაფასებთ როგორც სიყალბეს და ფარისევლობას. ამ კომისიის მუშაობაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ თვითონვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ზღვარი არის 43%. შესაბამისად, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნები დარღვევებით არ ჩატარებულა და გაყალბება არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ამას თვითონვე არ ეთანხმებიან ამ შეთანხმებით. ამიტომ, ჩვენ არ ვიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ ექვსი თვის განმავლობაში არჩევნების თემა დღის წესრიგად აქცია, მაგრამ როდესაც ამ საკითხის პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, პროცესს მხოლოდ სამი ოპოზიციონერი ესწრება და „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წარმომადგენელი.
როგორც მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და, რომ არა მმართველი გუნდის დეტალური ანგარიში, მათ შეეძლოთ მეტად დაეზიანებინათ ქვეყანა.
მამუკა მდინარაძე: ისინი დღემდე მონაწილეობას იღებდნენ სხვა პროცესში და ეს პროცესი ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში იყო დღის წესრიგის მთავარი თემა, ქვეყნის დღის წესრიგად გადააქციეს და ვნახეთ, 6-თვიანი ე.წ. პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ, როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ - არც ერთი.
შემკამათებელი არ ყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, ექვსი თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას. ეს არც უტრირებულია და არც შეფასებაა, ფაქტებია. ამ თემით იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამას უნდა გამოეწვია საყოველთაო მღელვარება, რომ არა ჩვენი დეტალური ანგარიში, დეტალური სიმართლე წინასწარ და დღესაც, მათ შეეძლოთ მეტად დაეზიანებინათ ეს ქვეყანა“.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, კომისიამ გადათვალა 20 ყველაზე პრობლემური უბანი და 38 ადამიანისგან მიიღო ახსნა-განმარტება. ხოლო რაც შეეხება, არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, მიქანაძის თქმით, ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე, შეფასება გაკეთებული ჰქონდათ ვარაუდის დონეზე, კონკრეტული მტკიცებულების გარეშე.
გივი მიქანაძე: „საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან დაფიქსირდა პანდემიური და სტრესული გარემოდან გამომდინარე შეცდომები, რიგ შემთხვევაში - დაკისრებული მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ხოლო რიგ შემთხვევაში - კომპეტენციის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილ აღნიშნულ ხარვეზებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები სრულფასოვნად ასახავს ამომრჩველის მიერ გამოხატულ თავისუფალ ნებას“.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ISFED-ის არასწორმა პარალელურმა დათვლამ ექვსი კვირის განმავლობაში პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენა და შელახა ორგანიზაციის იმიჯი. მიქანაძემ მოიყვანა NDI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი და შემაშინებელი გარემო მხოლოდ 8%-ის აზრით იყო, რაც მიქანაძის თქმით, მიუთითებს ასეთი გარემოს არარსებობაზე.
როგორც საბოლოო ანგარიშიდან ირკვევა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით იქმნებოდა მცდარი აღქმა, თითქოს დაფინანსების თვალსაზრისით, მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით ჭარბი უპირატესობით სარგებლობდა.
როგორც კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებით მიღებული თანხის ჯამურმა ოდენობამ ყველა პარტიისთვის 38 607 364 ლარი შეადგინა, საიდანაც მმართველ პარტიას 45% ხვდა წილად, რაც რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება მმართველი პარტიის მიერ 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ მაჩვენებელს.