„სამარცხვინოა ჟურნალისტიკის ქარტია, მას არავითარი კავშირი ეთიკასთან არ აქვს და ნამდვილმა ჟურნალისტებმა უნდა დაგმონ ის, რაც ხდება“

„სამარცხვინოა ჟურნალისტიკის ქარტია, მას არავითარი კავშირი ეთიკასთან არ აქვს და ნამდვილმა ჟურნალისტებმა უნდა დაგმონ ის, რაც ხდება“

„დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება და საბოლოო ჯამში ხელისუფლების დამხობა“, – ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს არის აგრესიული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი, რომელიც განკუთვნილია დასავლეთისთვის და კერძოდ, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოში დასავლური ღირებულებების კულტივაცია.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

მივარდნები სახელმწიფო უწყებებთან, პრემიერთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, დეპუტატებთან; ჯგუფურად შეკრებილი ჟურნალისტების ეს ჯგუფი კითხვის დასმის საშაუალებას არ აძლევენ კოლეგებს, არ აინტერესებთ პასუხი არც მათ მიერ დასმულ კითხვაზე – „რატომ არ არიან დაკავებული მოძალადეები“? ეს მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვაკვირდებით დაკავებების სერიას. ბატონო დავით, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ჟურნალისტიკის ახალი სახეობაა, თუ რა შეიძლება ამას ეწოდოს?

დავით ზარდიაშვილი: ამას ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. საუბრის დასაწყისში თქვენ თვითონაც შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ რეალურად, ყველა ხედავას, რაც არის. ეს არის გარკვეული აგრესიული „სამოქალაქო აქტივი“, რომელთაც სრულად ცხადი პოლიტიკური მიზნები აქვთ.

რა არის მათი პოლიტიკური მიზანი?

– დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება და საბოლოო ჯამში ხელისუფლების დამხობა, რასაც მერე რევოლუციას დაარქმევენ. რა თქმა უნდა, ხალხს ვერ აიყოლიებენ, მაგრამ ეს განკუთვნილია გარე მაყურებლისთვის, ძირითადად დასავლელი მეთვალყურეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს საქართველოში დასავლური ღირებულებების კულტივაცია. ისინი ხედავენ, რომ ეს კასტა, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს, დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთის სიმპათიები არის „ჟურნალისტიკის“ მხარეს და ცხადია, ეს გამოყენებულია პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად ამ პოლიტიკური ექსტრემისტების მიერ.

პოლიტიკურ ექსტრემისტებში ვის გულისხმობთ?

– ცხადია, ნაცებს ვგულისხმობ. ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვონ და ამ გზით, ანუ გადატრიალების იმედად შეცვალონ ხელისუფლება.

პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი გასაგებია, მაგრამ წარმოუდგენელია ჟურნალისტმა დამოუკიდებლად განსაზღვროს ასეთი სარედაქციო პოლიტიკა...

– მაგრამ ისინი ხომ ჟურნალისტები არ არიან?

რასაკვირველია, ეს არ არის ჟურნალისტიკა, მაგრამ ამას გრიგოლია, სანაია, მიშველაძე, გვარამია და ესენი განსაზღვრავენ, თუ ის ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი – მიხეილ სააკაშვილი? 2003 წელს არ იყო ასეთი აგრესიული სააკაშვილი–ჟვანია–ბურჯანაძის მიერ მართული „რუსთავი 2“, ეს კიდევ ახალია და ბევრად აგრესიული...

– გეთანხმებით. 2003 წლის მოვლენებს მხოლოდ გარეგნულად გაქვს. მაშინ იმ მოძრაობას გარკვეული სამოქალაქო მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდა, იმდენად იყო ყელში ამოსული შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი, რომ მან მხარდაჭერა მოიპოვა. ვერ ვიტყოდი, რომ იმ მასშტაბის მხარდაჭერა მოიპოვა, როგორც ეს გააფორმეს, რომ თითქოს ეს იყო საერთო სახალხო რევოლუცია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის საკამოდ მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერდა. რა თქმა უნდა, დღეს ასე არ არის, სერიოზული სოციალური ფენა მათ მხარს არ უჭერს. ესენი არიან ადამიანების საკმაოდ ვიწრო ჯგუფი, რომლებიც შეპყრობილი არიან ჟინით, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ხელისუფლება უნდა შეცვალონ. არჩევნებით ეს არ გამოსდით! გამოდის მხოლოდ გადატრიალების გზით, რომელიც გაფორმდება როგორც სახალხო მღელვარება, ან სახალხო პროტესტის შედეგი. ცდილობენ, რომ ხალხი ჩაანაცვლონ ამ ე.წ. „სამოქალაქო აქტივისტებით“ და გააფორმონ ისე, რომ ეს არის მოსახლეობის დაპირისპირება ხელისუფლებასთან. სინამდვილეში ეს არის ტყუილი. ამ მასშტაბის დაპირისპირება მოსახლეობას ხელისუფლებასთან არ აქვს.

თუმცა, არის მოსახლეობაში ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებას არ ენდობა და სავსებით სამართლიანად...

– ჩვეულებრივ დემოკრატიაში ეს გასაკვირი არ არის. არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ხელისუფლებას და პირიქით. მაგრამ ესენი ცდილობენ შექმნან სურათი, რომ ქვეყანაში არის საერთო სახალხო მღელვარება, თითქოს ხელისუფლების მიმართ არის მძაფრი პროტესტი და ამ გზით ცდილობენ მოიპოვონ საგარეო მხარდაჭერა, ამიტომ ქმნიან პოლიტიკურ კრიზს.

ოპოზიციამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღო და ეს კარგად გამოჩნდა. როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტების ეს წივილ–კივილი მიიღებს საგარეო მხარდაჭერას?

– სამწუხაროდ იღებს. ისინი ცდილობენ, რომ მიიპყრონ დასავლეთის მხარდაჭერა და ამას აკეთებენ. ვნახეთ სენატორის განცხადება.

განცხადება, რომელიც არ ასახავდა რეალობას...

– არა, რეალობებზე არ იყო აგებული, განწყობებზეა აგებული. როგორც ეს გვარამიამ თქვა – მართავენ არა ფაქტები, არამედ აღქმები. ისინი ქმნიან აღქმას, რომ საქართველოში არის დაპირისპირება.

თუნდაც ამ ნაწილში, სად ჩანს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის მუშაობა?

– მუშაობა მიდის რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ სურათი იქმნება, გამუდმებით გადაიცემა ეს დაპირისპირება, მისი ტირაჟირება ხდება.

გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ აქვს მხარდაჭერა, წარმატებით ახერხებს ტყუილის ტირაჟირებას, ხოლო ხელისუფლება, რომელსაც გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს და რაც მთავარია, ჰყავს მხარდამჭერები, რატომ ვერ ახერხებს დასავლეთს რეალური სურათი დაანახოს?

– ისინი ქმნიან ხმაურს. ვთქვათ, რომ თქვენ არ ხართ საქართველოში და პროცესებს უყურებეთ გარედან, ანუ ტელევიზიით და უყურებთ ყველაზე აქტიურად რაც შუქდება. ასეთ შემთხვევაში თქვენ გახდებით იმ სურათის მოწმე, რომ საქართველოში არის მღელვარება. ანუ, ამის გამომწვევი მიზეზი არის ხმაური და იქმნება ყალბი აღქმა. ამიტომ გარედან ჩანს, რომ ხმაური ობიექტურია, რაღაცა საფუძვლები ამას აქვს და ყურადღებას იპყრობს. სხვა არაფერი არ ჩანს, ძირითადი თემა არის ორი საკითხი – ლაშქარავას და მოსამართლეების საქმე. ლაშქარავას ამბავმა გადაფარა ყველაფერი.

ლაშქარავას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ექსპერტი ალეკო გეჯაძე პირდაპირ ამბობს, რომ მიღებული დაზიანება არ გახდებოდა გარდაცვალების მიზეზი...

– ყველამ იცის, რაც მოხდა, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რა იყო გარდაცვალების მიზეზი, მთავარი არის ის აღქმა, რაც ამათ შექმნეს. პირდაპირ ცდილობენ ეს საქმე მიაწერონ ხელისუფლებას, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დანაშაული, მკვლელობა. დაახლოებით იმ მასშტაბის და კიდევ უარესი, რაც სანდრო გირგვლიანი იყო. ამის გაკეთება უნდათ ხმაურით.

რამდენად შეძლებენ ამას?

– საბოლოო ჯამში, ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ ნახეთ, რა ხდება. როდესაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება და ეს გრძელდება 2019 წლის 20–21 ივნისის ამბებიდან მოყოლებული, ისინი უკვე გადავიდნენ ე.წ. რევოლუციის ორგანიზების აქტიურ ფაზაზე, რაც პარლამენტის შტურმით დაიწყო და დღემდე გრძელდება. ახლა ჟურნალისტები ჩართეს, როგორც სამოქალაქო აქტივისტების იმიტაცია. ისინი არ წარმოადგნენ სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობის ფართო ფენების სურვილებს და ინტერესებს არ გამოხატავენ, მაგრამ ქმნიან ამ სურათს. იმიტომ, რომ მათ ხელშია პროპაგანდის საშუალებები. ამ სურათით ცდილობენ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელონ ვითომდა ამ პროტესტის გამოხატვა, რაც გარედან იპყრობს ყურადღებას.

ამავე დროს, ხელისუფლება ხალხში ავტორიტეტს კარგავს. იმიტომ, რომ არ შეუძლია ამისი შეჩერება. მოგივარდებიან, რასაც უნდათ გაკადრებენ, პარლამენტში დებოშს ატეხენ და მერე აქეთ დაგდებენ ბრალს ძალადობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხის თვალში თავის ავტორიტეტს და ძალმოსილებას კარგავს, მისი დისკრედიტირება ხდება. ყველა დასვამს კითხვას – ეს რა ხელისუფლებაა, ამათი გაჩერებაც კი არ შეუძლია? ეს კითხვები ჩნდება და თქვენ კარგად თქვით, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი ითესება, საყოველთაო უნდობლობა ითესება. ერთი მხრივ ამას აკეთებენ, მეორე მხრივ დასავლეთის ყურადღებას იპყრობენ. ვისაც არ ეზარება, ყველა ხელისუფლებას აკრიტიკებს გარეთ, თუ შიგნით. ეს, რასაკვირველია, წამგებიანი მდგომარეობაა. ხელისუფლებამ აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს და პირველ რიგში, უნდა ეცადოს შექმნას ნამდვილი დღი წესრიგი და ეს უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი. ხალხისთვის საინტერესო სხვა რამე უნდა იყოს და არა ის, რასაც ახლა ტელევიზორში აჩვენებენ.

რასაც ვაკვირდებით, ეს ძალიან გავქვს ე.წ. ალისტრახოების მოქმედების სტილს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს შექმნა. მაშინაც, მიკროფონით ხელში დარბოდნენ და სამიზნე იყო მაშინდელი ოპოზიცია. სამწუხაროდ, დღეს, ე.წ. ალისტრახოები სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებული პიარის კუთხით...

– კარგი მაგალითი გაიხსენეთ, რა თქმა უნდა, ანალოგია, მაგრამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ თუ არა, არ ვიცი. ეს ე.წ. ჟურნალისტები, რომლებმაც თითქოსდა „სამოქალაქო აქტივისტების“ როლი მოირგეს, ქმნიან ისეთ სურათს, რომ ხელისუფლებას კონფლიქტი აქვს საკუთარ მოსახლეობასთან და ეს ვერ მოუგვარებია. ეს ნამდვილად არის პრობლემა. მოკლევადიან პერსპექტივაში არაფერი არ არის, არავითარ საშიშროებას არ შექმნის, მაგრამ თუ დიდხანს გაგრძელდა და არ გაჩერდა, რასაკვირველია, საფრთხის შემცველია -ხელისუფლების დისკრედიტირება მოხდება. თავის ძალმოსილებას და ნდობას დაკარგავს, უბარლოდ, გაკოტრდება. ამ პროცესების დიდი ხნის განმავლობაში განვითარება წარმოუდგენელია, ამას წერტილი უნდა დაესვას. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აჩერებს, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვება. ამიტომ, ეს უნდა გააჩერონ.

უნდა გააჩერონ, მაგრამ როგორ?

– რასაკვირველია, ძალადობით, სიტყვის თავისუფლების ჩახშობით, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმით არა, მაგრამ უდავოა, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაციები. ამაზე შეთანხმებულია ყველა, რომ ასეთი სუპერ ლიბერალური და გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს. მას კანონის გათვალისწინებით გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა უნდა. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი, არ დაუპირისპირდეს ამ ხმაურს და გადაფაროს თავისი რეალური საქმეებით. ის უნდა იყოს საინტერესო მოსახლეობისთვის და არა ის, რაც ახლა ხდება.

ჯერჯერობით ხელისუფლება საზოგადოებას ვერ შესთავაზებს უფრო საინტერესო დღის წესრიგს...

– და ეს არის მისი დისკრედიტირების მთავარი წყარო. ეს, სიგიჟე ხომ უნდა გააჩეროს არა?!

ისევ საბოტაჟთან მივდივართ?

– ეს არის პროცესი, რომელიც უკვე გაშვებულია, ეს ტიპური ექსტრემიზმია.

რაც სამართლებრივად დასჯადია...

– რასაკვირველია, დასჯადია. კვალიფიციური ხელისუფლება გამოიძიებს და ბოლომე მიიყვანს 5–6 ივლისის მოვლენებს. პოლიტიკური განცხადებების დონეზე კი არ უნდა გვითხრან, რომ ეს დაპირისპირება იყო პროვოცირებული, არამედ ეს უნდა დადასტურდეს რეალური ფაქტებით, გამოძიებით და საპროცესო მოქმედებებით. ეს მართლაც იყო კარგად ორგანიზებული, რაც მიზნად ისახავდა სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას. იგივე, ეს პრაიდის ღონისძიება, ე.წ. ღირსების მარშის დროს, ჟურნალისტებში, რომლებიც იქ გააგზავნეს, ბევრი იყო პირდაპირი პროვოკატორი. ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ როგორმე გაჩაღებულიყო კონფლიქტი. პირდაპირ ეკითხებოდნენ სასულიერო პირებს – „თქვენ პუტინის აგენტი ხართ?“ ამან გამოიწვია აგრესია ხალხში. დიახ, მათ მიერ იყო პროვოცირებული ეს პროცესები. ამიტომ, გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პროვოკაციისთვის იყო იქ მისული. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ პრაიდის ნაცვლად ჟურნალისტები მივიდოდნენ რუსთაველზე და ისინი მოაწყოდნენ ამ პროვოკაციას. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაცია მათი ორგანიზებულია. ამიტომ, ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ.

პროფესია ჟურნალისტი უკვე აგრესიას აჩენს საზოგადოებაში, ეს რამდენად არის პრობლემა?

– სამწუხაროდ, უკვე ჟურნალისტის პროფესია დისკრედიტირებულია და ეს ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. იმიტომ, რომ ჟურნალისტიკის დაცემა, რასაც თვალყურს ვადევნებთ, რა თქმა უნდა, მადისკრედიტირებელია, შემარცხვენელია და სამარცხვინოს ხდის ამ პროფესიას. ხალხს დანახვა არ უნდა ამ ე.წ. ჟურნალისტების და ეს ვრცელდება არა მარტო ამ ვიწრო წრეზე, არამედ მთლიანად და ეს არის ძალიან ცუდი.

ნამდვილი ჟურნალისტები უნდა გაემიჯონონ და თქვან, რომ ესენი ჟურნალისტები არ არიან! სამარცხვინოა ის ჟურნალისტიკის ქარტია! სამარცხვინოა მათი ქცევა! ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი უნდა გამოვიდეს და თქვა, რომ ეს არის ცრუ ქარტია! ეს არ არის ჟურნალისტების პროფესიული გაერთიანება და არავითარი კავშირი ეთიკასთან არ აქვს! ეს ვიღაცამ უნდა თქვას ხმამაღლა. ნამდვილმა ჟურნალისტებმა უნდა დაგმონ ის, რაც ხდება.

 

Katana თამთა ქარჩავა: - თუნდაც ამ ნაწილში, სად ჩანს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის მუშაობა?
მე: - არსად!.. საგარეოს საქმეთა სამინისტოს და ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს სძინავთ. თუ რამეს მაინც აკეთებენ - სომნაბულურ მდგომარეობაში.
3 წლის უკან