რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და რომელი სტრატეგიული ობიექტები გაასხვისა კახა ბენდუქიძემ

რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და რომელი სტრატეგიული ობიექტები გაასხვისა კახა ბენდუქიძემ

რა მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, რომელი სტრატეგიული ობიექტები გაასხვისა 8 წლის განმავლობაში და რა იდეოლოგიას ატარებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე საკუთარი უმაღლესი სასწავლებლების მეშვეობით - ამ საკითხებზე "ქართული ოცნების" წევრი დავით ფაცაცია გვესაუბრება:

- კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი კარგად ჩანს მისი მოწაფის, ლარისა ბურაკოვას მიერ 2011 წელს გამოცემულ წიგნში "რატომ გამოუვიდა საქართველოს". იქ არის ასეთი პასაჟი: 1992-2005 წლებში რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე არკადი ვოლსკი ეუბნება ბენდუქიძეს: "საჭიროა საქართველოში წასვლა", ბენდუქიძე მიუგებს: "მე სხვა გეგმები მაქვს"... ვოლსკი: "სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა"... ასე რომ, 2004 წლის მარტში ბენდუქიძე საქართველოში ჩამოვიდა სააკაშვილისა და პუტინის გარიგების თანახმად. ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც შემუშავდა 2003 წლის შემოდგომაზე. ბენდუქიძე საქართველოში გამოგზავნეს ეკონომიკური ოკუპაციის, ანუ ინვესტიციის გზით მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩასაგდებად. ბენდუქიძე ჩამოსვლისთანავე ეკონომიკის მინისტრი გახდა და მან, პრაქტიკულად, გა­­ყიდა ყველა სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში იყო. მანვე ჩამოიყვანა თავისი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან ბიზნესმენები და ე.წ. ექსპერტები. ამ ჯგუფსა თუ სექტაში შედიან: დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, მიშა თავხელიძე, ქეთა გაბიანი, თამარ ჩერგოლეიშვილი... ე.წ. რადიკალი ლიბერალების ეს ჯგუფი, ერთი მხრივ, წარმოადგენს "გაპრავების" იდეოლოგიურ მანქანას, შეფარული ე.წ. ღია ეკონო­მიკისა და პროევროპულობის რიტორიკით, სინამდვილეში კი ისინი ე.წ. ლიბერალური პოლიტიკით ამართლებენ მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას რუსეთის სახელმწიფო კომპანიებსა და კორპორაციებზე. მეორე მხრივ, ეს ადამიანები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ლანძღვა-გინებით, შეფარულად მოქმედებდნენ საქართველოს საწინააღმდეგოდ. ანუ ორმაგ დანაშაულს სჩადიოდნენ: 1. სტრატეგიული ობიექტე­ბის გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე; 2. გამომწვევი რიტორიკა, რომელიც ორმაგად ვნებდა ქვეყანას. საუბედუროდ, ეს ყველაფერი ურთიერთშეთანხმებული თამაში იყო და ხელს აძლევდა ორივე მხარეს - ქართულსაც და რუსულსაც. ამ თამაშში კი მთავარი ფიგურა სააკაშვილი იყო. მისი აგრესიული რიტორიკით სარგებლობდნენ რუსეთის გარკვეული წრეები. სააკაშვილი ატყუებდა ევროპასა და ამერიკასაც (როცა სააკაშვილზე ვლაპარა­კობ, ხშირად მომყავს ფინეთის პრეზიდენტის, ურხო კეკონენის მაგალითი: 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც გაიხსნა საბჭოთა საიდუმლო დოკუმენტები, პრაქტიკულად დამტკიცდა მისი 25-წლიანი თანამშრომლობა საბჭოთა სპეცსამსახურებთან). ბენდუქიძის თანამოაზრეა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდშიც რუსეთის მოქალაქე იყო და თავის დროზე საბჭოთა სა­გარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ატომური უსაფრთხოების საკითხებზე. ბენდუქიძის სახელს უკავშირდება რუსული კომპანია "ატომსტროიექსპორტი", რომელიც აშენებს ატომურ სადგურებს რუსეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპაში. ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ირანში აშენებს ბუშერის ატომურ სადგურს და სხვა საიდუმლო ობიექტებს. ასეთ კომპანიას ვერ უხელმძღვანელებდა ადამიანი, რომე­ლიც არ იქნებოდა კა-გე-ბეს მაღალჩინოსანი, რადგან ამ ტიპის ლიცენზია უბრალო გარიგებით არ კეთდება. მეორე სტრატეგიული ობიექტი, რომლის მესაკუთრეც ბენდუქიძე იყო და რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთის შეიარაღებას ქმნიდა, არის "ურალმაშ-იჟორა", ეს კომპანია ასრულებდა თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს და აწარმოებდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკას - რაკეტებს, ტანკებსა და ნავთობპროდუქტს. ცნობისათვის: ტანკები, რომლებიც 2008 წელს შემოვიდა საქართველოში, ამ კომპანიაში იყო დამზადებული. ამასთანავე, კახა ბენდუქიძე იყო პუტინის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი...

- შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, კონკრეტულად რა გაასხვისა ბენდუქიძემ საქართველოში?
- ესენია: "მადნეული", "თბილისის წყალი", "თელასი" და მასთან მიბმული ენერგოსადგურები, აგრეთვე "კვარციტი", "ფეროშენადნობთა ქარხანა", "აზოტი", "ყაზტრანსგაზი", "ელმავალმშენი", საკომუნიკაციო სისტემები და "რაოეესისთვის" გადაცემული სადგურები. ბენდუქიძემ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაყიდა ბათუმისა და ფოთის პორტები, ენ­გურჰესი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის სექტემბერში (აგვისტოს ომის შემდეგ!), გასხვისდა ენგურჰესი რუსულ კომპანია "რაოეესზე" - გაფორმდა საიდუმლო მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "რაოეესს" შორის. ერთი თვეც არ იყო გასული აგვისტოს ომიდან, ოკუპანტს უწოდებდნენ რუსეთს, ომი გამოუცხადეს მას და, ამასთანავე, მიმდინარეობდა კულუარული ვაჭრობა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებით. საბედნიეროდ, ამ ინფორმაციამ გაჟონა აფხაზეთში და სწორედ მათმა წინააღმდეგობამ ჩაშალა ბენდუქიძის გეგმა. ამ ყველაფერს ბენდუქიძე ახორციელებდა გრიგოლ ვაშაძისა და სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მეშვეობით.

- თუ არ ვცდები, "ბილაინიც" ბენდუქიძის ლობირებით შემოვიდა ჩვენს ბაზარზე.
- "ბილაინის" 60 პროცენტი რუსებისაა, 40 პროცენტი - ქართველების. დიახ, ეს კომპანია ქართულ ბაზარზე ბენდუქიძემ შემოიყვანა, პრაქტიკულად ყველა დიდი რუსული კომპანია, რომელიც ამჟამად ჩვენს ბაზარზეა, ბენდუქიძის ლობირებით არის შემოსული. ამაში ცუდი არაფერია, თუ ეს ჯანმრთელი ინვესტიციაა, მაგრამ ბენდუქიძე საქართველოს­თვის მნიშვნელოვან ობიექტებს ჩალის ფასად ჰყიდდა და უზარმაზარ მოგებას იღებდა. ბენდუქიძის ბოლო ინტერესი იყო გაზსადენისა და რკინიგზის გასხვისება, მაგრამ ეს, საბედნიეროდ, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა არ დაუშვეს. მათ 2005 წელს გამოყვეს თანხა და მოხდა გაზსადენის რეაბილიტაცია იმ პირობით, რომ მის გასხვისებაზე ლაპარა­კიც კი არ იქნებოდა 2011 წლის ბოლომდე მაინც. თუმცა იმავე წლის მიწურულს ხელისუფლება კვლავ ფიქრობდა გაზსადენის გასხვისებას, მაგრამ ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და ვეღარ გაბედეს.
ბენდუქიძე არის ავანტიურისტი, რომელიც გამდიდრების მიზნით, მზად იყო, გაეყიდა მთელი ქვეყანა. მისი, ისევე როგორც სააკაშვილის პროდასავლურობა არის ბლეფი, რომელიც, სამწუხაროდ, რაღაც პერიოდში დაიჯერა საზოგადოების, ასევე, მსოფლიოს დიდმა ნაწილმაც.

- ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ბენდუქიძის მინისტრობისას ტოტალურად ნადგურდებოდა სოფლის მეურნეობა და ნეტავ ვის უზრდის კადრებსო...
- ბიძინა ივანიშვილის პირველ განცხადებას - "ერთმილიარდიანი ინვესტიცია სოფლის მეურნეობას" - ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბენდუქიძემ გაუწია და თავისი ე.წ. ლიბერტარიანული თვალსაზრისი გაგვაცნო: ბიზნესში ასეთი ჩარევა არ არის საჭირო და ხალხი თავისით დაიწყებს მის გაძლიერებასო. ბენდუქიძეს ხომ არ ანაღვლებს ხალხის გაჭირვე­ბა, ეს ყველაფერი არა უბრალო ხალხისთვის, არამედ ისევ ელიტასა და მის სამეგობროზე იყო გათვლილი. აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალური კომპლექსია თავისი მეურნეობით, ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში სააკაშვილის დახმარებით, ისევე როგორც მიშას დედამ, გიული ალასანიამ შეისყიდა უმნიშვნელო თანხად ლამის მთელი ტექნიკუ­რი უნივერსიტეტი. აგრარულ უნივერსიტეტში აგრარული სპეციალობები არის, მაგრამ კადრები და სპეციალისტები, პრაქტიკულად, არ არსებობს. ეს უნივერსიტეტი მფლობელის პირად ინტერესებსა და მიზნებზეა მორგებული და ბენდუქიძისთვის იდეოლოგიური მანქანაა. ბენდუქიძის მიზანია თავისი ჯგუფის გადარჩენა და ისევ პოლიტიკურ ავან­გარდში გაყვანა.

ეს უნივერსიტეტი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების (მათგან ბევრი დამნაშავეა) თავშესაფარია, სადაც ისინი ახერხებენ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების მობილიზებას. აღსანიშნავია, რომ ბენდუქიძის უშუალო კურატორობით შეიქმნა ე.წ. ლიბერტარიანული სკოლა, დაფინანსდა ჟურნალი "ტაბულა", ტელევიზია "ტაბულა", ახალი ეკონო­მიკის სკოლა და თავისუფალი უნივერსიტეტი. მათი მიზანია ქვეყნის გარყვნა-განადგურება. ეს ადამიანები არიან ამ ცხრაწლიანი ძალადობისა და პოლიტიკის იდეოლოგები. ისინი ცდილობენ ისეთივე მეთოდით იმუშაონ და აწარმოონ ანტისახელმწიფო და ანტისახელისუფლებო კამპანია, როგორითაც თავის დროზე ხელმძღვანელობდა ბოკერია-რამიშვილის "თავისუფლების ინსტიტუ­ტი". ამ ადამიანების ხელში გაიარა, დაახლოებით, 20-30 მილიარდმა, ისინი ძარცვავდნენ ბიზნესმენებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. ეს თანხები აკუმულირებული აქვთ სხვადასხვა ანგარიშზე, თუმცა, ადრე თუ გვიან, მოუწევთ პასუხისგება. მათ ეს თანხები ჯერ ისევ ხელთ აქვთ და არაფერს დაზოგავენ იმისათვის, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ქართვე­ლი ხალხი არ დაუშვებს.