მელიას პოლიტიკური გამბიტი

მელიას პოლიტიკური გამბიტი

თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე თბილისის მერობის კანდიდატების მთავარი მოთამაშეების ვინაობა ცნობილია. „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის წარდგენის შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობა“ ნიკა მელია წარადგინა. თუმცა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვერ იქნება - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ამ დროისთვის მხოლოდ საკუთარი პარტიისა და „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა და მანდატი აქვს. პარლამენტში მყოფი ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ფორმულა ვერ იქნება, უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მელიას კანდიდატურა არჩევნებში წაგების ტოლფასია.

ოპოზიციის ამ მხარეს სხვადასხვა სტრატეგია აქვთ - პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს პირადად ჩაერთოს საარჩევნო მარათონში, ნაწილი კი მხოლოდ დამკვირვებლის როლში ყოფნას აპირებს. თუმცა ამ ბრძოლაში ასევე დიდი მოლოდნი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას კანდიდატთან დაკავშირებით არსებობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის აჩიკო არველაძის წარდგენას აპირებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, მეორე ტური გარდაუვალი იქნება. ხოლო მთავარი ინტრიგა ის იქნება, მეორე ტურში გადასვლას ვინ შეძლებს? ისინი არ გამორიცხავენ, რომ კალაძესთან ერთად, თუ გახარია არველაძეს დაასახელებს, ფინალში ფეხბურთელების პოლიტიკაში შერკინება ვიხილოთ.

თბილისის მერის პოსტისთვის მელია ბედს კიდევ ერთხელ ცდის. როგორც ჩანს, თანაპარტიელების და ბლოკის წევრების მხარდაჭერასთან ერთად გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

მელიამ საკუთარი თავი თბილისის მერობის კანდიდატად თავად დაასახელა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის კანდიდატად დასახელებას არც მედია, არც კოლეგა პოლიტიკოსები და არც სტუმრები არ დაასწრეს.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს ერთიანი სატელევიზიო სიგნალით მიმართა: „მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება! თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვება“.

მელიას თქმით, თბილისმა თავისი ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და დედაქალაქის მთავარი მამოძრავებელი მისი ახალგაზრდები უნდა გახდნენ.

„აქ ვდგავარ მარტო, რადგან პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ. პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები ვერც სიმართლეს და სამართალს პოულობენ, პომპეზურობის ადგილი არ არის ქვეყანაში, სადაც ადამიანები კოვიდ პანდემიასთან არიან მიტოვებულები. დღეს მთავარი, ჩვენი, ყველას სათქმელია, რომელსაც საქმე მოჰყვება და საბოლოოდ საერთო გამარჯვებით დასრულდება... მახსენდება, როგორი რთული იყო ჩემი გზა დღევანდელ დღემდე... როცა პირველად ვიყარე კენჭი თბილისის მერად, მაშინ არც მე და არც საზოგადოება არ იყო ჯერ მზად, დაემარცხებინა ამხელა ბოროტება... არასდროს შემშინებია ბრძოლის, იმიტომ, რომ ვიცი, მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება... დადგა დრო, ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა“, - ამბობს ნიკა მელია და პირობას დებს, რომ მისი პარტია თბილისში, არსად არც ერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს.

როგორც მელია ამბობს: „ახლა ერთობის, ბრძოლისა და გამარჯვების დრო დადგა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ვიწროპარტიული ინტერესების მიღმა დადგნენ და საზოგადოებას საკუთარი ერთიანობა აჩვენონ“.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია იქნება.

„ეს არის ცვლილებების დრო, ეს არის გამარჯვების დრო“, - ამბობს ელენე ხოშტარია და იმის მიუხედავად, რომ ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, საერთო ბრძოლას აცხადებენ.

„დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე... ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს „ოცნების“ მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი“, - ამბობს ხოშტარია.

თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილ ელენე ხოშტარიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარს ასევე „ევროპული საქართველო“ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ „ევროპული საქართველო“ ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალები, ვალდებული ვართ ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში“, - ამბობს გიგა ბოკერია.

მათ ასევე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ შეუერთდება. პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მერად „ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ ისაუბრა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცე-მერის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ცნობილი ხდება, რომ პარტიას თბილისში 3 ან მეტი მაჟორიტარობის კანდიდატიც ეყოლება და ამ ოლქებში სხვა პარტიებისგან მხარდაჭერას მიიღებენ.

ვინ იქნებიან პარტიის ვიცე-მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც პარტიაში გვითხრეს, ამას პრაიმერისის გზით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები გადაწყვეტენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დღეს ოპოზიციის ფლანგზე არ არის პერსონა, რომელიც კახა კალაძეს თბილისის მერობის არჩევნებზე მოუგებს და მიაჩნია, რომ ნიკა მელია უკვე წაგებულ ბრძოლაში შედის, რაც მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, არაფერს კარგს არ მოუტანს. რაც შეეხება მელიას პოზიციის ცვლილებას, ძაბირაძე ამას იმით ხსნის, რომ პირველ რიგში, ენმ-მა სხვა კანდიდატურა ვერ ნახა და მეორე - მელია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ეს კარგად მაშინ გამოჩნდა, როცა ის ციხიდან გამოსვლისთანავე კიევში წავიდა და სააკაშვილს პარტიაში სიტუაციის დასალაგებლად დახმარება სთხოვა. ამიტომაც იძულებულია, რომ მერობის კანდიდატობას დათანხმდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიიცისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი მეორე ტური იქნება. თუმცა გადავა თუ არა მელია მეორე ტურში, ეს გახარიას კანდიდატზე იქნება დამოკიდებული - ექს-პრემიერი ვის დაასახელებს და ბრძოლა რა სახეს მიიღებს.

„ოპოზიციურ ძალას გამარჯვების მინიმალური შანსი აქვს და მიუხედავად იმისა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიდი ალბათობით, კვლავ „ქართულ ოცნებას“ ექნება ოქტომბრის არჩევნებში უპირატესობის მოპოვების შანსი. კვლევებიდან კარგად ჩანს, მოსწონს თუ არა ვინმეს,  კალაძე უპირობო ლიდერია. ამიტომაც ოპოზიციის მაქსიმუმი მეორე ტური იქნება. აქაც მელია გადავა თუ არა მეორე ტურში, რთული სათქმელია. არაა გამორიცხული, რომ გახარიას მიერ დასახელებული კანდიდატი გადავიდეს. მესამე ადგილზე რომ აუცილებლად გავა, ეს ფაქტია. ნიკა მელიას კალაძე ნამდვილად დაამარცხებს. თუ არჩევნებამდე რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში მოგების მინიმალური შანსი აქვს. ეს თავადაც კარგად იციან, მაგრამ ამას ხმამაღლა ხომ ვერ იტყვიან. მელიას რომ მერობა არ უნდოდა, კარგად ჩანდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, პარტიასაც და მასაც სხვა გზა არ აქვს“ - განაცხადა ძაბირაძემ for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში ბრძოლის ფრონტი რაც უფრო გაიზრდება, მეორე ტურის შანსები მით უფრო მეტი იქნება. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მთავარი ინტრიგაა კალაძესთან ერთად მეორე ტურში ვინ გადავა. ანალიტიკოსის აზრით, ახლა ბევრი რამე გახარიაზეც არის დამოკიდებული - რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მერობის კანდიდატად ვის დაასახელებს. მაშინ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მეორე ტური გარანტირებულია.

„მელიამ და ხოშტარიამ უნდა მოახერხონ და ისეთი საარჩევნო კამპანია აწარმოონ, რომ თამაშგარეთ დარჩენილი კანდიდატების ელექტორატის მოზიდვა შეძლონ. მელიამ ამომრჩეველს თუ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სტიგმილირებული არჩევანი შესთავაზა, მას სხვა ოპოზიციური ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს. მიშას დაბრუნების საფრთხე თუ არ გამოირიცხა, მელია კალაძესთან მარტო დარჩენილი წააგებს. მის მიერ გაკეთებული განცახდება, რომ კოალიციური მმართველობაა საჭირო, სწორია, მაგრამ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ის თუ არ შეიფუთა, ამომრჩეველს ირაციონალური შიში არ გაუქრება. ასევე ოპოზიციისთვის, შესაძლოა, გახარია სტრატეგიულად მეტოქეა, მაგრამ 43% ხელისუფლებამ რომ ვერ აიღოს, ამაში სიტუაციური მოკავშირეა. ხელისუფლებისთვის ახლა ნომერ პირველი პრობლემა არა ნიკა მელია, არამედ გახარიაა. ოპოზიციას თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ხელისუფლებას თავისი. ამიტომ გახარიას ფაქტორმა „ოცნება“ რისკის წინაშე დააყენა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მეორე ტური გარდაუვალი იქნება. ვინ გადავა ამ მეორე ტურში, ეს უკვე რთული სათქმელია. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები ძალიან ბევრი რამის ტესტი იქნება, რომელიც სამომავლოდ პოლიტიკურ სიტუაციასაც შეცვლის“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

Katana .ნიკა მელია: "...მართალი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამარჯვებით სრულდება... დადგა დრო, ეს ყველაფერი სამუდამოდ დასრულდეს ყველასთვის!"
?
რა ყველაფერი უნდა დასრულდეს სამუდამოდ? - ამას დაზუსტება უნდა, თორემ ზოგიერთი არაკეთილმოსურნე იფიქრებს, რომ საუბარია ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველა ხერხით მებრძოლი დესტრუქციული ძალის სამუდამოდ დასრულებაზე!..
*
„ეს არის ცვლილებების დრო, ეს არის გამარჯვების დრო“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
გამარჯვების რა მოგახსენოთ, მაგრამ ცვლილებები გარანტირებული აქვს ქალაქს: მაგისი ამბავი რომ ვიცი, უკვე მომარაგებული ექნება წითელი საღებავი, რომლითაც ელექტორატის ჯავრს თბილისის იერსახეზე იყრის არჩევნების მეორე დღეს...
3 წლის უკან
გრიგორი როდის აქეთ გახდა "შვიშტოკიანი" და "გავრილოვის 20% სათვალიანი" ხოშტარია სხვა გუნდის წარმომადგენელი ?! ეგ "პარტიები" ნაცსექტის დანაყოფებია მხოლოდ !
3 წლის უკან