სპორტსმენების ბრძოლა პოლიტიკურ ტატამზე

სპორტსმენების ბრძოლა პოლიტიკურ ტატამზე

სპორტი და პოლიტიკა ერთად ყოველთვის განსჯის საკითხი იყო, განსაკუთრებით მას შედეგ, რაც ცნობილმა სპორტსმენებმა კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლეს. აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალობას არ კარგავს.

 „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, მაგრამ წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე დაასახელა. ასევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი გორის მეორიბის კანდიდატად, ოლიმპირ ჩემპიონს, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დაასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა დღეს იწყება, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტოკიოს ოლიმპიადაზე არ იმყოფება. ოფიციალურად ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მან კორონავირუსის გამო ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება, თავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ვცადეთ. მთელი დღის განმავლობაში მან for.ge-ს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ, ინფორმაციის გადამოწმება მმართველ გუნდში შევეცადეთ.

როგორც უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გვითხრა, ის კანდიდატების შერჩევაში არ ერევა, ამიტომ უცნობია ხინჩეგაშვილი იქნება თუ არა გორის მერობის კანდიდატი.

„ზოგადად, როდესაც კახა კალაძის წარდგენა მოხდა და ჩვენი ოპონენტების კომენტარები ვნახეთ - ყველა აღიარებს, რომ კახა არის უალტერნატივო კანდიდატი. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ოპოზიციიდან კანდიდატი, რადგან კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რაც მთავარია, თბილისელებისგან რაციონალური გადაწყვეტილებაა, რომ კალაძე იმ საქმეებს გააგრძელებს, რასაც თბილისში ჩაუყარა საფუძველი“, - გვითხრა შალვა პაპუაშვილმა.

For.ge-ს კითხვაზე ეყოლება თუ არა მმართველ გუნდს თვითმმართველობის არჩევნებზე სიაში სპორტსმენები, უმრავლესობის წევრი ასე გვპასუხობს: „ქართულ ოცნებაში“ პროფესიების გამორჩევა არ ხდება. სპორტსმენი იქნება, ჟურნალისტი, იურისტი თუ ეკონომისტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა თანაბარუფლებიანია, ასე რომ, ადამიანი ფასდება მისი ცოდნით, გამოცდილებით, კომპეტენციით, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს“.

„ოცნებას“ არც გიორგი გახარია ჩამორჩა და თბილისის მერობისთვის არჩილ არველაძეს ამზადებს. ამის შესახებ „გადაკვრით“, მაგრამ მაინც „აღიარა“ ექს-პრემიერის გუნდის წევრმა კახა ქემოკლიძემ.

„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით, უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი პიროვნება“, -განაცხადა ქემოკლიძემ.

თუმცა, ამ ინფორმაციას თავად არველაძე უარყოფს.

„ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ“, - განაცხადა არველაძემ.

ინფორმაციას არ ადასტურებს for.ge-თან ექს-პრემიერის კიდევ ერთი თანაგუნდელი გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით კონსულტაციები მიმდინარეობს და განიხილება ყველა კანდიდატი. თუმცა, არც ის უარყო, რომ მათ სიაში შესაძლოა სპორტსმენები იყვნენ.

„არჩილ არველაძესთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც გავრცელდა, მინდა გითხრათ, რომ კახას ნათქვამის არასწორი ინტეპრეტაცია მოხდა. კახას რომელიმე კონკრეტულ პირზე არ უსაუბრია. ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ გაჟღერებას თუ ვის კანდიდატზე მიმდინარეობს მუშაობა. ცხადია, კანდიდატი ყველა რაიონში გვეყოლება, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაჟღერებას არ ვაპირებთ. კანდიდატების ვიანობა თავის დროზე იქნება ცნობილი.

რაც შეეხება სიაში რა პროფესიის ადამიანები გვეყოლება, მინდა გითხრათ, რომ რაიმე ნიშნით კანდიდატების გამოყოფას არ ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და მას უნდა ჰქონდეს მართვის ინტერესი იმ ქალაქის, სადაც კანდიდატი იქნება დასახელებული“, - გვითხრა გიორგი აბაშიშვილმა.

სპორტსმენების პოლიტიკაში ყოფნის პრობლემას ვერ ხედავს ექსპერტი ლადო ბოჟაძე. მისთვის მისაღებია, რომ პოლიტიკაში იყვნენ სპორტსმენებიც, მსახიობებიც და სხვა პროფესიის ადაიანებიც. ამის მაგალითად კი ლადო ბოჟაძეს რონალდ რეიგანი მოჰყავს, რომელიც მსახიობი იყო და შემდეგ შესანიშნავი პრეზიდენტი გახდა.

„კახა კალაძე ვიდრე მერი გახდებოდა, მინისტრი იყო და რაც მთავარია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. კახასთან მიმართებაში ასეთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება დედაქალაქის მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ არ უჭერდეს მხარს, მაგრამ კალაძეს დაუჭირონ მხარი მისი წარსულიდან გამომდინარე და ამაში გასაკვირიც არაფერია. პოლიტიკაში მიღებული ფორმაა, რომ სპორტსმენები, მსახიობები და ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში მოდიან, მაგრამ შემდეგ დრო აჩვენებს ისინი პოლიტიკაში დარჩებიან თუ არა. მაგალითად, რეიგანი პოლიტიკაში მსახიობობიდან წავიდა და ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტი იყო, ასევე შვარცნეგერი, რომელიც გუბერნატორი იყო. პოლიტოლოგია მეცნიერებაა და პოლიტიკაში შეიძლება სპორტსმენებმა გაამართლონ და პოლიტოლოგებმა ვერა. ასე რომ, ეს მიღებული ფორმაა“, - გვითხრა ექსპერტმა.