ოპოზიცია საახალწლო მილიონებს უკვე გამოედევნა

ოპოზიცია საახალწლო მილიონებს უკვე გამოედევნა

ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე ხდება - ხელისუფლება ე.წ.  გრანდიოზულ ღონისძიებებში ასევე გრანდიოზულ თანხას ხარჯავს, ხოლო ოპოზიცია მუდმივად აპროტესტებს საბიუჯეტო სახსრების უაზროდ ფლანგვას.

თუმცა, წელს ერთი ცვლილება მაინც არის. თუკი წინა წლებში ოპოზიციური პარტიები ნაახალწლევს ითხოვდნენ დანახარჯის გაშიფვრას და გამომზეურებას, ახლა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს. რესპუბლიკური პარტია საახალწლო ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას უკვე ითხოვს.

ასეთი წინადადებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა თბილისის მერს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს პირდაპირ პრესკონფერენციიდან მიმართა. საკრებულოს წევრს იმთავითვე ეეჭვება, რომ ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად გაფლანგავს.

“მოვითხოვთ, საზოგადოებას ოფიციალურად მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქალაქის საახალწლო ილუმინაციებით გაფორმების ხარჯების, დაგეგმილი კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების შესახებ”, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თბილისის მერიის ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მართვის შემოწმების შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და მოიწონა. “ჩვენ მზად ვართ კონტროლის პალატასთან ვითანამშრომლოთ და მას ყველა შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

სააახალწლო ღონისძიებებზე თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასე იყო წინა წლებშიც და ასე იქნება ახლაც, მით უმეტეს, რომ წელს გრანდიოზული ღონისძიებების მასშტაბები იზრდება. მაგალითად, საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 3 იანვრამდე გაგრძელდება. და, საერთოდაც, აჭარა ახალი წლის ღამის მოვლენების ეპიცენტრი იქნება

ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება 2011 წლის “შემოსვლა” საქართველოს ბიუჯეტს და რამდენად გემოვნებიანი იქნება შოუ. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ბათუმში ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ევროსტანდარტის სცენას ამონტაჟებენ. ქალაქის ცენტრში, ევროპის მოედანზე, სამსაფეხურიანი სცენა დაიდგმება, მათგან ერთ-ერთი ყინულის იქნება, სადაც ახალი წლის ღამეს ელენე გედევანიშვილი ნომრებს შეასრულებს.

ევროპის მოედანზე სარემონტო სამუშაოები 28 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს, 31 დეკემბერს კი ადგილობრივებსა და ტურისტებს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები, მათ შორის ანდრეა ბოჩელი და ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები უმღერებენ.

საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, იულია ნოვიკოვა, სოფო ნიჟარაძე, ელენე გედევანიშვილი, სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი, ვაჟა მანია, სოფო ხალვაში, აკრობატების შოუ საფრანგეთიდან “ცირკ დე სოლეი.”

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თემურ დიასამიძე არ აკონკრეტებს იმ თანხას, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის დაიხარჯება და უცხოელი მომღერლების ჰონორარისთვის დაიხარჯება. 

პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში საახალწლო ღონისძიებებისთვის ბათუმის საკრებულომ 225 ათასი ლარი გამოიყო. ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტი მილიონ 957 ათასი ლარით გაიზარდა და ამჟამად 179 მილიონ 914 ათას ლარს შეადგენს.