მას შემდეგ, რაც შარლ მიშელმა მოახერხა და პატივცემული ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დიდი ზარზეიმით შეაბრძანა, გარდა იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სიმტკიცეს ბზარი შეეპარა და ერთმანეთის ლანძღვა ეთერ-ეთერ დაიწყეს, ახალი ოპოზიციონერი კანონმდებლები ძალიან მალე მიხვდნენ, რომ „ოცნების“ მახეში კიდევ ერთხელ, ორივე ფეხით აღმოჩნდნენ გაბმული. დოკუმენტით აღებული ვალდებულებები, არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში ფლიგელ-ფლიგელ სიარულს და გულისგამგმინავ განცხადებებს გულისხმობდა, არამედ, თურმე, ქვეყნის მართვაშიც უნდა მიეღოთ მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია, ხელისუფლებაში მოსვლის სანუკვარ ოცნებას 2024 წლამდე უნდა დამშვიდობებოდა. ერთადერთი ხსნა, ლგბტქ თემის მიერ დაანონსებული ე.წ. „ღირსების მარში“ იყო, რაც უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ კარგად გამოიყენა. პროცესები, რაც 5-6 ივლისს, თბილისში განვითარდა, კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გაერთიანებიული ოპოზიცია, ერთ ხმაში ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა მიზანმიმართულად მოაწყო და ტრადიციულად, აქვე რუსული სპეცსამსახურების კვალსაც ხედავს. ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს და ის ბრალდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ძალა არ გამოიყენა ჟურნალისტების დასაცავად, ამაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა. თუმცა, რომ არა ხელისუფლების ეს გადაცდომა, დღეს, ოპოზიცია ისევ ახალი პროვოკაციული იდეების ძიებაში იქნებოდა. ამ ბაქჰანალიაში მთავარ კითხვად რჩება, ვის ინტერესებში შედიოდა და ემუქრება თუ არა ქვეყნის მიერ აღებულ ევროპულ კურსს საფრთხე? იკვეთება თუ არა უცხო სპეცსამსახურების კვალი ამ მოვლენებში? for.ge-სთან ინტერვიუში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამის თქმა რთულია კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულების გარეშე.
ვახტანგ მაისაია: ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ აქ არის სპეცსამსახურების კვალი, რადგანაც ამის დადგენას სჭირდება საკმაოდ სერიოზული დოკუმენტური მტკიცებულებები. შეიძლება ვერსიების დონეზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიყვანო, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, განვაცხადე, რომ არსებობდა სერიოზული საფრთხე, რაც აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა და ქვეყანა გადარჩა საკმაოდ სერიოზულ არეულობას. ასევე, 2016 წელს ვთქვი, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა და მაშინ, ნეოტროცკისტულმა მედიამ დამაბრალა, რომ მე, თურმე ხელს ვუშლი ჩემი განცხადებებით ქვეყნის ევროინტეგრაციას, რადგანაც ჩემს განცხადებას ევროპარლამენტარებმაც მიაქციეს ყურადღება. მედიამ დაარღვია ქარტიის ელემენტარული წესები, მე არ მომცეს საშუალება გამომეხატა ჩემი პოზიცია, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ მე ვიყავი მართალი. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ, რადგანაც ეს საკმაოდ სერიოზული განცხადება იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ახლა აფრიკანიზაციის დონეს გავდივართ, მაგრამ ეს უნდა ითქვას. მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები, არის კორუფცია, ნეპოტიზმი, არსებობს უსუსტესი სახელმწიფო მართვის სისტემა, ასეთი რამ საქართველოში არსდროს ყოფილა. როცა პოლიციელებს საღებავებს ასხამენ, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციელები კი ამ დროს ასეთი უსუსურები არიან. ამ დროს არსებობს „კანონი პოლიციის შესახებ“ და ეს ქმედება, რასაც ეს აგრესიული ჯგუფები მათ მიმართ ახორციელებენ, ეს პირდაპირ არის პოლიციელებზე თავდასხმა. კანონით მკაცრად უნდა გაუსწორდნენ არა მარტო ულტრანაცისტებს, არამედ ე.წ. მემარცხენე აგრესიულ ექსტრემისტებს. ბუნებრივია, ელჯიპიტების თემის წამოწევა ეს იყო დაგეგმილი, ამიტომ აქ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა ჩაერთოს და დაიწყოს გამოძიება. თუ დადგინდა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, მაშინ აქ უნდა ჩაერთოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და შესამამისად იმოქმედონ.
როგორც მე ვაკვირდები 5-6 ივლისის მოვლენებში სუსი არ იყო აქტიურად ჩართული და მე მაინტერესებს, რატომ არ იწყებს გამოკვლევას, რადგანაც ეს იყო სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური ექსტრემიზმი. ასევე, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს იმ დღეების მოვლენებს. და იქ შეიძლება ბევრი რამე გამოიკვეთოს.
პარლამენტში რომელმა კომისიამ, ან ვინ უნდა გამოიძიოს?
- სამწუხაროდ, როგორც მმართველ ძალას ყავს არაკომპეტენტური პარლამენტი, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც არაკომნპეტენტური პარლამენტარები არიან. კორუფციას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროფესიონალიზმი, რამაც წალეკა მთელი ქვეყანა და ეს არის ჩვენთვის მთავარი რისკი. არის სამი დონე, რისკი, მუქარა და საფრთხე. რისკი არის, რაც მიმდინარეობს ლატენტურად და რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო მიმართულებას. მაგალითად, ამ შემთხვევაში რისკი არის კორუფცია, არაპროფესიონალიზმი და ექსპრემიზმი. მუქარა - ეს უკვე არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შებღალვისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები იმდენად არის გამოფიტული, რომ ნამდვილი ჯაშუშიც რომ დაიჭირონ, იმასაც კი ვერ დაედება, ალბათ, საფუძვლიანი ეჭვი. სააკაშვილის დროს ყოველ მეორეს ჯაშუშად რაცხავდნენ პოლიტიკური რეპრესიებისთვის, რამაც გამოფიტა სახელმწიფოებრივი მიმართულება. მითხარით ბოლო დროს რომელი რეალური ჯაშუში დაიჭირეს?
მთავარი ბრალდება არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია და ამ პროვოკაციის აღსაკვეთად არ იმოქმედა შესაბამისად, ანუ არ დაიცვა აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, და მართლაც, ასეთი მასიური თავდასხმა ჟურნალისტებზე მე პირადად არ მახსოვს. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სახელმწიფომ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს, რაც ძალიან ცუდია.
- მე შემთხვევით არ მიხსენებია ტერმინი - ორგანიზებულობა. აქ უკვე წამოვიდა ულტრანაცისტური დაჯგუფებები, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი კარგად ორგანიზებული იატაკქვეშა დაჯგუფებები, გააჩნიათ დაფინანსება. ეს პროპაგანდისტული ტელევიზიები როგორც იქცევიან ყველას კარგად მოგვეხსენება.
გეთანხმებით, რომ ამან წარმოშვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს ძალადობას, იქ იყვნენ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ანალოგიურად დაზარალდნენ, ანუ პირდაპირი აგრესია იყო მედიაზე და არა კონკრეტულად ერთი რომელიმე ტელევიზიის წარმომადგენლებზე, რომელიც ვიღაცებს არ მოსწონთ..
- არ აქვს მნიშვნელობა, პროპაგანდისტია თუ თავისუფალი მედიის წარმომადგენელი, მას გააჩნია სტატუსი, ჰყავს თავისი აუდიტორია და მუშობს ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებაზე, რომელიც შენ ან მოგწონს, ან არა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს თავისი სპეციალიზირებული სტრუქტურა, რომელსაც უნდა ემუშავა პრევენციაზე, დაგეგმვაზე, შედეგების აღმოფხვრასა და ლოკალიზებაზე. ეს ყველაფერი ერთიანი კომპლექსია. ბოლოს და ბოლოს, როდესაც საუბარია პოლიტიკურ ექსტრემიზმზე, ეს უკვე გადადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაში.
ხომ არ არის იმისი საფრთხე, რომ ეს პროცესები მიმართულია ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის შეცვლისკენ?
- როდესაც დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს უკვე არის სერიოზული სიგნალი. ეს იყო ბარბაროსული ქმედება, რომელიც უნდა დასჯილიყო. უკვე ჩნდება ამ მიმართულებით კითხვები, აქ სხვა სპეცსამსახურები არა, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ძალები შეიძლება ყოფილიყვნენ ამ პროცესების მმართველები.
აქ მარტო ევროკავშირის დროშაზე არ უნდა იყოს საუბარი, აქ პრობლემაა კიდევ სახელმწიფო უწყებების შეურაცხყოფასა და უპატივცემულობაზე. როდესაც შენ საღებავს ასხამ შენობას, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და აქ პრობლემა არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელმაც წარმოშვა ასეთი არაადეკვატური, დანაშაულებრივი ქმედებები. როდესაც შენ, პოლიტიკოსი აკეთებ ამას და არავინ გთხოვს პასუხს დანაშაულზე, შენ ამით მაგალითს და ბიძგს აძლევ რიგით ადამიანებს, რომელმაც შეიძლება ისეთი რამ გააკეთონ, რაც უკვე შენ მოგაყენებს ზიანს. ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რაც არ ხდება.
- სწორედ აქედან დავიწყე. სწორედ მაგას ვგულისხმობდი, როდესაც ვილაპარაკე პოლიციელის შეურაცხყოფაზე. ეს რომ ელენე ხოშტარიას ამერიკაში ჩაედინა, არც ერთ პოლიციელს არ მოკითხავდნენ პასუხს თავის ქმედებაზე. ეს არის თავდასხმა, რაზეც პოლიციელს კანონი აძლევს მოქმედების უფლებას.
ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, ფაქტია, რომ მოშლილია სახელმწიფო მართვა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ძალიან მარტივად რომ დავსვათ კითხვა, რა არის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი?
- ეს ძალიან რთული კითხვაა. პირველ რიგში, საჭიროა პროფესიონალიზმის აღდგენა, ეს უნდა გახდეს ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი. თუ მაგალითად, შევარდნაძის დროს იყვნენ საბჭოთა დროინდელი კადრები, ისინი იყვნენ პროფესიონალები და მათ ცოდნას და გამოცდილებას ქვეყანა იყენებდა. სააკაშვილის დროს, იყვნენ არაპროფესიონალები და დოქსოპულოები, მაგრამ მათ გარკვეული ცოდნა მიიღეს ამერიკასა და ევროპაში. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში არის სრული ქაოსი და განუკითხაობა. მასობრივად მოხდა პროფესიონალი კადრების გაყრა სტრუქტურებიდან და შედეგიც სახეზე გვაქვს. ამ ყველაფრის აღდგენა სწორედ პროფესიონალ კადრებს შეუძლია.