დროებითი დამუხრუჭება ღვინის გზაზე

დროებითი დამუხრუჭება ღვინის გზაზე

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფომაციები ვრცელდება. ჩრდილოელთა მთავარი სანიტარი, ერთი მხრივ, აპრილიდან ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობის შესახებ აკეთებს განცხადებას, მეორე მხრივ კი, რუსი ექსპერტების მეორე ვიზიტის გადადებაზე მიუთითებს.

ჯერჯერობით ცნობილია, რომ რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გასატანად გენადი ონიშჩენკოს უწყებაში დოკუმენტაცია ამ დრომდე მხოლოდ ღვინის ორმა კომპანიამ წარადგინა. რუსი ექსპერტების თბილისში ვიზიტის შემდეგ შემოწმების პირველი ეტაპი 36–მა კომპანიამ გაიარა და მათ რეგისტრაციის დაწყება შეეძლოთ.

რუსული მხარის ცნობით, მეორე ეტაპზე შემოწმებისათვის კიდევ 59 კომპანიამ შეიტანა განაცხადი, თუმცა მათ სრულყოფილი მასალები არ წარუდგენიათ. მათივე თქმით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მეორე ეტაპის შემოწმებაში ისეთი კომპანიებიც შეიყვანა, რომლებსაც მიმართვა რუსული მხარისთვის საერთოდ არ წარუდგენიათ. შედეგად რუსული მხარის მეორე ვიზიტი, რომელიც მარტის ბოლოს უნდა შემდგარიყო, სავარაუდოდ, ჩაიშლება.

ამასთან, „როსპოტრებნადზორი” მზადყოფნას გამოხატავს ქართული მხარის მიერ ყველა საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ექსპერტები საქართველოში გამოაგზავნოს. ეს ვიზიტი წესით და რიგით 25 აპრილს უნდა შემდგარიყო და ამით ქართული კომპანიების შემოწმება საბოლოოდ დასრულდებოდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რუსი ექსპერტების მეორე ვიზიტის შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით რუსეთის სანიტარული სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ. სააგენტოს დელეგაციას რუსეთის სანიტარულ სამსახურთან უწყვეტი კონტაქტი აქვს და საქართველოში ექსპერთა მეორე ჯგუფის მიღებისთვის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რაც შეეხება „როსპოტრებნადზორის” განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთში რეგისტრაციისთვის დაშვებული 36 ღვინის საწარმოდან დოკუმენტაცია და პროდუქციის ნიმუშები მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ინფორმაციით, ქართული საწარმოები თავად წყვეტენ, როდის გააგზავნონ დოკუმენტები.

„ეს თავად კომპანიების ვალდებულებაა. ისინი თავად ირჩევენ დროს, როდის გააგზავნიან დოკუმენტაციას და პროდუქციის ნიმუშებს”, - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ექსპერტების მეორე ჯგუფის ვიზიტის შესაძლო გადადების მიზეზად “როსპოტრებნადზორში“ ასახელებენ იმას, რომ ქართულმა მხარემ საწარმოების შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტების არასრული პაკეტი წარადგინა.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლისთვის რუსული ბაზარი შესაძლოა აპრილიდან გაიხსნას. ამის შესახებ რუსული მედია ონიშჩენკოს განცხადების საფუძველზე წერს. ონიშჩენკოს აზრით, თეორიულად ეს უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად, ეს მასზე არაა დამოკიდებული და ამის შესახებ პასუხი მხოლოდ ქართულმა მხარემ შეიძლება გასცეს.

"ორმა კომპანიამ 40-ზე მეტი ღვინის სახეობა წარმოადგინა. ისინი უმსხვილესი მწარმოებლები არიან. მიმდინარეობს პროცედურა. სხვა საქმეა, რომ ის რთულია. თუ წარმოდგენილი ნიმუშები შემოწმებას გაივლიან, მაშინ ისინი რუსეთის ბაზარზე დაიშვებიან", - აღნიშნა ონიშჩენკომ.