ქობულეთის ფიჭვნარი შველას ითხოვს

ქობულეთის ფიჭვნარი შველას ითხოვს

ახალი წლის შემდეგ ქობულეთის ფიჭვნარში მუშაობა არქეოლოგების ნაცვლად ბულდოზერმა შეიძლება გააგრძელოს, თუ ხელისუფლება კეთილ ნებას არ გამოიჩენს, შესაბამის თანხას არ გამოჰყოფს და არ გაახანგრძლივებს იმ ვადას, რაც არქეოლოგიური სამუშაოებისთვისაა აუცილებელი. ამის შესახებ სატელეფონო საუბრისას გვითხრა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ამირან კახიძემ, რომელიც ამავდროულად, საქართველო–ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელია.

 

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორია “თავისუფალ ტურისტულ ზონად“ გამოცხადდა და ამ ადგილას ბულდოზერმა მუშაობა 2 ნოემბერს დაიწყო. იქაური არქეოლოგების გარდა პირველი ხმამაღალი, საპროტესტო განცხადება “რესპუბლიკელებმა“ გააკეთეს.

 

ესაა ჩვენს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული რიგით მეხუთე მასალა, ქობულეთის ფიჭვნარის შესახებ. 4 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით - V–III საუკუნეების  კოლხური და ელინური კულტურის ნაშთებს ბულდოზერით ანადგურებენ!!! 5 ნოემბერს - შეაჩერეთ ბულდოზერი! 9 ნოემბერს - ბარბაროსები ქობულეთის ფიჭვნარის განადგურებას აგრძელებენ; 15 ნოემბერს - არქეოლოგები და ბულდოზერი ერთად თხრიან.

 

ქობულეთის ფიჭვნარში, მიწისქვეშა ძეგლს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უნიკალურად აფასებენ. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. არქეოლოგების განმარტებით, ეს მიწისქვეშა ძეგლი 100 ჰექტარზეა გადაჭიმული და კოლხური კულტურის გენეზისის, საქალაქო ცხოვრების წარმოშობის და ანტიკურ–ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების კვლევისთვის  უმდიდრეს ინფორმაციას იძლევა.

 

მიხეილ სააკაშვილმა მაინცდამაინც იმ ადგილზე გადაწყვიტა სასტუმროების აშენება,  სადაც არის ანტიკური ხანის უზარმაზარი ნაქალაქარი, კოლხური კულტურის ნაშთებით და ელინისტური ეპოქის სამარხებით. ერთი წუთით დავუშვათ, რომ თავიდან მან არაფერი იცოდა, ამ ადგილის მნიშვნელობაზე, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ დღემდე არაფერი იცის, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და ტელესიუჟეტი მომზადდა.

 

13 ნოემბერს, ქობულეთის ფიჭვნარში, ე.წ. თავისუფალ ტურისტულ ზონაში, ანუ იქ, სადაც ბულდოზერის მიერ მიწისქვეშა ძეგლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე განადგურებული იყო, მიხეილ სააკაშვილმა დიდი ზარ–ზეიმით ჩაუყარა საფუძველი 12 სასტუმროს მშენებლობას და იქვე დასძინა, აქ მალე 20 ახალი სასტუმრო აშენდება, ინვესტორებს მიწა უფასოდ გადაეცემა და ყველა მათგანი გადასახადებისგან თავისუფალი იქნებაო.

 

იმ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ისიც გვამცნო, რომ სასტუმროების მშენებლობაზე 1 000 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების და სასტუმროების ამოქმედების შემდეგ, სასტუმროებში 3 000 ადამიანი იმუშავებს. მას არაფერი უთქვამს რა ნიშნით შეირჩა სასტუმროების ასაშენებლად მაინცდამაინც ის ტერიტორია, სადაც უნიკალური არქეოლოგიური ძეგლია.

 

ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი ვერსიის განხილვა შეიძლება - უნიკალურ მიწისქვეშა ძეგლს მიზანმიმართულად ანადგურებენ, ან უკაცრავად ამ სიტყვისთვის და თავისი გადაფურთხებულის ალოკვა არ უნდათ.

 

დიდი ხმაურისა და დავიდარაბის შემდეგ, 10 ნოემბერს ქობულეთის ფიჭვნარში ბულდოზერი გვერდით ჩააჩოჩეს და არქეოლოგებს მუშაობის დაწყების საშუალება მისცეს. ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იქიდან მოყოლებული დღემდე 21 მეცნიერ-თანამშრომელი, 40 მუშასთან ერთად დილის რვიდან საღამოს ხუთამდე შეუსვენებლად მუშაობს.

 

“ღმერთი ჩვენსკენაა, წვიმა არ ყოფილა. ორი ძეგლიდან ერთი, ელინისტური ხანის სამაროვანი მთლიანად გადავარჩინეთ; დღეისთვის 40 სამარხი გავთხარეთ, შესანიშნავი ინვენტარით, ოქროს სამკაულებით, ვერცხლით, მონეტებით...“, - გვითხრა ამირან კახიძემ და უახლესი აღმოჩენებიდან ორი ნიმუში გამოყო - ერთ-ერთ მათგანზე კოლხური წარმართული პანთეონის მთავარი ღვთაებების: მზის დისკოსა და ნახევარმთვარის გამოსახულებაა დაძერწილი. რაც შეეხება მეორე ნიმუშს, ესაა ათლეტის, ანუ სპორტსმენის სამარხში აღმოჩენილი საპრიზო ჭურჭელი, რომელსაც რკინის სტრიგინას (იგივე საფხეკი) ეძახიან.

 

“რაც შეეხება მეორე ძეგლს, ქვიშაზვინულებს, რომელიც არის უნიკალური, მხოლოდამხოლოდ საქართველოს ზღვისპირეთისთვისაა დამახასიათებელი, აღმოვაჩინეთ ჩვენს ერამდე VII-VII საუკუნეების 5 საკურთხეველი და სამსხვერპლო მოედანი. საკურთხეველზე წმინდა ცეცხლს ანთებდნენ, შესაწირი მიჰქონდათ  და სამხვერპლოზე წირავდნენ.

 

ამ უნიკალური ძეგლის ნაწილი ჩვენს მისვლამდე მიწასთან გაასწორეს. ნოემბერში, ნიკა ვაჩეიშვილის გადმორიცხული თანხა სადაცაა ამოიწურება, მხოლოდ შენობის საძირკვლის ადგილის შესწავლას ვასწრებთ. დანარჩენი რა და როგორ იქნება, არ ვიცი. ძეგლს საბოლოოდ ალბათ, ვერ გადავარჩენთ“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამირან კახიძემ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სიტყვიერი პირობა აქვს მიცემული, რომ სამუშაოებს ამ წლის ბოლომდე დაასრულებდა, მაგრამ 10 ნოემბრიდან დაწყებულმა გადაუდებელმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ დეკემბრის ბოლომდე ვერ ესწრება იმ ტერიტორიის შესწავლა, სადაც სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი.

 

ამირან კახიძე არქეოლოგიური მასალის გადასარჩენად  ახალი მეთოდიკის შემუშავებაზე ფიქრობს - “ჩვენი ძალები მიმართული უნდა იყოს ვთქვათ, ტრაქტორი რომ ფენებს მოხსნის, იქ გამოჩენილი მასალის გადარჩენაზე“.

 

უნიკალური ძეგლის იმ ნაწილის გადარჩენა, რომელზეც სასტუმროები უნდა შენდეს, ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს ასე აქვს წარმოდგენილი:

 

“კეთილი ნება უნდა გამოიჩინონ “ზემოდან“ და არა ისეთი, როგორიც დღემდე არის. ნორმალურ ვითარებაში, იქ სადაც მშენებლობაა გათვალისწინებული, წინასწარ ხდება გათავისუფლება და ჩვენ ამ შემთხვევაში ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ისეთი

შემსრულებლები არიან, უკეთესს მონათმფლობელურ საზოგადოებაშიც კი ვერ ინატრებთ. მართლაც გმირობის ტოლფასად გადავარჩინეთ ძეგლის ნაწილი.

 

ჩვენ შესაბამის უწყებას უკვე მივმართეთ წერილობით, რომ მოხდეს მშენებლობის იმგვარად დაგეგმვა, რომ ნაწილობრივ მაინც მოხდეს იქაურობის არქეოლოგიური შესწავლა, რისთვისაც დაფინანსების გამოყოფა აუცილებელია. სხვანაირად არაფერი გამოვა. აჭარის ა/რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი, გია აბულაძე ძალიან დაგვიდგა გვერდზე; ის გამონაკლისთა რიცხვში შეიძლება დავასახელოთ. ვნახოთ რას გაითვალისწინებენ მომავალი წლის ბიუჯეტიდან, ამ არქეოლოგიური სამუშაოებისთვის. ღმერთმა გახარებული შეგვახვედროს ახალ წელს“.

 

ქობულეთის ფიჭვნარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ხელს საკანონმდებლო ხარვეზები უშლის – ქობულეთის ფიჭვნარს ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროების შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არ არის დამტკიცებული “დამტკიცების წესი“.