ერაყისა და ავღანეთის შემდეგ - მალი

ერაყისა და ავღანეთის შემდეგ - მალი

საქართველო მალის სამხედრო მისიაში ჩაერთვება. ქართულმა მხარემ მალის მისიაში ჩართვის შესახებ შეთავაზება ევროკავშირისგან დეკემბერში მიიღო, რაზეც ახალი მთავრობა პოლიტიკურ თანხმობას აცხადებს.

როგორც for.ge-ს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განუცხადა, საუბარია, რომ ქართველი სამხედროები ამ ოპერაციის საშტაბო სწავლებებსა და საიჟინრო სფეროში ჩაერთონ და არა საბრძოლო მოქმედებებში.

მინისტრის ინფორმაციით, ზუსტდება დეტალები - საქართველო რა სახით ჩაერთვება მალის მისიაში.

„ევროკავშირისგან შეთავაზება დეკემბერში მივიღეთ, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამსახურთან უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რაც გულისხმობს თანამონაწილეობას - დაგეგმარებასა და ოპერაციების წარმოებაში. ჩვენი პოლიტიკური ნება ევროკავშირს დავუდასტურეთ და საკითხზე - მალის მისიაში კონკრეტულად რა ფორმით ურჩვენიათ საქართველოს თანამონაწილეობა, მათ მოლაპარაკების დაწყება შევთავაზეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ საუბარი არ არის საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი ჩართვის თაობაზე, არამედ საუბარია საშტაბო სწავლებებსა და საიჟინრო შესაძლებლობებში ჩართვის სახით თანამშრომლობაზე“, - აცხადებს მინისტრი.

მალის მისიაში ქართული მხარის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას, კანონმდებლები დადებითად აფასებენ.

როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საუბარი არ არის მალში საბრძოლო ქვედანაყოფის გაგზავნაზე, არამედ საუბარია სპეციალისტების მივლენაზე.

„მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირის საშვიდობო ოპერაციებსა და მისიებში თანამონაწილეობა მხოლოდ მისასალმებელია. მეორე მხრივ, მისიაში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობა პატივისცემის დემონსტრირებაა. ამ პროცესიდან ჩვენი სპეციალისტები კი, დამატებით გამოცდილებას მიიღებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც მიესალმება.

როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მათ არაფერი აქვთ.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მისასალმებელია, მათ შორის ამ მისიაში ჩართვაც“, - დასძენს დეპუტატი.

რაც შეეხება სამხედრო ექსპერტების შეფასებას - საქართველო უნდა ჩართოს თუ არა მალის მისიაში, გიორგი თავდგირიძე თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს და ამბობს, რომ მისიებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მისიაში აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, მაგრამ ვითვალისწინებ რა, წარსულის გამოცდილებას, გეტყვით, რომ სამხედროებს ძალიან სერიოზული მომზადება და გადამზადება სჭირდებათ, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობის დაღუპულები და დაჭრილები გყავს. ეს კი, მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მათ სათანადო მომზადება არ ჰქონდათ გავლილი. ქართველი მხარისთვის მალის მისიაში მონაწილეობა მნიშვნელოვია და მშვიდობის მისიაში წვილი აუცილებალდ უნდა შევიტანოთ. მითუმეტეს, როცა გამოცდილება გვაქვს. ამასთანავე, ეს არის სამხედროებისთვის ცოდნის გაღრმავების საშუალებაც“, - განუცხადა for.ge-ს თავდგირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთაფრიკული ქვეყანა მალი, 15-მილიონიანი მოსახლეობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. 2012 წლის იანვარში, ჩრდილოეთ მალიში ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. აპრილში აჯანყებულებმა მალისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და რეგიონი აზავადი შექმნეს. აჯანყებულები ისლამისტი დაჯგუფებების მიერ იყვნენ მართული და მათ გასანეიტრალებლად 2013 წლის იანვარში საფრანგეთმა მალიში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც ეფუძნება გაეროს უშიშროების საბჭოს 2012 წლის რეზოლუციას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მალის საერთაშორისო მისიაში ევროკავშირის 16 ქვეყანა და ნორვეგია მონაწილეობს.