თბილისი 5 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუკი აქამდე პარლამენტის წინ მიტინგებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მართავდა, დღეს საპროტესტო აქციის ტრიბუნა ჟურნალისტთა ნაწილმა დაიკავა. ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვენ.
აქამდე თუ საპროტესტოდ გამოსულ ჟურნალისტებს შსს-ს მინისტრისგან აინტერესებდათ კითხვებზე პასუხის მოსმენა - თუ რამ გამოიწვია კოლეგის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, გუშინ მათ პასუხების მოსმენა აღარ ისურვეს. ვახტანგ გომელაური, რომელიც პარლამენტში სწორედ აღნიშნული საკითხის ასახსნელად მივიდა, ამის საშუალება არ მისცეს, ამიტომ მისი მოსმენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
For.ge დაინტერესდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას როგორ აფასებს, ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ადარებს თუ არა 5 ივნისის მოვლენებს 17 მაისის მოვლენასთან, რადგან იმ პერიოდში ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო - განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. რას მოიმოქმედებდა დღეს, რომ კვლავ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ამ და სხვა თემებზე, ექს-პრზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრა.
ბატონო გიორგი, თქვენთვის, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის რამდენად მისაღებია ის, რაც გუშინ პარლამენტის სხდომთა დარბაზში მოხდა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა უნდა ყოფილიყო, თუმცა იქ შექმნილი აურზაურის გამო, მოსმენა ჩავარდა?
- სიმართლე გითხრათ, არ მიყურია, პატარ-პატარა მონაკვეთებს მოვკარი თვალი. ვიცი, რომ პარლამენტში რაღაც დაძაბულობა იყო. მე ვერანაირი შეფასებას ვერ მივცემ, რა გითხრათ?!
თუმცა, ეს ყველაფერი 5 ივნისიდან დაიწყო, როდესაც „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, მაგრამ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა „თბილისი პრაიდის“ წევრებს ამის უფლება არ მისცეს, რასაც უკვე მოჰყვა დაპირისპირება და არეულობა, რომელიც დღემდე გრძელდება...
- ძალიან მძიმედ შევაფასებდი. სამწუხაროდ, ეს იყო პროგრომი ორგანიზებული მთავრობის მიერ, რომელმაც ხელი გაუხსნა აგრესიულ ჯგუფებს იმისთვის, რომ მათ ხელისუფლებისთვის არამისაღები ადამიანები დაესაჯათ.
და ეს არამისაღები ადამიანები ჟურნალისტები იყვნენ, თქვენი ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტები სპეციალურად აცემინა?
- არა მარტო ჟურნალისტები, იქ იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც კარვებში იყვნენ.
5 ივნისის მოვლენების შემდეგ, ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ხელისუფლებამ მის გარდაცვალებაზე გამოაქვეყნა ვერსია, რომელსაც ჟურნალისტები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. თქვენი მოსაზრება რა არის?
- ხელისუფლების სწრაფი პასუხების არასდროს მჯეროდა. არც მაშინ მჯეროდა, როდესაც ადამიანები გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ექს-პრემიერი ზურაბ ჟვანია გაზით გაიგუდა. არც ახლა მჯერა, როდესაც სრულიად ორკესტრირებულად გვაჩვენეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილება. ასეთი სწრაფი განცხადებების არ მჯერა - ეს ერთი. მეორე, არ მესმის ასეთი სწრაფი განცხადება რატომ უნდა გააკეთო, თუ თავად არ ხარ ბრალდებული და დამნაშავე? რატომ ცდილობ, ასე სწრაფად შესთავაზო საზოგადოებას სხვა ვერსია?
5 ივნისის მოვლენებმა ყველას 2013 წლის 17 მაისი მოაგონა, მაშინ თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით. რამდენად გავდა თქვენთვის ეს ორი მოვლენა ერთმანეთს? დღეს თქვენ 5 ივნისს გმობთ, მაგრამ 2013 წელს რა რეაქცია გქონდათ?
- როგორ არ მახსოვს 2013 წლის 17 მაისი, მაგრამ ის ყველაფერი ჩვენთვის ახალი იყო. ხელისუფლებაში ახალი მოსულები ვიყავით. ბოლომდე ჯერ კიდევ ყველაფერი ხელისუფლების ხელში არ იყო. იმ დროს, გარკვეულწილად, გამოუცდელობით შეიძლებოდა ამ ყველაფრის ახსნა. თუმცა, ნაცემი ბევრად ნაკლები იყო და ჟურნალისტები ნაცემი საერთოდ არ იყვნენ. პრინციპში, 17 მაისსა და 5 ივნისის მოვლენებს შორის გარკვეული პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ მაინც იმდროინდელი მოვლენა სხვანაირად აიხსნება - მაშინ ხელისუფლებაში სხვა ადამიანები იყვნენ, მე განათლების მინისტრი ვიყავი.
დღეს რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, 5 ივნისს რას მოიმოქმედებდით?
- მე შემიძლია გავიხსენო 2015 წელი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდებოდნენ, წინააღმდეგობას არ გაუწევდა. მთავრობის სხდომა არ იყო დამთავრებული, რომ მე ყველა პოლიტიკური პარტია საკონსულტაციოდ მოვიწვიე და პროცესები შევეცადე ქუჩიდან სახელმწიფო ინსტიტუტებში გადამეტანა. ეს იყო ჩემი გეგმა ადრე და ეს იქნებოდა ახლაც.
როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტთა ნაწილი, რომლებიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, მიაღწევენ საწადელს? თქვენ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გიმუშავიათ დ კარგად იცნობთ, თქვენი აზრით, აიღებს ის პასუხისმგებლობას და გადადგება?
- ვერ გეტყვით ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს თუ არა. ყოველ შემთხვევაში ადამიანმა, რომელმაც პროგრომს ორგანიზება გაუკეთა, რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს. ასევე, თუ წინააღმდეგობას ამ პროგრომს ვერ უწევს, მაშინაც უნდა გადადგეს, ანუ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
5 ივნისიდან მოყოლებული მოვლენები, პარლამენტთან გამართული აქციები საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო ასპარეზზე როგორ იმოქმედებს?
- მოკლედ, ასე გეტყვით - ასეთ ქვეყანას ევროკავშირში კი არა, დსთ-შიც კი არ მიიღებენ.
ამას, ეტყობა, მართლა ჰგონია, რომ საკუთარი ღირსებების გამო აირჩიეს პრეზიდენტად! :))
ეეჰ, ბიძინას რა ვუთხარი, თორემ კარგ კოლმურნეობაში, თავმჯდომარედაც არ აირჩევდნენ ამისთანა კაცს!..